-
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დევნილებისთვის ბინების მშენებლობის პროცესი შეჩერებულია
2014 წლის 18 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ...
ნახევრად სიმართლეგანცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეაVS
-
2014 წლის განმავლობაში, ფოთში დევნილთათვის 7 მაღალსართულიანი სახლი აშენდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად,
მეტწილად სიმართლეგანცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას18/11/2014ნახვა 5083
2014 წლის 18 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ფოთში დევნილთა განსახლების შესახებ ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დევნილებისთვის ბინების მშენებლობის პროცესი შეჩერებულია.
ნუგზარ წიკლაურის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ 2014 წლის განმავლობაში, ფოთში დევნილთათვის 7 მაღალსართულიანი სახლი აშენდა.
ფაქტ-მეტრი დეპუტატების განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა და მათი გადამოწმება გადაწყვიტა.
2007 წელს შემუშავდა სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ინტეგრაციას, ასევ მათი საბინაო და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. ამ სტრატეგიის შესაბამისად, სამინისტროს 2012-2014 წლების სამოქმედო გეგმაში გაიწერა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი დევნილთა განსახლების პროგრამაა. აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში 259 247 დევნილი პირი და 86 283 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით, ქ. ფოთში 10 149 დევნილი პირი და 2 963 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ფაქტ-მეტრმა დეპუტატების განცხადებების სიზუსტის შესამოწმებლად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. სამინისტროდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2007 წლიდან დღემდე დევნილებისათვის ახლადაშენებული ბინების რაოდენობის სტატისტიკა წლების მიხედვით შემდეგნაირია:
- 2010-2011 წწ. – 32 კორპუსი ქ. ფოთში – 1 054 ოჯახი;
- 2011 წ. – 22 კორპუსი ქ. ბათუმში – 557 ოჯახი;
- 2011 წ. 10 კორპუსი ქ. წყალტუბოში – 311 ოჯახი;
- 2013 წ. – 1 კორპუსი ქ. ფოთში – 32 ოჯახი;
- 2014 წ. – 7 კორპუსი ქ. ფოთში – 245 ოჯახი.
როგორც მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2010–2011 წლებში დევნილთათვის ახალი ბინების მშენებლობის კუთხით მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა. 2012 წელს ახალაშენებულ სახლებში დევნილთა შესახლება არ განხორციელებულა, ხოლო 2013 წლიდან აღნიშნული პროცესი ისევ გაგრძელდა, თუმცა საკმაოდ მცირე მასშტაბებით. რაც შეეხება 2014 წელს განხორციელებულ პროექტებს, ამ დროისთვის 245 ოჯახის შესახლება განხორციელდა.
მიმდინარე წლის მასშტაბების სრულყოფილი შეფასება წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი. სამინისტროდან მიღებული მონაცემებით, 2014 წელს საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს 13, ხოლო დაგეგმილია 3 ობიექტის მშენებლობა.
2014 წელს მიმდინარე პროექტები:
თბილისი |
ბაბუციძის ქ. N12 |
ვაზიანი |
სამხედრო დასახლება |
ფოთი |
ფიროსმანის ქ. N7 |
ქუთაისი |
ნიკეას ქ. (ყოფილი ქარხანა „აისი“) ოცხელის ქ. N2 ავტოქარხნის დასახლება, დადიანის ქ. N5 |
კასპი |
სააკაძის ქ. N110 |
ბორჯომი |
ვაშლოვანის ქ. N2 |
ახალციხე |
რუსთაველის N113 |
გორი |
ცხინვალის გზატკეცილი, N14 |
ზუგდიდი |
ახალი დასახლება ახალსოფელი |
ონი |
ბააზოვის ქ. N1 |
2014 წელს დაგეგმილი პროექტები:
ქუთაისი |
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, აბაშიძის ქ. |
ხაშური |
რუსთაველის N38 სააკაძის N2 |
რაც შეეხება ფოთში არსებულ მდგომარეობას, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ქალაქში, 2010–2011 წლებში 32 კორპუსი აშენდა. 2012 წელს ახალი ბინები არ აშენებულა, ხოლო 2013 წელს განხორციელდა სასტუმრო „აიეტის“ რეაბილიტაცია და ერთი ოთხსართულიანი კორპუსის მშენებლობა. 2014 წელს კი, ფოთში 7 ხუთსართულიანი კორპუსი აშენდა. პროექტის ფარგლებში, წელს, ფოთში კიდევ ერთი, 9 ბინიანი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაციიდან ჩანს, რომ ფოთში დევნილთათვის ახალი ბინების მშენებლობის მასშტაბები 2010-2011 წლებთან შედარებით შემცირებულია.
რაც შეეხება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ქ. ფოთში განხორციელებულ სხვა აქტივობებს, 2013 წელს კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული იქნა 8 კომპაქტური განსახლების ობიექტი და იმავე წელს საცხოვრებელი ფართი 8 ოჯახს დაუკანონდა.
"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხების რაოდენობა 2011 წლიდან კლებულობს. 2013-2014 წლებში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის უმეტესი ნაწილი დევნილთათვის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების პროგრამაზე დაიხარჯა.
დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე დახარჯული თანხა (მილიონ ლარებში)
2010 წელი (საკასო ხარჯი) | 2011 წელი (საკასო ხარჯი) | 2012 წელი (საკასო ხარჯი) | 2013 წელი (საკასო ხარჯი) | 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი | 2014 წლის 9 თვის საკასო ხარჯი |
29.8 | 68.1 | 14.4 | 9.1 | 5.4 | 2.6 |
დასკვნა
2010-2011 წლებთან შედარებით, 2013 და 2014 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დევნილთათვის ახალი ბინების მშენებლობის მასშტაბები და მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები რადიკალურად შემცირებულია. მაგალითად, თუ 2010-2011 წლებში ფოთში 32 კორპუსი აშენდა, რომელშიც ჯამში 1054 ოჯახი შესახლდა, 2013 წელს სულ ერთი კორპუსი იქნა აშენებული, სადაც ჯამში 311 ოჯახი შესახლდა. ტემპებს შორის ამხელა სხვაობა წიკლაურის განცხადების კონტექსტის მართებულობაზე მიუთითებს, მიუხედავად ამისა, დეპუტატი ცდება, როდესაც მშენებლობის სრულ შეჩერებაზე საუბრობს. შესაბამისად, ნუგზარ წიკლაურის განცხადება: „ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, დევნილებისათვის ბინების მშენებლობის პროცესი შეჩერებულია,“ არის ნახევრად სიმართლე.
ფაქტ-მეტრმა გიგა ბუკიას განცხადებაც გადაამოწმა. 2014 წელს ფოთში მართლაც აშენდა 7 ხუთსართულიანი კორპუსი. მართალია 2010-2011 წლებთან შედარებით დევნილთათვის ახალი ბინების მშენებლობის ტემპი საგრძნობლად შენელებულია, მაგრამ მშენებლობა მიმდინარე წელსაც გრძელდება. შესაბამისად, გიგა ბუკიას განცხადება: „2014 წლის განმავლობაში ფოთში დევნილთათვის 7 მაღალსართულიანი სახლი აშენდა,“ არის მეტწილად სიმართლე.