„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე კანონი გამკაცრდეს. უკვე ძალიან ბევრი ფაქტია, როდესაც ადამიანებს, რომლებიც იარაღით გადაადგილდებიან, აკავებენ, ხოლო შემდეგ მათი გათავისუფლება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ხდება“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება კახა კალაძის განცხადება სიმართლეს.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს სამი ტიპის იარაღი: 1) სამოქალაქო იარაღი; 2) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი; 3) სამხედრო-საბრძოლო იარაღი. სამოქალაქო იარაღის მესაკუთრეები არიან ფიზიკური პირები, რომლებიც იყენებენ მას თავდაცვის, სანადირო, სპორტული ან/და საკოლექციო მიზნებისთვის. სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ სპეციალურად კანონით განსაზღვრულ პირებს მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესასრულებლად. სამხედრო-საბრძოლო კი, არის იარაღი, რომელიც განკუთვნილია სამხედრო და მათთან გათანაბრებული მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნების განხორციელებისთვის. თითოეული ტიპის იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება ექვემდებარება სპეციალურ ნებართვას, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს. ამგვარი ნებართვის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ისჯება. 236-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისთვის, მეორე ნაწილი მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის, მესამე ნაწილი კი მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნისა და გასაღებისთვის. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს ისეთ დამამძიმებელ გარემოებებს, როგორიცაა იარაღის დამზადება, გადაზდვა, გადაგზავნა ან გასაღება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ან არაერთგზის.
ფაქტ-მეტრმა საქართველოს უზენაესი სასამართლოდან პირველი ინსტანციის სასამართლოებში 2011-2014 წლებში, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, განაჩენის გამოტანით განხილული საქმეების რაოდენობა გამოითხოვა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს 236-ე მუხლით 710 პირის მიმართ განხილული საქმეებიდან საპროცესო შეთანხმების პროცენტული მაჩვენებელი 89 % იყო, 2012 წელს - კვლავ 89 %, 2013 წელს - 90 %, ხოლო 2014 წლის 9 თვის განმავლობაში 72 %.
ვიცე-პრემიერი თავის განცხადებაში კონკრეტულად მიუთითებდა იარაღით „გადაადგილებაზე,“ რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დგება. 2011 წელს იარაღის მართლსაწინააღდეგო ტარებისთვის გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების პროცენტული მაჩვენებელი 86 % იყო, 2012 წელს - 81 %, 2013 წელს - 89 %, ხოლო 2014 წლის 9 თვის განმავლობაში 70 %.
დასკვნა
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. 2011 წელს საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ აღნიშნული მუხლით განხილული საქმეებიდან 89 % დასრულდა საპროცესო გარიგებით, 2012 წელს - 89 %, 2013 წელს - 90 %, ხოლო 2014 წლის 9 თვის განმავლობაში - 72 %.
კახა კალაძის განცხადება კონკრეტულად იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ეხებოდა. მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან 2011 წელს - 86 %, 2012 წელს - 81 %, 2013 წელს - 89 %, ხოლო 2014 წელს - 70 % საპროცესო შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. როგორც ვხედავთ, 2014 წელს იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებულ პირთან საპროცესო გარიგების გაფორმების პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო. მიუხედავად ამისა, ოთხი წლის განმავალობაში დაფიქსირებული რიცხვები მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ბრალდებულ პირებთან უმეტეს შემთხვევაში საპროცესო გარიგებები ფორმდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება: „იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულებს ძირითადად საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ათავისუფლებენ,“ არის სიმართლე.