2014 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, მსოფლიო ბანკის და Unicef-ის მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა. სემინარზე სიღარიბის შემცირების მხრივ არსებული პრობლემები და შესაბამისი სტრატეგიები განიხილეს. მსოფლიო ბანკის და Unicef-ის სემინარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრიც მონაწილეობდა. დავით სერგეენკოს განცხადებით: „ბავშვთა სიღარიბე პრობლემური საკითხია მრავალი ქვეყნისთვის. ბოლო კვლევებით, ევროპის ქვეყნებში გაზრდილია ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი. საქართველოში კი, დინამიკა შეიცვალა და ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა“.

ჩვენ დავინტერესდით ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებული მდგომარეობით და მინისტრის განცხადება გადავამოწმეთ.

საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელზე Unicef-ის ბოლო კვლევაში 2013 წლის მონაცემებია ასახული. 2013 წლის ანგარიში უახლოს მომავალში გამოქვეყნდება, თუმცა კვლევის შედეგებზე საუბარია Unicef-ის პრეს-რელიზებში. ბავშვთა სიღარიბის 2013 წლის მაჩვენებლები, Unicef-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელთან, თინა ბაუმთანაც გადავამოწმეთ.

2013 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა და 27% შეადგინა. თუმცა, ბოლო ორი წლის მანძილზე უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა 9.4%-დან 6%-მდე შემცირდა. საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, 225 000 ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და დღეში 4.5 ლარზე ნაკლებს მოიხმარს, ხოლო 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს და მისი დღიური მოხმარება 2 ლარზე ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ Unicef-ის მხარდაჭერით უკვე შეიმუშავა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია. ამ მეთოდოლოგიაში გათვალისწინებულია Unicef-ის რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ ბავშვზე 10 ლარიან დანამატს მიიღებენ.

Unicef ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელის კვლევას 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. შესაბამისად, 2013 წლის მაჩვენებლები 2011 წელს შევადარეთ. 2011 წელს ბავშვთა სიღარიბის, როგორც უკიდურესი, ასევე ფარდობითი მაჩვენებლები შემცირდა. 2013 წელს კი ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე გაიზარდა, ხოლო უკიდურესი სიღარიბე შემცირდა (იხ.გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები 2009-2013 წლებში (%)

image001

დავით სერგეენკომ თავის განცხადებაში ევროპის ქვეყნებში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება. ჩვენ ეს ინფორმაცია Eurostat-ის მონაცემებზე დაყრდნობით გადავამოწმეთ.

Eurostat-ის ოფიციალური სტატისტიკაასახავს, 0-16 წლამდე ასაკის ბავშვების რა პროცენტია სიღარიბის რისიკს წინაშე. ევროკავშირში და ევროზონაში ბავშვებში სიღარიბის რისკის მაჩვენებელი 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით იზრდებოდა, თუმცა 2013 წელს ეს მაჩვენებელი მცირედით შემცირდა. ანალოგიური სურათია ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის ზრდის ტენდენცია 2013 წლის ჩათვლით შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში სიღარიბის რისკის წინაშე ბავშვთა საკმაოდ მაღალი პროცენტია, მისი შედარება საქართველოსთან არამართებულია, რადგან ფარდობითი სიღარიბე საშუალო მოხმარებით განისაზღვრება. ევროპის ქვეყნებში კი საშუალო მოხმარება გაცილებით მაღალია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში.

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებში
2009 წელი 2010 წელი 2011 წელი 2012 წელი 2013 წელი
ევროკავშირის ქვეყნები 23.3% 23.8% 24.4% 24.8% 24.5%
ევროზონა 21.5% 21.9% 23% 23.4% 23%
ბელგია 20.2% 20.8% 21% 21.6% 20.8%
საფრანგეთი 18.5% 19.2% 19.3% 19.1% 18.1%
ესტონეთი 23.4% 21.7% 23.1% 23.4% 23.5%
საბერძნეთი 27.6% 27.7% 31.0% 34.6% 35.7%
იტალია 24.7% 24.5% 28.2% 29.9% 28.4%
ლატვია 37.9% 38.2% 40.1% 36.2% 35.1%

დასკვნა

Unicef-ის მიერ ჩატარებული ბავშვთა სიღარიბის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვთა სიღარიბე კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.2013 წლის მონაცემებით, ბავშვთა სიღარიბე 25%-დან 27%-მდე გაიზარდა. თუმცა, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობა შემცირდა.

მინისტრმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ ბავშვთა სიღარიბის დინამიკა 2013 წელს შემცირებისკენ შეიცვალა. Unicef ბავშვთა სიღარიბის კვლევას ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. წინა კვლევის თანახმად, 2011 წელს შემცირდა როგორც ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე, ასევე უკიდურესი სიღარიბეც. შესაბამისად, 2013 წელს ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლის დინამიკა არათუ შემცირებისკენ, არამედ ზრდისკენ არის შეცვლილი. ხოლო ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2013 წელსაც გაგრძელდა.

მინისტრმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებში ბავშვთა სიღარიბე იზრდება. ევროკავშირში ბავშვებში სიღარიბის რისკის მაჩვენებელი 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით იზრდებოდა, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი მცირედით შემცირდა. ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვთა სიღარიბე მართლაც გაზრდილია, თუმცა მათ უმრავლესობაში სიღარიბის რისკის წინაშე მყოფი ბავშვების რაოდენობა მცირდება. ამასთან, ევროპის ქვეყნების სიღარიბის მაჩვენებლის საქართველოსთან შედარება არარელევანტურია, რადგანაც ევროპის ქვეყნებში საშუალო მოხმარება გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვენს ქვეყნაში.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით სერგეენკოს განცხადება: „საქართველოში დინამიკა შეიცვალა და ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა,“ არის მეტწილად მცდარი.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი