წლის 17 სექტემბერს, პარლამენტში გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა: “2003 წლის შემდეგ, 2012 წლამდე, პატიმართა რიცხვი 3 000-დან 25 000-მდე გაიზარდა. აქედან 85% რეპროდუქციულ ასაკში იყო. ამ პერიოდში ციხეებში 800-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მძიმე ტრავმები მიიღო 1200-ზე მეტმა ადამიანმა, C ჰეპატიტით ინფიცირებული იყო 42%, ციხეებში ნარკოდამოკიდებული გახდა 970 ადამიანი. დღეს პატიმართა რიცხვი არის 9 000-მდე, პატიმრების ჯანდაცვაზე 7 მლნ იყო განსაზღვრული, ეს გაიზარდა 12 მილიონამდე. მკურნალობის დანახარჯი თითო პატიმარზე 140 დოლარი იყო, დღეს არის 760 დოლარი. მკურნალობა გაირა 5000-მა პატიმარმა. სუიციდის შემთხვევები არის მნიშვნელოვნად შემცირებული, 2014 წელს სულ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს იყო სუიციდის წინააღმდეგ მიმართული პროგრამის შედეგი“.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
სტატიაში მოყვანილი სტატისტიკა და მონაცემები სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციას, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებსა და ევროსაბჭოს მონაცემებს ეყრდნობა.ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
როგორც ვხედავთ, 2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით პატიმართა რაოდენობამ 24 ათასს გადააჭარბა. 2013 წლის მდომარეობით (საყოველთაო ამნისტიის შედეგად), მათი რაოდენობა 9 ათასამდე შემცირდა.
რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალდებულთა სიკვდილიანობას, 2004–დან 2012 წლის ჩათვლით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მთლიანობაში 785 ბრალდებული/მსჯავრდებული გარდაიცვალა.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალდებულთა სუიციდის მაჩვენებლები შემდეგნაირია:
დეპუტატი ამ შემთხვევაში შეცდა, როდესაც აღნიშნა, რომ 2014 წელს სუიციდის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 2014 წლის სექტემბრის მონაცემებით, სუიციდის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ სუიციდის პრევენციის პროგრამის მნიშვნელობაც, რომელიც 2014 წლის იანვრიდან დაიწყო. პროგრამაში 89 სუიციდისკენ მიდრეკილი პატიმარი იქნა ჩართული. აქედან, 71 ზრდასრული და 9 არასრულწლოვანი იყო. პროგრამა სასჯელაღსრულების ხუთ დაწესებულებაში ფუნქციონირებს. პროგრამის მონაწილეთა შორის, 2014 წლის იანვრიდან დღემდე, ადგილი ჰქონდა სუიციდის განმეორებითი მცდელობის შვიდ შემთხვევას, ხოლო დასრულებული სუიციდის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა (საუბარია მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც სუიციდის პრევენციის პროგრამაში იყვნენ ჩართულნი).
რაც შეეხება პატიმრებისთვის მიყენებულ მძიმე ტრავმებს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაგან შემდეგი პასუხი მივიღეთ: „მიუხედავად იმისა, რომ 2000 წლიდან ყველა დაწესებულებაში არსებობს ტრავმების აღრიცხვის ჟურნალი, მძიმე ტრავმების შესახებ მონაცემები განცალკევებით არ აღირიცხებოდა. ომბუდსმენის ანგარიშებშიც არაერთხელ არის გამოთქმული შენიშვნები ტრავმების და დაზიანებების სტანდარტული პროტოკოლის არგამოყენების და შემთხვევათა არასათანადო რეგისტრაციის გამო. 2013 წელს, ჯამურად, სასჯელაღსრულების სისტემაში აღრიცხული იქნა 3 251 ტრავმა და თვითდაზიანება. 2013-2014 წლებში, სამოქალაქო კლინიკებში 8 500-ზე მეტი პატიმრის სამედიცინო გამოკვლევების შედეგად იდენტიფიცირებულია 1087-ზე მეტი ხანდაზმული მძიმე დაზიანება და თანმდევი პათოლოგიები“.
სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2013 წლამდე C ჰეპატიტის ინფექციაზე სასჯელაღსრულების სისტემაში სკრინინგი არც პატიმრის მიღებისას და არც შემდგომ არ ტარდებოდა. დიაგნოსტიკა და მკურნალობა კი, უკიდურესად შეზღუდული იყო. 2013 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ნებაყოფლობითი სკრინინგი 5038 ადამიანს ჩაუტარდა. სკრინინგის შედეგები ცხადყოფს, რომ პროგრამის დაწყებამდე პატიმრების 46-50% C ჰეპატიტის ვირუსით იყო დაინფიცირებული. სკრინინგი C ჰეპატიტის გამოსავლენად ისევ გრძელდება.
ჩვენ ვერ გავარკვიეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენი ადამიანი გახდა ნარკოდამოკიდებული, ვინაიდან მსგავსი მონაცემები სასჯელაღსრულების სისტემაში აღრიცხული არ არის. 2013 წელს პენიტენციურ სისტემაში წამალდამოკიდებულების პრობლემის პირველი შეფასება გაკეთდა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 1 641 პატიმარი იყო დამოკიდებული ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე, წარსულში მათი ავადმოხმარების გამო. აქტიური კამპანიის განხორციელების შედეგად, 2014 წლისთვის აღნიშნული მაჩვენებელი 703-მდე შემცირდა.
დიმიტრი ხუნდაძე პატიმართა ჯანდაცვაზეც საუბრობდა. ამ სფეროსთვის გამოყოფილი ხარჯები შემდეგნაირად გამოიყურება:
2010 წელი |
2011 წელი |
2012 წელი |
2013 წელი |
2014 წელი |
5 384 156 ლარი |
5 858 213 ლარი |
7 187 201 ლარი |
10 967 902 ლარი |
14 936 400 ლარი |
დეპუტატი სწორად მიუთითებს, რომ ჯანდაცვაზე დანახარჯები გაიზარდა, თანაც არა 12, არამდე 15 მილიონამდე. სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯი, ერთ სულზე (მოიცავს პრევენციულ, სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და ფარმაცევტულ დანახარჯებს) წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
2010 წელი |
2011 წელი |
2012 წელი |
2013 წელი |
237 ლარი სულზე |
243 ლარი სულზე |
317 ლარი სულზე |
1097 ლარი სულზე |
დეპუტატი აქაც სწორად აღნიშნავს ერთ სულზე დანახარჯის ზრდას. მართალია, ერთ სულზე 2014 წლის მონაცემები არ გვაქვს, მაგრამ ჯანდაცვის ბიუჯეტი გაზრდილია (4 მილიონით) და შესაბამისად, ერთ სულზე დანახარჯიც პროპორციულად უნდა გაზრდილიყო.
დასკვნა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა. ამოქმედდა სუიციდის პრევენციის პროგრამა, რომელშიც 89 სუიციდისკენ მიდრეკილი პატიმარი იქნა ჩართული. 2013 წლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა დაიწყო. შესაბამისი აქტივობების შედეგად ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულთა რაოდენობა 1 641 პატიმრიდან 703 პატიმრამდე შემცირდა. ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი 15 მილიონამდე გაიზარდა. 2013 წელს ჯანდაცვის დანახარჯმა ერთ სულზე 1 097ლარი შეადგინა.
ფაქტ–მეტრის დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.