მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ ბიზნეს სექტორში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. იგი ასევე შეეხო უმუშევრობის და ხელფასების საკითხსაც და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2012 წლის პირველ ექვს თვეში ახლად დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა 24 922 იყო, ხოლო 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში 25 128 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 24 089-მდე დაეცა, მიმდინარე წელს კი, 737-ით გაიზარდა და 24 826 შეადგინა. შესაბამისად, მართალია მიმდინარე წელს ახლად დარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა აღნიშნული მონაცემი 2011-2012 წლებთან შედარებით კვლავ დაბალია.

გრაფიკი 1: ახალი ბიზნესის რეგისტრაცია 2010–2014 წწ.

image001

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის პირველი სექტემბრისთვის საქართველოში 588 782 საწარმო იყო დარეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 19.2% (113 017) იყო აქტიური. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი წილი (44.6%) ვაჭრობას და საყოფაცხოვრებო ნივთების რემონტს უკავია, მომდევნო ადგილებზე კი, უძრავი ქონებით ოპერაციები ( 9.1%) და დამამუშავებელი მრეწველობაა (7.9%).

გრაფიკი 2: აქტიური საწარმოები საქმიანობის სახეების მიხედვით

image002

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2014 წლის პირველ ორ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 21.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 14.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან, 11.1 მილიარდი ვაჭრობასა და საყოფაცხოვრებო ნივთების რემონტზე, 4 მილიარდი გადამამუშავებელ მრეწველობაზე, ხოლო 2.4 მილიარდი კი, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებზე მოდიოდა.

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ  507 610 ადამიანი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ბიზნეს სექტორში 503 456 დასაქმებული იყო. შესაბამისად, მიმდინარე წელს ბიზნეს სექტორში დასაქმების ზრდა 1%-ზე ნაკლებია. სამუშაო ძალის უმეტესი ნაწილი ვაჭრობაში (22.7%), მრეწველობასა (21%) და ჯანდაცვის (11,3%) სფეროებშია დასაქმებული.

რაც შეეხება ხელფასებს, 2014 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით მომუშავეთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 864.4 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.5% ით მეტია. ყველაზე მაღალი ზრდა სოფლის მეურნეობის სფეროში დაფიქსირდა (20.3%), შემდეგი სამთომომპოვებელი მრეწველობაა (15.7%), ხოლო მესამე ადგილზე სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესია (10.4%).

გრაფიკი-3 გვიჩვენებს მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ხელფასების ზრდას  ეკონომიკის იმ სექტორებში სადაც სამუშაო ძალის ძირითადი ნაწილია დასაქმებული.

გრაფიკი 3: ხელფასების ზრდა სექტორების მიხედვით 2003–2014* წწ.

image003

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური [1]

 

დასკვნა

მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მანძილზე საქართველოში 24 826 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. რაც შეეხება ბრუნვას, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ბიზნეს სექტორში ბრუნვამ 21,1 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ბრუნვა ვაჭრობის (11.1 მლრდ ლარი), მრეწველობის (4 მლრდ ლარი) და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში (2.4 მლრდ ლარი) იყო.

რაც შეეხება ხელფასებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაქირავებით მომუშავეთა ხელფასმა 864.4 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე 8.5%-ით მეტია. ხელფასების ყველაზე მაღალი ზრდა სოფლის მეურნეობის სფეროში დაფიქსირდა (20.3%). შემდეგ ადგილზე, ხელფასების 15.7%-იანი ზრდით, სამთომომპოვებელი მრეწველობაა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ტყემალაძის განცხადება: „მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები სოფლის მეურნეობაში (20.3%), სამთომომპოვებელ მრეწველობაში (15%), სასტუმროების და რესტორნების ბიზნესში, გადამამუშავებელ მრეწველობაში (10%), განათლებაში, ჯანდაცვაში, ვაჭრობაში ( 9%). 2014 წლის პირველ ექვს თვეში 24 800 ბიზნესი დარეგისტრირდა, რაც 737 ერთეულით აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს. 2014 წლის ექვს თვეში ბიზნეს–სექტორში ბრუნვამ 21 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მრეწველობაში ამ რიცხვმა 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა,“ არის სიმართლე.


[1] 2014* – მოცემულია პირველი ექვსი თვის მონაცემები

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია