მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა, განაცხადა: „2012 წელს, თქვენი [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] მმართველობის პერიოდში, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით 10 პირის დაკავება მოხდა, აქედან არცერთი კანონიერი ქურდი არ იყო. 2013 წელს 70 პირი დავაკავეთ, ვისაც ქურდულ სამყაროსთან ჰქონდა კავშირი. წელს, 6 თვის მონაცემებით, დაახლოებით 36 ადამიანი არის ამ მუხლით დაკავებული“.
დეპუტატმა აღნიშნული განცხადება ოპოზიციის იმ წარმომადგენლების საპასუხოდ გააკეთა, რომლებმაც ხელისუფლება ქურდული სამყაროს წევრთა მფარველობაში (ქვეყანაში მათი შემოსვლისა და გასვლის ხელშეწყობაში) რამდენჯერმე დაადანაშაულეს.
ფაქტ-მეტრი ირაკლი სესიაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2005 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს 2231 მუხლი დაემატა, რომლის მიხედვითაც, ქურდული სამყაროს წევრობა (2231-1) და კანონიერი ქურდობა (2231-2) დასჯადი გახდა.
აღნიშნული მუხლებით დაკავებულ პირთა სტატისტიკის მისაღებად, ფაქტ-მეტრმა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა. ჩვენ დავინტერესდით, 2005 წლიდან დღემდე, სსკ-ს 2231 მუხლით, სულ რამდენი პირი იქნა დაკავებული და გასამართლებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, I ინსტანციის სასამართლოებში, 2006-2014 წლებში, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის მუხლით განხილული საქმეების (განაჩენის გამოტანით დასრულებული) რაოდენობა ასე გამოიყურება:
წლები | სსკ 2231-1 მუხლი: ქურდული სამყაროს წევრობა | |||||||||
სულ განხილულია განაჩენის გამოტანით | მათ შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე | სულ განხილული საქმეებიდან გამოტანილია | ||||||||
გამამტყუნებელი განაჩენი | გამამართლებელი განაჩენი | |||||||||
საქმე | პირი | საქმე | პირი | საქმე | პირი | საქმე | პირი | |||
2006 | 9 | 16 | 1 | 4 | 9 | 16 | ||||
2007 | 21 | 52 | 1 | 1 | 21 | 52 | ||||
2008 | 6 | 38 | 1 | 20 | 6 | 38 | ||||
2009 | 9 | 22 | 3 | 7 | 9 | 22 | ||||
2010 | 7 | 13 | 2 | 4 | 7 | 13 | ||||
2011 | 11 | 38 | 4 | 11 | 11 | 38 | ||||
2012 | 2 | 5 | 2 | 5 | 2 | 5 | ||||
2013 | 1 | 4 | 1 | 4 | ||||||
2014 წლის 9 თვე | 13 | 52 | 6 | 22 | 11 | 43 | 2 | 9 | ||
წლები | სსკ 2231-2 მუხლი: კანონიერი ქურდობა | |||||
სულ განხილულია განაჩენის გამოტანით | სულ განხილული საქმეებიდან გამოტანილია | |||||
გამამტყუნებელი განაჩენი | გამამართლებელი განაჩენი | |||||
საქმე | პირი | საქმე | პირი | საქმე | პირი | |
2006 | 7 | 7 | 7 | 7 | ||
2007 | 7 | 9 | 7 | 9 | ||
2008 | 4 | 4 | 4 | 4 | ||
2009 | ||||||
2010 | ||||||
2011 | ||||||
2012 | 1 | 2 | 1 | 2 | ||
2013 | 1 | 1 | 1 | 1 | ||
2014 წლის 9 თვე | 1 | 1 | 1 | 1 |
უზენაესი სასამართლოდან მიღებული სტატისტიკით ირკვევა, რომ 2014 წელს (9 თვის მონაცემები) სულ 53 პირის საქმე განიხილეს (37-ით მეტი ვიდრე წინა წელს), მათ შორის, საპროცესო შეთანხმება 22 პირთან დაიდო (2013 წელთან შედარებით 18-ით მეტი, 2012 წელთან შედარებით 17-ით მეტი). გამამტყუნებელი განაჩენი 43 პირის მიმართ იქნა გამოტანილი (2013 წელთან შედარებით 39-ით მეტი, ხოლო 2012 წელთან შედარებით 38-ით მეტი), ხოლო კანონიერი ქურდობისთვის 1 პირი გამტყუნდა (იმდენივე, რამდენიც 2013 წელს და ერთით ნაკლები, ვიდრე 2012 წელს).
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2006-2014 წლების მონაცემებით, იმ პირთა რაოდენობა, რომელთა მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაიწყო, შემდეგნაირია:
სსკ. მუხლი | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 (8 თვე) |
2231-1 | 57 | 60 | 15 | 14 | 38 | 11 | 7 | 68 | 23 |
2231-2 | 30 | 2 | 1 | 1 | 4 | 0 | 4 | 2 | 1 |
დასკვნა
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა, სამინისტრომ 2012 წელს 10 პირი დააკავა. 2013 წელს სულ 70 პირი (60-ით მეტი ვიდრე წინა წელს), ხოლო 2014 წლის 8 თვის მონაცემებით, 24 პირი (12 პირით ნაკლები, ვიდრე დეპუტატმა განაცხადა, თუმცა 2011 და 2012 წლების მონაცემებს აღემატება) დააკავეს.
უზენაესი სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას ამყარებს და გვიჩვენებს, რომ 2013 და 2014 წლებში ქურდული სამყაროს წევრობისთვის უფრო მეტი ადამიანის მიმართ იქნა სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული და უფრო მეტი პირის მიმართ იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი, ვიდრე 2012 წელს.
დეპუტატი არასწორად აღნიშნავს, რომ 2012 წელს კანონიერი ქურდების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ კანონიერი ქურდობისთვის 2012 წელს 4 პირი დააკავეს. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს ზემოხსენებული მუხლებით გასამართლებულთა შედარებით ნაკლები რაოდენობა, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პირველ ნახევარში ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულთა სიმრავლით აიხსნას, რის გამოც, ბოლო წლებში, მასობრივი დაკავებების საჭიროება აღარ იდგა.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობა კანონიერ ქურდებს მფარველობს, ამ ფაქტის მტკიცება, ან უარყოფა, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტ-მეტრის ამოცანას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხის განხილვაში არ შევდივართ და ამ ეტაპზე, მკითხველს მხოლოდ სტატისტიკურ მაჩვენებლებს წარვუდგენთ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი სესიაშვილის განცხადება, არის მეტწილად სიმართლე.