მიმდინარე წლის 14 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა: „2014 წლის პარამეტრებიდან, მე მინდა ყურადღება გავამახვილო ექსპორტის ზრდაზე. ექსპორტი არის გაზრდილი მნიშვნელოვნად. ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი გაზრდილია 23 %-ით. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ამ შემთხვევაში ექსპორტის შემცირება ძირითადად გამოწვეულია ახალი რეგულაციებით, რომელიც ამ ქვეყნებში საქართველოდან ავტომობილების შეტანას შეეხო“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ფინანსთა მინისტრის განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტები გადაამოწმა.
2014 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტის მოცულობამ 2 153 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ როგორი იყო ექსპორტის ზრდის დინამიკა წინა წლების იგივე პერიოდში (იანვარ-სექტემბერი). გასულ წლებში, კერძოდ 2011-2013 წლების 9 თვის მონაცემებით, ექსპორტი გაცილებით მაღალი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე 2014 წლის იმავე პერიოდში.
გრაფიკი 1:
ექსპორტის დინამიკა 2011-2014 წლებში (იანვარ-სექტემბერი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური2014
წელს, პირველ სამ კვარტალში, ექსპორტის 6.7%-იანი ზრდა ძირითადად რუსეთის ხარჯზე მოდის (104%-იანი ზრდა). რუსეთის ბაზრის გარეშე, 2014 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტი მხოლოდ 1.3%-ით გაიზრდებოდა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2014 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა 6.2%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის, როგორც მცირე შიდა ბაზრის მქონე ქვეყნისთვის, ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია. 2014 წლის 9 თვის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ რუსეთის ბაზარზე მოდის. აქ კი, გასათვალისწინებელია რისკი, რომ რუსეთმა ქართულ პროდუქციას პოლიტიკური მოტივაციით თავისი ბაზარი კვლავ დაუკეტოს (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).ფინანსთა მინისტრმა ყურადღება ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდაზეც გაამახვილა. 2014 წლის იანვარ-სექტემბერში, ევროკავშირის ქვეყნებში, ექსპორტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 23%-ით გაიზარდა და 458 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და ჯამში 1 128 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში ევროკავშირში ექსპორტი 28 მილიონი დოლარით შემცირდა.
2014 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, დსთ-ს ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 52%-ს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების წილი 21%-ს შეადგენს. 2013 წლის ანალოგიურ პერიოდშიდსთ-ს ქვეყნები მთლიანი ექსპორტის 56%-ს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნები 18.5%-ს იკავებდნენ. შესაბამისად, მიმდინარე წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მთლიან ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი შემცირდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების წილი გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მთლიანი ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 2.5-ჯერ ჩამოუვარდება დსთ-ს ქვეყნების ექსპორტის მაჩვენებელს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2013 წლის 9 თვის მონაცემებით, აზერბაიჯანში 529 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, 2014 წლის იგივე პერიოდში კი - 426 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი. ნოდარ ხადურის განმარტებით, დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის შემცირება ძირითადად ავტომობილების ექსპორტის შემცირებით იყო გამოწვეული, რაც თავის მხრივ აზერბაიჯანში მიღებულმა ახალმა რეგულაციებმა განაპირობა. საქსტატის მონაცემებით, მართლაც, აზერბაიჯანში ექსპორტის შემცირების ძირითადი მიზეზი ავტომობილების ექსპორტის შემცირება გახდა. ჯამში, 2014 წელს, აზერბაიჯანში ექსპორტმა 103 მლნ აშშ დოლარით იკლო, აქედან 96 მლნ აშშ დოლარი ავტომობილების ექსპორტზე მოდის.
2014წლის 9 თვის მონაცემებით, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 409 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 512 მლნ აშშ დოლარი იყო. ბოლო წლებში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მუდმივად იზრდებოდა, 2014 წლის 9 თვის მონაცემებით კი, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ავტომობილების გასაღების ძირითად ბაზარს აზერბაიჯანი, სომხეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმოადგენენ. ავტომობილების ექსპორტის შემცირების ძირითადი მიზეზი აზერბაიჯანში „ევრო 4-ის“ სტანდარტის შემოღება, ასევე ყაზახეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაა.
2014 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანმა „ევრო 4-ის“ სტანდარტი აამოქმედა, რაც 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს კრძალავს. ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტის შემცირების მიზეზი ევრაზიული კავშირის ერთიანი სატარიფო სისტემაა, რომლის მიხედვითაც ავტომობილის განბაჟების ფასი დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა. 2014 წლის 9 ოქტომბერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე ხელი მოაწერა სომხეთმაც. 2015 წლის 1 იანვარს ის დოკუმენტის რატიფიკაციასაც მოახდენს. აქედან გამომდინარე არსებობს მოლოდინი, რომ ავტომობილების ექსპორტი სომხეთშიც შემცირდება (ჩვენ ამ თემაზე ადრეც გვიმუშავია, იხილეთ ბმული).დასკვნა 2014
წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა, თუმცა ექსპორტის ზრდის ტემპი შემცირდა. ამასთან, ბოლო თვეების მონაცემებით (2014 წლის მესამე კვარტალი) ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.2%-ით შემცირდა. შესაბამისად, ამ ფონზე ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაზე საუბარი არამართებულია.
ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარ-სექტემბერში 6.7 %-იანი ზრდა ძირითადად რუსეთში ექსპორტის ზრდამ განაპირობა. რუსეთის ბაზრის გარეშე, 2014 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტი მხოლოდ 1.3%-ით გაიზრდებოდა. ხოლო, მესამე კვარტალში დაფიქსირებული შემცირება რუსეთის ბაზრის გარეშე კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა.
ფინანსთა მინისტრი მართალია, როცა ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდაზე მიუთითებს. ასევე მართალია, როცა დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის შემცირების მიზეზად ავტომობილების ექსპორტის შემცირებას ასახელებს, რაც აზერბაიჯანში ახალ რეგულაციებს უკავშირდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ მინისტრის პარლამენტში გამოსვლისას უკვე ცნობილი იყო მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის ექსპორტის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ექსპორტის შემცირება დაფიქსირდა. თუმცა, მან აღნიშნულზე ყურადღება არ გაამახვილა და საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანა, თითქოს ექსპორტის მხრივ ქვეყანას მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება არის მეტწილად მცდარი.