შეთავაზებულ მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებაში ახალი არაფერია. ამ დოკუმენტით აფხაზეთის ანექსია არ იწყება, აფხაზეთსა და რუსეთს შორის 80-მდე ხელშეკრულებაა გაფორმებული, ხოლო ანექსია 2008 წელს დაიწყო. ეს დოკუმენტი ანექსიისაკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, ის შინაარსობრივად აქამდე გაფორმებული ხელშეკრულებების მსგავსია და სამართლებრივად ანექსიას არ აკანონებს.
ფაქტ-მეტრი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
2008 წელს საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ რუსეთმა იმავე წლის 26 აგვისტოს ორივე სეპარატისტული ერთეულის დამოუკიდებლობა სცნო. 2008 წლის 17 სექტემბერს აფხაზეთმა და რუსეთმა მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ძალაში იმავე წლის 23 დეკემბერს შევიდა. აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის 80-მდე სამთავრობო და უწყებათშორისი ხელშეკრულებაა გაფორმებული, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მხოლოდ 39 ხელშეკრულების ტექსტია ხელმისაწვდომი.აღსანიშნავია, რომ აქამდე გაფორმებულ ხელშეკრულებებში აფხაზეთის საზღვრისა და ე.წ. "სუვერენიტეტის" დაცვის, ასევე რუსეთ-აფხაზეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირებასა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზეა საუბარი.
2008წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულების ხელმომწერები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობის პრინციპს პატივს სცემენ და საგარეო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანხმდებიან. ასევე, შესაბამისი საფრთხის შემთხვევაში, მზადყოფნას გამოთქვამენ ხელშეკრულების ხელმომწერთა "სუვერენიტეტი" დაიცვან. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით, რუსეთს ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვის მიზნით, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესაბამისი სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ბაზების განლაგების უფლება მიეცა. ასევე, ხელმომწერი სუბიექტები პირადი უსაფრთხოებისა და ამიერკავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი ძალებით კონტროლს საჭიროდ მიიჩნევენ და ამ საკითხზე ცალკე შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობას აცხადებენ. გარდა ამისა, დოკუმენტში აფხაზეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და რუსეთის მიერ ფინანსური დახმარების შესახებაც არის საუბარი.
2009 წლის 30 აპრილს რუსეთმა და სეპარატისტულმა რეჟიმმა აფხაზეთის სახელმწიფოს საზღვრის ერთობლივი ძალებით დაცვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს,ხელშეკრულება 2010 წლის 21 ივნისს შევიდა ძალაში. აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმების მესამე თავის თანახმად, აფხაზური მხარის საზღვრის დაცვის ორგანოების ჩამოყალიბებამდე, ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრის კონტროლი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაევალა. ხელშეკრულებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთზე უფლებამოსილების დროებით დელეგირება მოხდა.
2010 წლის 16 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის კიდევ ერთი საყურადღებო ხელშეკრულება გაფორმდა.საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება 2013 წლის 13 ნოემბერს ძალაში შევიდა. აღნიშნული შეთანხმება მიზნად აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვაჭრობისა და საბაჟო მომსახურების გამარტივებას ისახავდა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მეხუთე თავში სპეციალიზებული საბაჟო სამსახურის შექმნის შესახებაა საუბარი. შესაბამისი სამსახური აფხაზეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე შემავალ ტვირთებსა და სატრანსპორტო საშუალებებს გაუწევდა კონტროლს, ასევე უფლებამოსილი იყო კანონდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიეღო.
2014 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის მიერ აფხაზეთისათვის შეთავაზებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნდა. მიმდინარე წლის ბოლომდე დოკუმენტის ხელმოწერაა დაგეგმილი. მარიონეტულ რეჟიმს ტექსტის განსახილველად და შენიშვნების წარმოსადგენად ორკვირიანი ვადა მიეცა. როგორც აფხაზურ საზოგადოებაში, ასევე ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლების ორგანოებში, დოკუმენტის შინაარსმა მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა გამოიწვია. 2014 წლის 30 ოქტომბერს დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ შეთანხმების აფხაზური პროექტი გამოაქვეყნა.„მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ შეთანხმების ტექსტში გამოყოფილია ის თემატური სფეროები, რომელთა რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ღონისძიებების გზით უნდა განხორციელდეს. კერძოდ: საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი და კანონის უზენაესობა. ასევე, დოკუმენტში საერთო ეკონომიკური და საბაჟო სივრცის შექმნის შესახებაა საუბარი. გარდა ამისა, რუსეთის მიერ ინიცირებულ დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სფეროების რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გეგმა. განსხვავებით 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებისა, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ხელშეკრულებით, აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთთან ჰარმონიზაციის გზით, აფხაზეთის ე.წ. "სუვერენიტეტი" მთელ რიგ სფეროებში მნიშვნელოვნად იზღუდება.
დოკუმენტის მეორე თავი მთლიანად თავდაცვასა და უსაფრთხოებას ეხება. აქამდე დადებული შეთანხმებებისგან განსხვავებით, რუსეთის მიერ ინიცირებული ტექსტით, რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ძალების შექმნა იგეგმება, რომლის მართვაც არასაომარ პერიოდში ერთობლივად განხორციელდება, თუმცა გარდაუვალი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში შტაბს რუსეთის შესაბამისი სამსახურის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი უხელმძღვანელებს. შეთანხმების ამ ფორმულირებით ძალაში შესვლის შემთხვევაში, არაუგვიანეს 3 წლისა, აფხაზეთმა და რუსეთმა გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ფორმირებისა და ფუნქციონირების დოკუმენტი უნდა შექმნან. გარდა ამისა, მერვე მუხლში აფხაზეთის შეიარაღებული ძალების სტანდარტებისა და საკანონმდებლო აქტების რუსეთის ფედერაციის შეარაღებული ძალების სისტემასთან ჰარმონიზაციაზეა საუბარი. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ამ დოკუმენტში გვხვდება, აფხაზეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვაა. რუსეთის მიერ ინიცირებული ტექსტის მიხედვით, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2 წლისა, გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ქართულ-აფხაზურ საზღვარზე განლაგებას, ხოლო რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე მოძრაობის სრულ თავისუფლებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის მეათე მუხლში ორგანიზებულ, თუ სხვა სახის მძიმე დანაშაულთან და ექსტრემიზმის გავრცელების პრევენციისთვის, აფხაზეთის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზეა საუბარი. შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა, ხელმომწერმა მხარეებმა შესაბამისი დოკუმენტი უნდა შექმნან, რომელშიც ცენტრის მდებარეობა, ფორმირების წესი და საქმიანობის სფეროები იქნება გაწერილი. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ, აფხაზეთი რუსი ექსპერტების დახმარებით შინაგან საქმეთა საკოორდინაციო ცენტრის უფლებამოსილებების ეფექტიანად რეალიზაციის უზრუნველსაყოფად შესაბამის ნორმატიულ აქტებს შეიმუშავებენ. აქამდე გაფორმებულ არცერთ შეთანხმებაში აფხაზეთის ტერიტორიაზე საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზე საუბარი არ არის, შესაბამისად რუსეთი იურიდიულ დონეზე აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაცვლებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის აფხაზურ ვერსიაში მხოლოდ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნაზეა საუბარი, რომელიც აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობის ამაღლებისათვის შესაბამის დახმარებას გაუწევს, თუმცა მის ფუნქციებს არ შეითავსებს.
დოკუმენტის რუსული ვერსიის მეოთხე თავის მეთოთხმეტე მუხლში კიდევ ერთ სიახლეს ვხვდებით. კერძოდ, ის ორივე ხელმომწერი მხარის საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებას ითვალისწინებს. საინტერესოა, რომ დოკუმენტის აფხაზურ ვერსიაში მხოლოდ აფხაზების მიერ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებაზეა საუბარი.
რუსეთის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში აფხაზეთის მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევის წესიცაა დარეგულირებული. კერძოდ, რუსული ვერსიის თანახმად, აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც არიან, უფლება ეძლევათ სამხედრო სამსახური აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსულ დანაყოფებში და გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებში გაიარონ. აქამდე გაფორმებულ არცერთ შეთანხმებაში მსგავსი ფორმულირება არ გვხვდება.
გარდა ამისა, დოკუმენტის რუსულ ჩანაწერში საბაჟო სფეროში რუსეთის დომინანტური როლია გამოკვეთილი. კერძოდ, მე–13 თავში რუსეთის ფედერაციის სპეციალურ საბაჟო სამსახურზეა საუბარია, რომელიც რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურიდან იმართება და აფხაზეთის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის პუნქტებს ქმნის.
მნიშვნელოვანი სიახლეებია განათლების პოლიტიკის სფეროშიც. რუსულ ვერსიაში აფხაზური მხარე განათლების სფეროში ამუშავებს მხოლოდ განვითარების ძირითად მიმართულებებს, სტანდარტებს და სხვ. რაც შეეხება საგანმანათლებლო და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს, მათი დამუშავება ერთობლივად, ორივე მხარის მიერ არის გათვალისწინებული. აფხაზური ვარიანტის მიხედვით, ყოველივე ზემოაღნიშნულს რუსეთთან თანამშრომლობით მხოლოდ აფხაზური მხარე ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა 2014 წლის 31 ოქტომბერს ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა, რომელშიც შეთანხმების რუსულ და აფხაზურ ვერსიებს შორის არსებული განსხვავებებია განხილული.დოკუმენტის თანახმად, ვერსიებში მხარეების განსხვავებული მისწრაფებებია ასახული: რუსული მხარის მიზანი „მოკავშირეობის“ საფუძველზე რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ფაქტობრივი ინკორპორაციაა (სიტყვა „ინტეგრაცია“ ხელშეკრულების რუსულ ვერსიას ლაიტმოტივად გასდევს), ხოლო აფხაზური მხარის მიზანია რუსეთის მიერ მისი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თუნდაც სიმბოლური შედეგების შენარჩუნება/განმტკიცება („ინტეგრაციის“ ნაცვლად „სტრატეგიული პარტნიორობის“ პრინციპის დამკვიდრებით).
ასევე, მნიშვნელოვანი განსხვავებებია ორ დოკუმენტში არსებულ თავებს შორის. კერძოდ, აფხაზური მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მართვა არასაომარ დროში როტაციის პრინციპით უნდა განხორციელდეს, ხოლო გარდაუვალი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში გაერთიანებული სამხედრო დანაყოფის უფროსს რუსეთი ნიშნავს, ხოლო მოადგილეს - აფხაზეთი. აფხაზური ვერსიის ხელშეკრულების პროექტის მე-7 მუხლის მეოთხე პუნქტში ასევე ჩამატებულია, რომ გაერთიანებული სამხედრო დანაყოფის მომზადების და მის მიერ ოპერაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას აფხაზეთის და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივად იღებენ. ხელშეკრულების აფხაზური ვერსიის პროექტის მე-7 მუხლის მეოთხე პუნქტში ასევე ჩამატებულია, რომ მყისიერი აგრესიის საფრთხის არსებობა მხარეთა ერთობლივი კონსულტაციების გზით განისაზღვრება, რომელიც შესაძლოა ხელშეკრულების რომელიმე მხარის მოთხოვნით გაიმართოს. აფხაზური დოკუმენტი სამხედრო სამსახურში გაწვევის წესსაც განსხვავებულად არეგულირებს. კერძოდ, აფხაზურ ჩანაწერში დაკონკრეტებულია, რომ მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შეიარაღებულ ძალებში სამსახური, ხოლო რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებზე არაფერია ნათქვამი.
აფხაზურ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საბაჟო პუნქტების შექმნის შესახებ და მხოლოდ ევრაზიულ კავშირთან საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზეა საუბარი.
დოკუმენტის ზოგადი შეფასების სახით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის „ხელისუფლების ორგანოების“ მიერ მომზადებული ხელშეკრულების პროექტი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ მომზადებული ხელშეკრულების პროექტთან მიმართებით, მნიშვნელოვან განსხვავებებს შეიცავს. აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავჯდომარის, ვალერი ბგანბას შეფასებით (მისი თქმით, მის პოზიციას დე-ფაქტო პარლამენტის უმრავლესობა იზიარებს), რუსეთის მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში აფხაზეთის ე.წ. "სუვერენიტეტს" სერიოზული საფრთხე ექმნება. ფაქტ-მეტრს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისათვის შეთავაზებული „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.
განსხვავებით 2008 წლიდან დღემდე გაფორმებული ხელშეკრულებებისა, საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მთელ რიგ საკითხებში აფხაზეთის მანამდე გარანტირებული ფორმალური "სუვერენიტეტიც" კი იზღუდება. განსხვავებით აქამდე გაფორმებული ხელშეკრულებებისა, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ ხელშეკრულებით რუსეთს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკა სამართლებრივ სფეროში გადაჰყავს.
ბუნებრივია, რომ აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოსთვის სამართლებრივი ძალა არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის საქართველოს ხელისუფლებას სერიოზული ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. 2008 წელს რუსეთის მიერ ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკანონოდ აღიარებას საქართველოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი და დიპლომატიური რეაგირება მოჰყვა. შესაბამისად, ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის საფრთხე (რომ აღარაფერი ვთქვათ რეალურ ანაქსიაზე) საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ახალი ნაბიჯებსა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვს. აღსანიშნავია რომ საქართველოს რეფორმების ასოციაციამ ხელისუფლებას ანტი-ანექსიური სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე დაუყოვნებლივ მუშაობის დაწყება შესთავაზა.დასკვნა
პაატა ზაქარეიშვილი მართალია როდესაც ამბობს, რომ ეს დოკუმენტი აფხაზეთის ანექსიის მორიგი მცდელობაა, თუმცა ცდება, როდესაც აღნიშნული დოკუმენტის შინაარსს წარსულში გაფორმებულ შეთანხმებებთან აიგივებს. სახელმწიფო მინისტრის შეფასება წინააღმდეგობრივია, ვინაიდან ის, ჩვენი აზრით, სათანადოდ ვერ აფასებს ამ დოკუმენტის მასშტაბებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებს. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ დოკუმენტის სახე და შინაარსობრივი მხარე ახალია. აქამდე გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება აფხაზეთის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საბაჟო, ასევე სოციალური სფეროების რუსეთის სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციას არ შეეხებოდა. სწორედ ამიტომ, ის უნდა შეფასდეს, როგორც რუსეთის მიერ აფხაზეთის სამართლებრივი გზით ანექსიის თვისობრივად ახალი ეტაპი.
ამჯერად, ფაქტ-მეტრი კონკრეტულ ვერდიქტს არ ადგენს და ამ საკითხზე მუშაობას კვლავაც განაგრძობს.
ტექსტში, ყველგან სადაც ნახსენებია აფხაზეთი, იგულისხმება რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონი