მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 15%-ით, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის 41%-იანი და იმპორტის 9%-იანი, არნახული ზრდა, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
საქსტატის მონაცემებით, 2014წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1.4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 296 მლნ. აშშ დოლარი იყო (41%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1.1 მლრდ. აშშ დოლარი (9%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 26% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 21% და იმპორტში 28% (2013 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 26%, 17% და 29%). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31% (2013 წლის იანვარ-ივნისში 36%).
საქართველოს მთლიანმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 2014 წლის პირველ ორ კვარტალში 5.4 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 16%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 1.4 მლრდ. აშშ დოლარს (15%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 4 მლრდ. აშშ დოლარს (16%-ით მეტი) შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის მესამე კვარტალში 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით ექსპორტი 48.1 მლნ. ლარით ნაკლებია. საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 28.1 ათასი ლარით შემცირდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება 29 ოქტომბერს გააკეთა. ამ დროისთვის საქსტატს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა 2014წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემები. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სამი კვარტლის წინასწარი ანგარიში 16 ოქტომბერს, საბოლოო კი - 24 ოქტომბერს გამოაქვეყნდა.
ამ ანგარიშის თანახმად, 2014წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2.1 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 458 მლნ. აშშ დოლარი იყო (23%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1.7 მლრდ. აშშ დოლარი (5%-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 21% და იმპორტში 28% (2013 წლის იანვარ-სექტემბერში შესაბამისად 27%, 18% და 30%). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31% (2013 წლის იანვარ-სექტემბერში 36%).
2014წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მთლიანად 8.3 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 2.1 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს (7%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 6.2 მლრდ. აშშ დოლარს (12%-ით მეტი).
ამდენად, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვის პროცენტული ზრდა 2014 წლის პირველ ორ კვარტალში, ამავე წლის სამი კვარტლის ზრდაზე გაცილებით მეტია.
გრაფიკი 1:
საქართველო–ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვის ზრდა – 2014 წელი (%)
ჩვენ დავინტერესდით როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის ბრუნვის ზრდა წინა წლების პირველ ორ კვარტლებში.
2011 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 31%-ით გაიზარდა (აქედან, ექსპორტი 26%-ით, იმპორტი 32%-ით). 2012 წლის პირველ ორ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 32% შეადგინა (ექსპორტი - 15%, იმპორტი - 36%). 2013 წლის იანვარ-ივნისში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 10%-ით შემცირდა (მთლიანად საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დროის ამ მონაკვეთში 3%-ით შემცირდა). აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 6%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 13%-ით შემცირდა.
გრაფიკი 2:
საქართველო–ევროკავშირის საგარეო ბრუნვის ზრდა/კლება 2011–2014 წლების პირველ ორ კვარტალში (%)
დასკვნა
საქსტატის მონაცემების თანახმად, 2014 წლის პირველ ორ კვარტლში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა. ექსპორტი გაიზარდა 41%-ით, იმპორტი კი – 9%-ით. ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 28% შეადგინა (წინა წლის შესაბამის პერიოდში 26% იყო).
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ეს განცხადება 2014 წლის 29 სექტემბერს გააკეთა. ამ დროისთვის საქსტატს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა 2014 წლის სამი კვარტლის მონაცემები, თუმცა პრემიერს მათ შესახებ არ უსაუბრია. ამის მიზეზი, სავარაუდოდ ისაა, რომ სამი კვარტლის მონაცემებით საქართველო-ევროკავშირის საგარეო ვაჭრობის ზრდა პრემიერ–მინისტრის დასახელებულ მაჩვენებლებზე (პირველი ორი კვარტლის სტატისტიკა) გაცილებით ნაკლები იყო.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2011 და 2012 წლების პირველ ორ კვარტალში საგარეო ვაჭრობის ზრდა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე 2014 წელს, ამასთან 2013 წლის პირველ ორ კვარტალში (სწორედ ამ პერიოდს ადარებს მიმდინარე წელს ირაკლი ღარიბაშვილი) აღინიშნებოდა საგარეო ვაჭრობის (განსაკუთრებით იმპორტის) მკვეთრი შემცირება.
ამდენად, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „2014 წლის ექვს თვეში საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 15%-ით, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, დაფიქსირდა ექსპორტის 41%-იანი და იმპორტის 9%-იანი, არნახული ზრდა, 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით,“ არის ნახევრად სიმართლე.