მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გადაცემა „არჩევანში“ დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, საქართველოში უმუშევრობა არ შემცირებულა, ხოლო სიღარიბე გაიზარდა.
2003 წლიდან ეკონომიკა საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა,კერძოდ 2005-2007 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 9-11%-ის ფარგლებში იყო, 2008-2009 წლებში, რუსეთთან ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად, მშპ-ის ზრდის ტემპი დაეცა, თუმცა 2010-2012 წლებში მშპ-ს 6-7%-იანი რეალური ზრდა გვქონდა. მთლიანობაში, 2012 წელს ქვეყნის ეკონომიკა, 2003 წელთან მიმართებაში, 70%-ით გაიზარდა.
ასევე გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი[1] (GNI Per Capita), რაც ქვეყნის კეთილდღეობის შეფასების ერთ-ერთი მაჩვენებელია. 2003-2013 წლების განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 4-ჯერ გაიზარდა (910 აშშ დოლარიდან 3560 აშშ დოლარამდე).
წყარო: მსოფლიო ბანკი
თუმცა, რამდენად თანაბრად ნაწილდებოდა ეკონომიკური ზრდით მიღებული შემოსავლები მოსახლეობას შორის, ამაზე ინფორმაციას ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი არ გვაწვდის. შემოსავლების უთანაბრობის შესაფასებლად ჯინის ინდექსი უნდა გამოვიყენოთ, რომლის კოეფიციენტის მნიშვნელობა 0-დან 1-მდე იცვლება და რაც უფრო ახლოა აღნიშნული კოეფიციენტი 1-თან, მით უფრო უთანაბროდაა შემოსავლები განაწილებული.
ჯინის ინდექსზე ინფორმაციას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. ჩვენ საქართველოზე მონაცემები 2003წლიდან 2012 წლამდე გადავამოწმეთ. აღნიშნულ პერიოდში, ჯინის კოეფიციენტი 0.39-დან 0.42-ს შორის მერყეობდა. 2004-2005 წლებში კოეფიციენტს ზრდის, ხოლო 2006-2008 წლებში შემცირების ტენდენცია ჰქონდა. 2009-2010 წლებში, რუსეთთან ომით და ეკონომიკური კრიზისით გაუარესებული სოციალური მდგომარეობის გამო, ჯინის კოეფიციენტი 0.40-დან 0.42-მდე გაიზარდა. 2011 წლიდან ეს მონაცემი ისევ კლების ტენდენციას დაუბრუნდა და 0.41 შეადგინა. შესაბამისად, ცხადია, რომ როდესაც საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონდა, ჯინის კოეფიციენტი მცირდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგად მოტანილი შემოსავლით მოსახლეობაში ღარიბიც სარგებლობდა, საშუალო შემოსავლის მქონეც და მდიდარიც. რამდენად მაღალია შემოსავლების უთანაბრობა, როდესაც კოეფიციენტი 0.41-ია, ამ კითხვაზე პასუხი სხვა ქვეყნებთან შედარებაშია. ყველაზე დაბალი კოეფიციენტით ევროპის მაღალგანვითარებული ქვეყნები გამოირჩევიან, განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნები, ხოლო განვითარებული ქვეყნებიდან საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი აქვს აშშ-ს, ისრაელს, სინგაპურს, ასევე ლათინური ამერიკის ქვეყნებს.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ეკონომიკური ზრდა, გაზრდილი ხელფასის და მოგების სახით, პირველ რიგში მოსახლეობის დასაქმებულ ნაწილზე აისახება. რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც უმუშევარია ან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას[2]არ მიეკუთვნება, მათზე შემოსავლების გადანაწილება სახელმწიფოს მიერ სოციალური დახმარების საშუალებით ხდება. ქვემოთ მოცემული გრაფიკი 2003-2013 წლებში სოციალური ხარჯების დინამიკას გვიჩვენებს. როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2003 წლიდან, როგორც სოციალური ხარჯები, ასევე მათი წილი ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში იზრდებოდა.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
რაც შეეხება სიღარიბეს, აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრს სტატია უკვე აქვს გამოქვეყნებული. საქსტატის მონაცემებით, რეგისტრირებული სიღარიბე[3] 2007-2013
წლებში 279 ათასიდან 436 ათას კაცამდე გაიზარდა (56%-ით), რაც ნაწილობრივ ეკონომიკური კრიზისის და რუსეთთან ომის დამსახურებაა, ნაწილობრივ კი სიღარიბის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლის გამოა. 2012 წელს მოსახლეობის 9.7% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 2007 წელს 6.4%-ს შეადგენდა.
რეგისტრირებული სიღარიბე მოსახლეობის იმ რაოდენობას გვიჩვენებს, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს და შესაბამისად სიღარიბის შესახებ სრულ სურათს არ ასახავს. გრაფიკი 3 გვიჩვენებს ფარდობით სიღარიბეს.[4]ფარდობითი სიღარიბე მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებულია. თუმცა, როგორც გრაფიკი 3-დან ჩანს, ეკონომიკური ზრდა მეტწილად ქალაქის მოსახლეობაზე აისახა. 2003 წელს ქალაქის მოსახლეობის 23% მედიანური მოხმარების 60%-ს ან ნაკლებს მოიხმარდა, ხოლო 2013 წლისთვის ანალოგიური მაჩვენებელი 15.4%-მდე შემცირდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფარდობითი სიღარიბის მეთოდოლოგიის მიხედვით, ღარიბად ადამიანის ჩათვლა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ზოგად ცხოვრების დონეზე. თუ წლების განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი იზრდება, სულ უფრო მეტი შემოსავლის მქონე ადამიანი ჩაითვლება ღარიბად. თუმცა, ასეთი მეთოდოლოგიის მიუხედავად, 2004 წლიდან 2012 წლამდე სიღარიბის მაჩვენებელი 2.2 % პუნქტით შემცირდა.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საინტერესო მონაცემებს გვაწვდის 2014 წლის ეროვნული ანგარიში (
„ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში“), სადაც ნაჩვენებია, რომ სიღარიბე 2006-2012 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა (იხ გრაფიკი 4), თუმცა ის კვლავ მაღალ დონეზე რჩება. ამ შემთხვევაშიც, მონაცემები მხოლოდ 2006 წლიდან გვაქვს, მაგრამ სიღარიბის შემცირება მაინც ცალსახად ჩანს. აღნიშნულ ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი უკიდურესი სიღარიბე. უკიდურესად ღარიბად ითვლებიან ის ადამიანები, რომელთა ყოველდღიური სამომხმარებლო ხარჯი 1.25 აშშ დოლარს არ აღემატება, რაც უფრო შეესაბამება „სიღატაკის“ განმარტებას. 2006-დან 2012 წლამდე უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 5.4 %-დან 3.7 %-მდე შემცირდა.
წყარო: ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში
რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, 2003 წლიდან ის მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა, კერძოდ, 2003 წელს უმუშევრობის დონე 11. 6% იყო, ხოლო 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 15%-ს შეადგენდა. აღნიშნულ თემაზე ფაქტ-მეტრს სტატია გამოქვეყნებული უკვე აქვს.
გრაფიკი 5-დან ჩანს, რომ უმუშევრობის დონე ეკონომიკური ზრდასთან ერთად იცვლებოდა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკური ზრდის თავდაპირველ ეტაპებზე უმუშევრობის ზრდა დამახასიათებელია, რაც სტრუქტურული ცვლილებების შედეგია. 2004-2005 წლებში უმუშევრობის დონის ზრდა მეტწილად სახელმწიფო სექტორიდან მოხელეების მასიური გათავისუფლების გამო იყო გამოწვეული. 2006 წელს უმუშევრობის დონემ კლება დაიწყო, მაგრამ 2008 წლიდან, ცნობილი მოვლენების გამო, ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. 2010 წლიდან უმუშევრობა თანდათანობით მცირდება. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეკონომიკური ზრდა იწვევდა უმუშევრობის შემცირებას, მაგრამ 2008-2009 წლებში რადიკალურად შეცვლილმა ეკონომიკურმა სიტუაციამ ამ მხრივ არსებული დადებითი ტენდენცია გადაფარა.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დავით ონოფრიშვილი თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად უმუშევრობის მაჩვენებელი არ უმჯობესდებოდა. ჩვენ ვნახეთ 8 ქვეყანა ევროპაში (მსოფლიო მასშტაბით გაცილებით მეტია), სადაც 2003-2012 წლებში ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ ამავე დროს, უმუშევრობის დონეც მნიშვნელოვნად ამაღლდა (ცხრილი 1).
ქვეყანა |
ეკონომიკური ზრდა 2003-დან 2012-მდე |
უმუშევრობის დონე 2003 წელს |
უმუშევრობის დონე 2012 წელს |
კვიპროსი |
20 % |
4 % |
12 % |
საფრანგეთი |
11 % |
8.5 % |
9.8 % |
უნგრეთი |
8 % |
5.5 % |
11 % |
ისლანდია |
21 % |
3.3 % |
5.8 % |
ირლანდია |
14 % |
4.6 % |
14.7 % |
ლატვია |
29 % |
10.6 % |
15 % |
სერბეთი |
27 % |
16 % |
23 % |
სლოვენია |
16 % |
6.7 % |
8.9 % |
საქართველოს ეკონომიკა 2003-2012 წლებში 70%-ით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 4-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება უმუშევრობას, უმუშევრობის დონე 11.4%-დან 15 %-მდე გაიზარდა, თუმცა უმუშევრობის ზრდა მეტწილად ეკონომიკური ზრდის შემცირებას ემთხვეოდა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ უმუშევრობის დონე 2004-2005 წლებში გაიზარდა, რაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა შემცირების და ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილების შედეგი იყო. ასევე არასწორია შეფასება, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც უმუშევრობა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად იზრდებოდა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც, ეკონომიკური ზრდის პირობებში, უმუშევრობა გაზრდილია.
ჯინის კოეფიციენტი გვიჩვენებს, რომ საქართველო არ მიეკუთვნება შემოსავლების შედარებით თანაბრად გადანაწილებულ ქვეყნებს. თუმცა, ჯინის კოეფიციენტი ბოლო წლებში არ იზრდებოდა, რაც იმაზე მინიშნებს, რომ პროცენტულად ღარიბის, საშუალო შემოსავლის მქონეს და მდიდრის შემოსავალი თანაბრად იზრდებოდა.
რაც შეეხება სიღარიბეს, სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვის მიხედვით, სიღარიბე 6.4 %-დან (2007 წელი) 9.7 %-მდე (2012 წელი) გაიზარდა. ეროვნული ანგარიშის („ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში“) მიხედვით, 2006-2012 წლებში სიღარიბე შემცირდა, განსაკუთრებით უკიდურესი სიღარიბე (სიღატაკე) - 5.4%-დან 3.7 %-მდე. მცირედით, მაგრამ მაინც შემცირებულია ფარდობითი სიღარიბე.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ონოფრიშვილის განცხადება: „როცა სააკაშვილის პერიოდში მშპ და ეკონომიკა იზრდებოდა, პარადოქსია, მაგრამ საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი არ უმჯობესდებოდა და სიღატაკე კიდევ უფრო უარესდებოდა,“ არის მეტწილად მცდარი.
ეროვნული შემოსავალი განსხვავდება მთლიანი შიდა პროდუქტისგან. მთლიანი შიდა პროდუქტი მოიცავს ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს, ხოლო ეროვნული შემოსავალი ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიღებულ შემოსავლებს გულისხმობს, რომელთა შორისაც საზღვარგარეთ მიღებული შემოსავლებიც იგულისხმება.
ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში შედის 15 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელიც ჩართულია შრომით საქმიანობაში ან ეძებს სამუშაოს.
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც შემწეობას იღებდა.
გრაფიკი-3-ში ასახულია, იმ მოსახლეობის წილი, რომელთა მოხმარებაც საშუალო მოხმარების 60%-ს ან ნაკლებს შეადგენდა.