მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 კვარტლის შესრულებაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ წლის ბიუჯეტის შესრულების კუთხით სიტუაცია გამოსწორდა. მისი თქმით, პირველ ნახევარში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შენელებული იყო, თუმცა წლის მეორე ნახევარში მათი შესრულება დაჩქარდა.
ფაქტ-მეტრი ფინანსთა მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
2014წლის პირველი ექვსი და ცხრა თვის გეგმიური და ფაქტობრივი მაჩვენებლების შედარება საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ, თუ რამდენად მართებულია მინისტრის განცხადება.
2014 წლის 6 თვის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 96.9 %-ით, ხოლო გადასახდელების ნაწილში 90.8 %-ით შესრულდა. შემოსულობების გეგმასთან ჩამორჩენა გრანტების (47 %-ით შესრულდა) და საგარეო დაფინანსების (53 %-ით შესრულდა) ათვისების დაბალი მაჩვენებელმა განაპირობა. გადასახდელების 90.8 %-ით შესრულება ინფრასტრუქტურული პროექტების[1]გეგმის 78.6 %-ით შესრულებამ გამოიწვია. აქედან გამომდინარე, მინისტრის განცხადება, რომ შენელებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სიმართლეა. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ 100 %-ით ბიუჯეტის არც სხვა მუხლები შესრულდა (მაგალითად: საქონელი და მომსახურების მუხლი 86 %-ით, ტრანსფერები 93 %-ით, სხვა ხარჯები კი 77 %-ით შესრულდა).
მესამე კვარტალში ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა 128 %-ით შესრულდა და ფაქტობრივმა მაჩვენებელმა დაგეგმილი 132 მილიონის ნაცვლად, 158 მილიონ ლარს მიაღწია. მთიანობაში, გადასახდელების გეგმა 101.9 %-ით შესრულდა. გრანტების მხრივ, მესამე კვარტალში 23.6 მილიონის მოზიდვა იყო დაგეგმილი, თუმცა მოზიდულ იქნა 79 მილიონის გრანტი, ანუ გეგმაზე 3.3-ჯერ მეტი. საგადასახადო შემოსავლების გეგმა 101.7 %-ით შესრულდა. საინტერესოა აღნიშნული კვარტლის მთლიანი შემოსულობების ფაქტობრივი და გეგმიური მაჩვენებლების შედარებაც, საიდანაც ჩანს, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე (2 392 მილიონი) 159 მილიონით მეტი თანხა შევიდა, ანუ გეგმა 106 %-ით შესრულდა.
როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, მესამე კვარტლიდან ბიუჯეტის დაგეგმილი მაჩვენებლები სრულდება, მაგრამ საინტერესოა, თუ რამდენად შესრულდა 9 თვის ჯამური ბიუჯეტი და რა მდგომარეობაა ამ მხრივ.
2014წლის სექტემბრის მდგომარეობით (ცხრილი 1), ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გეგმა 72 %-ით შესრულდა, შესაბამისად გეგმაზე 158 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. მლთიანობაში, გადასახდელები 91.6 %-ით შესრულდა და გეგმაზე 565 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, დაბალი შესრულების მაჩვენებელია შემდეგ მუხლებში: საქონელი და მომსახურება - 89.6 %, ფინანსური აქტივების ზრდა - 75.2 %, სხვა ხარჯები (რომელშიც მნიშვნელოვანი წილი ინფრასტრუქტურაზე დანახარჯებს უჭირავს) - 81.4 %.
შემოსულობების მხრივ, 6 თვესთან შედარებით 9 თვის გეგმის შესრულებაში აშკარა პროგრესია. შესრულების მაჩვენებელი 96.9 %-იდან 99.5 %-მდე ამაღლდა, რაც მეტწილად საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმის 102.7 %-ით შესრულებამ განიპირობა. მესამე კვარტალში გრანტების მოზიდვის მნიშვნელოვანი ზრდის გამო 9 თვის გეგმა 101.9 %-ით შესრულდა. გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩება „სხვა შემოსავლების“ მუხლი (შესრულდა 71.6 %-ით, ჩამორჩენა 78 მილიონი ლარი). აღნიშნულ მუხლში ჩამორჩენა სახელმწიფო საკუთრებიდან დაგეგმილი შემოსავლების 27 %-ით, ასევე ჯარიმებიდან და საურავებიდან მისაღები თანხის 77 %-ით შესრულებითაა განპირობებული. 82.6 %-ით შესრულდა (ჩამორჩენა 110 მილიონი ლარია) საგარეო ვალდებულებების ზრდის მუხლი, რაც საგარეო ვალის აღებას გულისხმობს და ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა მიბმული. რადგან ინფრასტრუქტურული პროექტები შენელებული ტემპით სრულდება, მთავრობა ვერ ახერხებს გამოყოფილი საგარეო დაფინანსების სრულად ათვისებას.
ცხრილი 1: 2014
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულება
(მლნ ლარი) |
9 თვის გეგმა |
9 თვის შესრულება |
შესრულება გეგმის მიმართ |
შემოსულობები |
6538 |
6505 |
99.5 % |
შემოსავლები |
5308 |
5363 |
101 % |
გადასახადები |
4909 |
5039 |
102.7 % |
გრანტები |
123.7 |
126.1 |
101.9 % |
სხვა შემოსავლები |
275.5 |
197.2 |
71.6 % |
არაფინანსური აქტივების კლება |
61.5 |
66 |
107.3 % |
ფინანსური აქტივების კლება |
49.1 |
52.8 |
107.6 % |
ვალდებულებების ზრდა |
1119 |
1023 |
91.4 % |
საშინაო ვალდებულებების ზრდა |
490 |
504 |
102.8 % |
საგარეო ვალდებულებების ზრდა |
629 |
519 |
82.6 % |
გადასახდელები |
6748 |
6183 |
91.6 % |
შრომის ანაზღაურება |
978 |
946 |
96.7 % |
საქონელი და მომსახურება |
685 |
614 |
89.6 % |
პროცენტი |
194 |
179 |
92.2 % |
სუბსიდიები და გრანტები |
949 |
905 |
95.4 % |
სოციალური უზრუნველყოფა |
1883 |
1867 |
99.2 % |
სხვა ხარჯები |
858 |
698 |
81.4 % |
არაფინანსური აქტივების ზრდა |
559 |
401 |
71.8 % |
ფინანსური აქტივების ზრდა |
193 |
145 |
75.2 % |
ვალდებულებების კლება |
448 |
427 |
95.4 % |
დასკვნა
ფაქტობრივი მონაცემების გადამოწმების შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წლის მეორე ნახევარში (მესამე კვარტალში) ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ტემპი გაუმჯობესდა, მაგრამ 9 თვის შესრულება 28.2 %-ით მაინც ჩამორჩება გეგმას.
2014წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მთავრობამ დაგეგმილი გრანტების მხოლოდ 47% (47 მლნ ლარი) მოიზიდა. წლის მეორე ნახევარში მდგომარეობა გაუმჯობესდა; სახელმწიფომ დაგეგმილი 23 მილიონის მოცულობის გრანტის ნაცვლად 79 მილიონის გრანტი მოიზიდა. აქედან გამომდინარე, ნოდარ ხადურის მიერ გრანტების მოზიდვის „ძალიან აჩქარებულ ტემპზე“ საუბარი მართებულია. ამასთან, 102.7 %-ით შესრულდა საგადასახადო შემოსავლების გეგმა.
მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვარტალში ბიუჯეტის შესრულების ტემპი გაუმჯობესდა, ხარჯების კუთხით ჩამორჩენა კვლავ შეიმჩნევა და იგი 565 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვანი მოცულობის თანხაა და წლის ბოლომდე მისი ათვისება და შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულება სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. მინისტრი აღნიშნულ დანაკლისს საგანგაშოდ არ მიიჩნევს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე მეორე წელია ბიუჯეტი არ სრულდება და დანაკლისი მნიშვნელოვანია, ეს პრობლემებზე მიანიშნებს. მთავრობა ვერ ახერხებს არსებული რესურსების სრულად გამოყენებას, მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიც ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
ჩვენ ვასკვნით, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: „წლის პირველ ნახევარში შედარებით შენელებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. წლის მეორე ნახევარში ეს პროცესი არის ძალიან აჩქარებული (მათ შორის გრანტების მიღება). მე ვერაფერს საგანგაშოს ამაში [ბიუჯეტის შესრულება] ვერ ვხედავ. გადასახადების გეგმა არის თითქმის 102 პროცენტით შესრულებული,“ არის ნახევრად სიმართლე.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბიუჯეტში ძირითადად არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლში აისახება.