ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მონაცემებით, საქართველო 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით თავის ჯგუფში პირველ ადგილზეა.
ფაქტ-მეტრი ნოდარ ხადურის მიერ დასახელებული მონაცემებით დაინტერესდა და მისი განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2014 წლისათვის საქართველოს ეკონომიკის ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი 5.0 %-ია. ასევე, საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროგნოზითაც (აღნიშნული პროგნოზი თან ერთვის 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტებს) 2014 წელს 5 %-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. შესაბამისად, მინისტრის განცხადების ის ნაწილი, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მოსალოდნელი ტემპი 6.0 %-ის ტოლია, ბოლომდე ზუსტი არ არის. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 6 %-ით გაიზარდა, ხოლო წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის პირველი 8 თვის ეკონომიკური ზრდა 6.1 % იყო.სავარაუდოდ, ნოდარ ხადური თავის განცხადებაში სწორედ მიმდინარე წლის ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობოდა.
ფაქტ-მეტრმა ნოდარ ხადურის განცხადების მეორე ნაწილიც გადაამოწმა, სადაც ის საქართველოს მშპ-ს მოსალოდნელ ზრდის ტემპს სხვა ქვეყნების ანალოგიურ მონაცემებს ადარებდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო დღემდე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ს) ქვეყნების ჯგუფში მოიაზრება. ჩვენთან ერთად ამ ჯგუფში არიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის გარდა. ამ ქვეყნების 2014 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის სავარაუდო მონაცემების მიხედვით, საქართველო თორმეტ ქვეყანას შორის მეოთხე ადგილზეა. საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელი ზრდის დონე 5.03 %-ია. ამ მაჩვენებლით ჩვენ თურქმენეთს (10.12 %), ტაჯიკეთსა (6.0 %), და უზბეკეთს (7.0 %) ჩამოვრჩებით. სომხეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი სსფ-ის მონაცემების მიხედვით 3.18 %-ია.
ცხრილი 1: პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები სსფ-ის მიხედვით
ქვეყანა | 2014 წელი | 2015 წელი |
თურქმენეთი | 10.2 | 11.5 |
უზბეკეთი | 7.0 | 6.5 |
ტაჯიკეთი | 6.0 | 6.0 |
საქართველო | 5.0 | 5.0 |
ყაზახეთი | 4.6 | 4.7 |
აზერბაიჯანი | 4.5 | 4.3 |
ყირგიზეთი | 4.0 | 4.9 |
სომხეთი | 3.2 | 3.5 |
მოლდოვა | 1.8 | 3.5 |
ბელარუსი | 0.9 | 1.5 |
რუსეთი | 0.2 | 0.5 |
უკრაინა | -6.5 | 1 |
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უკვე აღარაა დსთ-ს წევრი და ევროპული ინტეგრაციის გზა აქვს არჩეული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ფინანსთა მინისტრი თავის განცხადებაში აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნების ჯგუფს გულისხმობდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, განვითარებადი ევროპის ქვეყნების ჯგუფში არცერთი ქვეყნის 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არ აღემატება 3.4 %-ს (იხ. ცხრილი 2), ანუ საქართველოს მაჩვენებელი (5 %) ამ ჯგუფში მართლაც ყველაზე მაღალია. ამასთან, 2015 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი (5 %) აღემატება ევროპის ყველა განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს.
ცხრილი 2: განვითარებადი ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები სსფ-ის მიხედვით
ქვეყანა | 2014 წელი | 2015 წელი |
მაკედონია | 3.4 | 3.6 |
პოლონეთი | 3.3 | 3.3 |
თურქეთი | 3.0 | 3.0 |
ლიტვა | 3.0 | 3.6 |
უნგრეთი | 2.8 | 2.3 |
კოსოვო[1] | 2.7 | 3.4 |
რუმინეთი | 2.4 | 2.5 |
მონტენეგრო | 2.3 | 3.4 |
ალბანეთ | 2.1 | 3.3 |
ბულგარეთი | 1.4 | 2.0 |
ბოსნია და ჰერცოგოვინა | 0.7 | 3.5 |
სერბეთი | -0.5 | 1.0 |
ხორვატია | -0.8 | 0.5 |
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში ხვდება. ამ ჯგუფში 20 ქვეყანაა, რომელთა უმეტესობას ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები წარმოადგენენ.
ცხრილი 3: აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკის ზრდის სავარაუდო ტემპები მსოფლიო ბანკის მიხედვით
ქვეყანა | 2014 წელი | 2015 წელი |
თურქმენეთი | 10.0 | 10.0 |
უზბეკეთი | 7.0 | 6.7 |
ყირგიზეთი | 6.5 | 5.4 |
ტაჯიკეთი | 6.3 | 6.2 |
აზერბაიჯანი | 5.2 | 4.1 |
ყაზახეთი | 5.1 | 5.9 |
საქართველო | 5.0 | 5.5 |
სომხეთი | 5.0 | 5.5 |
კოსოვო | 3.5 | 3.5 |
მონტენეგრო | 3.2 | 3.5 |
მაკედონია | 3.0 | 3.5 |
მოლდოვა | 3.0 | 3.8 |
რუმინეთი | 2.8 | 3.2 |
თურქეთი | 2.4 | 3.5 |
უნგრეთი | 2.4 | 2.5 |
ალბანეთი | 2.1 | 3.3 |
ბოსნია და ჰერცოგოვინა | 2.0 | 3.5 |
ბულგარეთი | 1.7 | 2.4 |
სერბეთი | 1.0 | 1.5 |
ბელარუსი | -0.5 | 1.5 |
უკრაინა | -5 | 2.5 |
როგორც ცხრილი 3-დან ჩანს, მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის მიხედვით საქართველოს ყაზახეთი (5.1 %), აზერბაიჯანი (5.2 %), ყირგიზეთი (6.5 %), ტაჯიკეთი (6.3 %), უზბეკეთი (7.0 %) და თურქმენეთი (10.0 %) უსწრებენ. შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვითაც არ ვართ პირველ ადგილზე. აღსანიშნავია, რომ სომხეთს ამავე მონაცემების მიხედვით, 2014 წელს საქართველოს ტოლი სავარაუდო ეკონომიკური ზრდა აქვს (5.0 %).
დამატებითი ინფორმაციისთვის ასევე საინტერესოა, თუ რამ განაპირობა საქართველოს 6%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა 2014 წლის პირველ ნახევარში, რაც თავის მხრივ წლიური პროგნოზის (5 %) მიღწევას რეალისტურს ხდის. საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი ზრდა ეკონომიკის შემდეგ სექტორებში დაფიქსირდა: მშენებლობა (16 %), გადამამუშავებელი მრეწველობა (11 %), ვაჭრობა (9 %), საფინანსო საქმიანობა (8 %), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (7 %). საბოლოო ჯამში, 6 %-იან ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს ვაჭრობამ - 1.4 % პუნქტი, გადამამუშავებელმა მრეწველობამ - 1.1 % პუნქტი, მშენებლობამ - 0.9 % პუნქტი, ტრანსპორტმა და კავშირგაბმულობამ 0.8 % პუნქტი.
დასკვნა
მინისტრის განცხადება, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2014 წლის მოსალოდნელი ტემპი 6 %-ია, ბოლომდე ზუსტი არ არის. მსოფლიო ბანკის შეფასებით, მოსალოდნელი ზრდის ტემპი 5 %-ია. თუმცა, საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2014 წლის პირველ 8 თვეში საქართველოს ეკონომიკა 6.1 %-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საქართველოს პირველობას რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, მინისტრის განცხადება ამ შემთხვევაშიც არ არის ბოლომდე ზუსტი. ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსოფლიო ბანკის მონაცემები. სსფ-ის მიხედვით, საქართველო მე-4 ადგილზეა დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით, ხოლო პირველ ადგილზეა განვითარებადი ევროპის ქვეყნებთან შედარებით.
მსოფლიო ბანკის რეგიონული კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნების რიგებში ხვდება და 2014 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპით რამდენიმე ქვეყანას (აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა) ჩამორჩება. სომხეთს კი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მსგავსი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვს (5 %).
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: „საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის ყველაზე მაღალი, ეს არის მსოფლიო ბანკის ინფორმაცია. ჩვენთან თუ არის 6 %-იანი ზრდა, იმ ქვეყნების ჯგუფში, რომელშიც საქართველო შედის მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მომდევნო ქვეყანა, სადაც ეკონომიკური ზრდა არის 3.2 %-იანი, ეს არის სომხეთი,“ არის ნახევრად სიმართლე.
_________________________ [1] საქართველო არ ცნობს კოსოვოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას