მან დელეგატებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნო. ფორუმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა სხვადასხვა ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ისაუბრა. ის საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოს პორტებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა, კერძოდ, კონტეინერების გადაზიდვამ 2014 წლის პირველ 8 თვეში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 18%-ით მოიმატა.
ფაქტ-მეტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე 2010-2014 წლებში ტრანსპორტის გადაზიდვების შედეგად მიღებული შემოსავლის სტატისტიკური მაჩვენებლებია მოცემული.
გრაფიკი 1:
როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, 2010 წლის შემდეგ საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რიცხვი იზრდება. 2010 წელთან შედარებით, 2011 წლის 10 თვეში 32%-ით მეტი, ხოლო 2012 წლის 10 თვეში კი, წინა წელთან შედარებით, 20%-ით მეტი კონტეინერი გადამუშავდა. 2013 წელს გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კვლავ გაიზარდა, თუმცა, ზრდის ტემპი შემცირდა. 2012 წელთან შედარებით მხოლოდ 11%-ით მეტი კონტეინერის გადაზიდვა მოხდა. 2014 წლის პირველ 10 თვეში, გასული წლის ამავე მონაცემთან შედარებით, კონტეინერების გადაზიდვა საქართველოს პორტებში დაახლოებით 11%-ით გაიზარდა. შესაბამისად, 2011 წლის შემდეგ საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების მოცულობა იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შემცირდა.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით (იხ. გრაფიკი 2), ბოლო 4 წლის განმავლობაში ფოთის პორტის მიერ გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2014 წელს, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 17%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ბათუმის პორტში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობას, ეს მონაცემი გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 19%-ითაა შემცირებული.
გრაფიკი 2:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთებისა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაცაა მოცემული.
გრაფიკი 3:
გასული წლის 10 თვის მონაცემთან შედარებით, 2014 წლის ამავე პერიოდში, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადატვირთული ტვირთების რაოდენობა 5%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის შემდეგ გადამუშავებული ტვირთების ჯამური რაოდენობა მცირდება. აღნიშნული ტენდენცია არც 2014 წელს შეცვლილა. რაც შეეხება გადაყვანილი ადამიანების რაოდენობას, გასულ წელთან შედარებით ეს მონაცემი 3%-ით გაიზარდა.
გრაფიკი 4:
მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა გაზრდილია, საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ საერთო ჯამში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ შემცირდა (იხ გრაფიკი 5).
გრაფიკი 5:
დასკვნა
ვინაიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე 10 თვის მონაცემებია ხელმისაწვდომი და არა 8 თვის, პრემიერის განცხადება სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შევაფასეთ. ირაკლი ღარიბაშვილი მართალია, როდესაც საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობის ზრდაზე საუბრობს, თუმცა 2014 წლის პირველ 10 თვეში გასული წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით, კონტეინერების გადამუშავება 11%-ით და არა 18%-ით გაიზარდა. ამასთან, შემცირდა გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობის ზრდის ტემპიც.
აღსანიშნავია, რომ 2010-დან 2012 წლის ჩათვლით გადაზიდული ტვირთების ჯამური რაოდენობა იზრდებოდა, თუმცა ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს მონაცემები შემცირდა. 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს ეს ციფრი 4%-ით, ხოლო 2014 წლის პირველ ათ თვეში, გასული წლის ამავე მაჩვენებლებთან შედარებით, გადაზიდული ტვირთების ჯამური რაოდენობა თითქმის 3%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობრივი ზრდა სატრანსპორტო სექტორის სრულ ტენდენციებს არ განსაზღვრავს. მასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია გადაზიდული ტვირთების რაოდენობა და გრძელვადიან პერიოდში პროცენტული ზრდის მაჩვენებელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, ქვეყანაში უფრო ნაკლები ტვირთია გადამუშავებული.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.