2014 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე აგრარული კომიტეტის თავჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა: „წელს საქართველოში პირველად მოიყვანეს 80 ტონამდე ბრინჯი“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ჩვენ, საკითხის გასარკვევად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ და გავარკვიეთ, რომ აბაშის რაიონში შარშან და წელს ბრინჯის მოსავალი მიიღეს. უფრო დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას დავუკავშირდით. გამგეობიდან მიღებული მონაცემების, აგრეთვე აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის
თანახმად, აბაშის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ზანათში 2013 წელს, თითქმის საუკუნენახევრის შემდეგ, ბრინჯის კულტურა დაითესა. კომპანია „ზანაგრომ“ 2013 წელს ბრინჯი 11 ჰექტარ ფართობზე დათესა და პირველსავე წელს ჰექტარზე 8 ტონა მოსავალი, შესაბამისად სულ 88 ტონა მიიღო. კომპანიამ ბრინჯის მოყვანის პროცესის საკონსულტაციოდ თურქი აგრონომები მოიწვია. მიღებული მოსავალი „ზანაგრომ“ სათესლედ გამოიყენა, მოსავლის ასაღებად სპეციალური კომბაინიც შეიძინა, რომლის გამოყენებას მომავალში მოსახლეობაც შეძლებს.
დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად ფაქტ-მეტრი კომპანია „ზანაგროს“ დირექტორს კახა მალანიასაც დაუკავშირდა. მალანიას თქმით, „ზანაგრო“ აგრარული პროფილის საწარმოო კომპლექსია, რომელმაც საქმიანობა 2012 წელს დაიწყო. ამავე წელს კომპანიამ ტრადიციული კულტურები – სიმინდი და სოიო მოიყვანა. ეს იყო ერთგვარი ტესტი, რის შემდეგაც კომპანიამ ბრინჯის წარმოება დაიწყო. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, საკვები ბრინჯის წარმოება კომპანიის საქმიანობის უკვე დაგეგმილი პერსპექტივაა, რომელიც მარკეტინგულად და ტექნოლოგიურად დამუშავებულია. რაც შეეხება ბრინჯის მოსავალს, 2013 და 2014 წელს კომპანიამ ბრინჯი 11 ჰექტარზე დათესა და ორივე წელს ჰექტარზე 10 ტონა მოსავალი, სულ თითოეულ წელს 88 ტონა ბრინჯი მიიღო. კახა მალანიას თქმით, ბრინჯის წარმოების მასშტაბის გაზრდა და საბოლოო პროდუქტის – საკვები ბრინჯის წარმოება ბრინჯის გადამამუშავებელი დანადგარის შეძენასა და წარმოების სრული კომპლექსის მშენებლობაზეა დამოკიდებული. დანადგარის შეძენა-განთავსება ამ ეტაპზე რიგი მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, მაგრამ სამომავლოდ კომპანია იმედოვნებს, რომ გეგმების განხორციელებას სრულად შეძლებს.
დასკვნა
აბაშის რაიონის სოფელ ზანათში კომპანია „ზანაგრომ“ 2013 წელს ბრინჯის კულტურა 11 ჰექტარზე დათესა. პირველსავე წელს ჰექტარზე 8 ტონა მოსავალი მიიღეს, 2014 წელსაც, ბრინჯი იმავე ფართობზე დაითესა და იგივე რაოდენობის მოსავალი, ე.ი. 88 ტონა ბრინჯი მიიღეს. კომპანიას ბრინჯი საქართველოში უკვე ორი წელია მოჰყავს. მიღებულ ბრინჯს „ზანაგრო“ ჯერჯერობით სათესლედ იყენებს. სამომავლოდ კომპანია წარმოების გაფართოებას და ბრინჯის გადამამუშავებელი დანადგარის შეძენას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს მოწეული ბრინჯი გადაამუშაოს და საკვები დანიშნულებით გამოიყენოს.
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ დეპუტატ გიგლა აგულაშვილის განცხადება „წელს პირველად მოიყვანეს საქართველოში 80 ტონამდე ბრინჯი,“ არის მეტწილად სიმართლე.