ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და აგროდაზღვევის პროექტს გაეცნო.
2014 წლის პირველი სექტემბრიდან აგროდაზღვევის პროექტიამოქმედდა. ეს არის საპილოტე პროგრამა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანი სოფლის მეურნეობაში დაზღვევის სისტემის აქტიურად გამოყენებაა. პროექტის კოორდინატორი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოა.
მთავრობის #1462 განკარგულებამაგროდაზღვევის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები და ბიუჯეტი განსაზღვრა. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარია. აგროდაზღვევის პირობები შემდეგნაირია: სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 70%-დან 90%-მდე, ზოგიერთ შემთხვევაში კი 95%-მდე, სახელმწიფო გადაიხდის, ხოლო ფერმერებს, მომხმარებელს, ან დამზღვევს ექნება შესაძლებლობა 0.5%-დან, გარკვეული შკალების მიხედვით, დაზღვევის პროცენტი გადაიხადოს. პაკეტის ღირებულების სუბსიდირებისას, სახელმწიფო, ფიზიკური პირის შემთხვევაში, მაქსიმუმ 30 000 ლარს აანაზღაურებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში კი - 50 000 ლარს. პროექტის ფარგლებში ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დაზღვევა მოხდება. დაზღვევა შეეხება ისეთი სტიქიებისგან დაცვას, როგორიცაა სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. პროექტის ფარგლებში მხოლოდ ისეთ ნაკვეთებს დააზღვევენ, რომლებზეც საკადასტრო კოდი და/ან აზომვითი ნახაზი და/ან GPS კოორდინატია წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ დაზღვევა არ შეეხება გვალვით მიყენებულ ზიანს.
აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიცენზირებულმა სადაზღვევო კომპანიებმა გამოთქვეს. პირველ სექტემბერს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებს: „ჯიპიაი ჰოლდინგს,“ „ალდაგს,“ „აისი ჯგუფს,“ „ირაოს“ და „ქართუს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.სადაზღვევო კომპანიები ვალდებულებას იღებენ, რომ პროექტში მონაწილე ფერმერებს აგროდაზღვევის ხელშეკრულება გაუფორმონ. დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის ნაწილი სადაზღვევო პოლისის გაცემისთანავე გადაიხადოს. სადაზღვევო პრემიის დარჩენილი ნაწილის გადახდას სააგენტო უზრუნველყოფს.
აგროდაზღვევის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ფაქტ-მეტრმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სთხოვა. მათ მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, 17 ნოემბრისთვის, ჯამში 15 423 ჰა მიწის ნაკვეთია დაზღვეული, დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობა კი 16 500-მდეა. სადაზღვევო ლიმიტი 150 მილიონამდე ლარს შეადგენს, ანუ 150 მილიონ ლარზე მეტი რისკია დაზღვეული. სააგენტოს ინფორმაციით, ფერმერებმა მოსავლის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო კომპანიებთან აქტიურად ითანამშრომლეს. საპილოტე პროექტისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სუბსიიდიის თანხა 5 მილიონი ლარი უკვე ათვისებულია. შესაბამისად, პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და სახელმწიფო სუბსიდირების თანხამ უკვე 11 101 329 ლარი შეადგინა. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.
ჩვენ აგროდაზღვევის პროექტის შესახებ კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაციის „სადაზღვევო ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს – გიორგი გიგოლაშვილს ვთხოვეთ. მისი განცხადებით: „არც ერთ ძლიერ სახელმწიფოში აგრორისკების დაზღვევის დარგი სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არ განვითარებულა. სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად ინაწილებს აგრორისკებს. დღეის მდგომარეობით, აგროსექტორში სადაზღვევო ბაზარი თითქმის აუთვისებელია, ამ სეგმენტში სადაზღვევო კომპანიების აქტივობა დაბალია, რადგან კომპანიები მოგებაზე ვერ გადიან. 2013 წლის მონაცემით, ქონების დაზღვევის სეგმენტში აგროდაზღვევაზე დაახლოებით 1% მოდიოდა, ეს ძალიან დაბალი წილია. რამდენად წარმატებული იქნება აგროდაზღვევის პროექტი, ამაზე საუბარი ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, იმის მიხედვით, მეწარმეები და სადაზღვევო კომპანიები ამ პროექტით რა სარგებელს ნახავენ“.
დასკვნა 2014წლის 1 სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი ამოქმედდა. ამ პროექტის ფარგლებში ფერმერებს მოსავლის სტიქიისგან დაზღვევა შეუძლიათ. სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 70%-დან 95%-მდე სუბსიდირებას სახელმწიფო ახდენს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 17 ნოემბრის მონაცემებით, ჯამში 15 423 ჰა მიწის ნაკვეთია დაზღვეული, დაზღვეული ბენეფიციარების რაოდენობა 16 500-მდეა, ხოლო სახელმწიფო სუბსიდიამ 11.101.329 ლარი შეადგინა. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონი ლარი იყო, მაგრამ ფერმერთა მზარდი დაინტერესების გამო პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ნოდარ ხადურის განცხადება: „პირველი ნოემბრის მონაცემით, აგროდაზღვევის პროექტში 15 000-ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული და 150 მილიონ ლარზე მეტი რისკია დაზღვეული,“ არის სიმართლე.