2014

წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში – „რეაქცია,“ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოს ბიუჯეტი მათზე მუშაობს: „სოფლის მეურნეობის განვითარების გრანტი, 7 მილიონი დოლარი, უპროცენტო შეღავათიანი კრედიტი მისცეს არა მანდარინის მომყვან ფერმერს გურიაში, ან ვაშლის მომყვანს ქართლში, ანდა ყურძნის მომყვანს კახეთში, არამედ, არც მეტი არც ნაკლები, გოგია თოფაძეს, რაც მან ხოხბების მეურნეობაში ჩააბანდა“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა  და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

ჩვენ დავუკავშირდით ლეიბორისტული პარტიის პრესსამსახურს და განცხადების დაზუსტება ვთხოვეთ. მათი ინფორმაციით, ეს თანხა სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში, ფერმერებისთვის განკუთვნილი შეღავათიანი კრედიტი იყო, თუმცა კრედიტის გაცემის ზუსტი დრო ვერ დაგვისახელეს.

„სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ ფონდის გამგეობის მიერ, 2013 წლის 26 თებერვალს, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი დამტკიცდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტიპის სახელმწიფო პროექტი წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, შალვა ნათელაშვილის განცხადების მიხედვით, გოგი თოფაძეს კრედიტი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში უნდა  მიეღო. შესაბამისად, ჩვენ შევეცადეთ გადაგვემოწმებინა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში სახოხბე მეურნეობის დასაფინანსებლად  კრედიტი გაიცა, თუ არა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი ახალი საწარმოების დაფინანსებას და უკვე არსებული საწარმოების გადაიარაღებას ან განახლებას გულისხმობს. ახალი საწარმოების დაფინანსება პროექტის მე-3 კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება. ამ კომპონენტის ფარგლებში გაცემული კრედიტის მაქსიმალური თანხა 600 000 დოლარია. კრედიტი 3%-იანია და მაქსიმუმ 7 წლის ვადით გაიცემა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დაფინანსებული 74 ახალი საწარმოს სია.

ამ ჩამონათვალში ხოხბების მეურნეობა არ ფიგურირებს. დღეის მონაცემით, ამ პროექტის ფარგლებში სულ 90 ახალი საწარმოა დაფინანსებული.

ჩვენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვთხოვეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია, არის თუ არა ამ 90 საწარმოს შორის სახოხბე მეურნეობა. სააგენტოდანაც დაგვიდასტურეს, რომ კრედიტი სახოხბე მეურნეობის დასაფინანსებლად გაცემული არ არის. ამ პროექტის ფარგლებში ზემოთაღნიშნული კრედიტი გაცემული რომც ყოფილიყო, მისი რაოდენობა 7 მილიონი ლარი ვერ იქნებოდა, რადგან პროექტის მე-3 კომპონენტის ფარგლებში გასაცემი კრედიტის მაქსიმალური თანხა 600 000 დოლარია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ფაქტ-მეტრმა ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „ღია კარის დღე“

მოიძია, სადაც ჟურნალისტი გოგი თოფაძესთან არის სტუმრად. გადაცემაში გოგი თოფაძე საკუთარ ბიზნესსაქმიანობაზე საუბრობდა. მან ჟურნალისტებს თავისი სამონადირეო მეურნეობა – „იორის ჭალებიც“ დაათვალიერებინა. თოფაძის სამონადირეო მეურნეობა საკმაოდ დიდი კომპლექსია, სადაც სასტუმრო, სახოხბე მეურნეობა, საფუტკრე და სათევზაო გუბურებიც შედის. თოფაძე, გადაცემაში, სახოხბე მეურნეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ წელიწადში დაახლოებით 4000 ფრთა ხოხობს ამრავლებენ.

ჩვენ აღნიშნული საწარმო საჯარო რეესტრში მოვიძიეთ. რეესტრში შპს „იორის ჭალები“ 2004

წლის 2 აპრილს არის რეგისტრირებული, შპს-ს მეწილეები არიან: გიორგი თოფაძე-17%, გიორგი ასათიანი-25%, მიხეილ ვაშაკაშვილი-12%, გიორგი თოფაძე-17%, ირაკლი თოფაძე-17% და ნიკოლოზ სონღულაშვილი-12%.

შალვა ნათელაშვილის განცხადების გადამოწმებისას ჩვენ ინტრენეტგამოცემა commersant.ge-ზე,

 დეპუტატ გოგი თოფაძის შესახებ გამოქვეყნებული მასალაც მოვიძიეთ. ამ სტატიის მიხედვით, პარლამენტარი გოგი თოფაძე ახალ საწარმოთა კომპლექსის შექმნას წლის ბოლომდე ან გაზაფხულისთვის აპირებს. საწარმოთა კომპლექსში ზეთის, საპნის და რძის გადამამუშავებელი საწარმოები შევა და მისი განცხადებით, საწარმოები კახეთში და ქართლში გაიხსნება და მათში ძალიან ბევრი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. თოფაძის თქმით, იგი სახელმწიფოსგან კრედიტის აღებას მართლაც აპირებს. კრედიტის აღება პროექტის – „აწარმოე საქართველოში,“ ან „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში მოხდება. დეპუტატის განცხადებით, უკვე დამუშავებულია ბიზნესგეგმაც და მარტო ზეთის საწარმოს ღირებულება 7-8 მილიონი იქნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონის – „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ,“

მე-8 მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრის სტატუსთან დაუშვებელია სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება, მაგრამ სამეწარმეო საქმიანობასთან პარლამენტის წევრის სტატუსის შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას. ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას. აქედან გამომდინარე, პარლამენტარ გოგი თოფაძეს კანონმდებლობა რაიმე ტიპის ქონების, ან რაიმე ქონებაში წილის ფლობას არ უკრძალავს, თუმცა სამეწარმეო საქმიანობის ხელმძღვანელობა კანონმდებლობით ეკრძალება. როდესაც პარლამენტარი მომავალ ბიზნესგეგმებზე საუბრობს, ეს აშკარად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი, არაფორმალურად, სამეწარმეო საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული.

დასკვნა ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გოგი თოფაძეს მართლაც აქვს სახოხბე მეურნეობა, რომელიც მის სამონადირეო კომპლექს „იორის ჭალებში“ შედის, მაგრამ ეს მეურნეობა 2004 წლის 2 აპრილს არის რეგისტრირებული, ხოლო „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი 2013 წლის მარტში ამოქმედდა. ამ პროექტის მესამე კომპონენტის ფარგლებში, რაც ახალი საწარმოს დაფინანსებას და არსებულის გადაიარაღებას გულისხმობს, გასაცემი კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 600 000 დოლარია (შესაბამისად, თოფაძის საწარმო 7 მლნ. ლარს ვერანაირად ვერ მიიღებდა). აქედან გამომდინარე, ასევე ფაქტ–მეტრის მიერ გადამოწმებული მონაცემებით, ეს მეურნეობა ამ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დაფინანსებული არ არის. შალვა ნათელაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას არც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოშიც ადასტურებენ.

თუმცა, გოგი თოფაძე, სამომავლოდ, სახელმწიფო პროექტების ფარგლებში გაცემული კრედიტით, საწარმოების შექმნას მართლაც გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობდა შალვა ნათელაშვილი თავის განცხადებაში, თუმცა მან მოვლენებს გაუსწრო.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის სტატუსთან დაუშვებელია სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება. ფორმალურად, გოგი თოფაძე მსგავს საქმიანობას არ ახორციელებს, თუმცა მისი ინტერვიუდან რჩება შთაბეჭდილება, რომ პრაქტიკულად, იგი ბიზნეს საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული.

მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ შალვა ნათელაშვილის განცხადება: „სოფლის მეურნეობის განვითარების გრანტი, 7 მილიონი დოლარი, უპროცენტო შეღავათიანი კრედიტი მისცეს გოგია თოფაძეს, რაც მან ხოხბების მეურნეობაში ჩააბანდა,“ არის მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია