2014

წლის 30 ივლისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა: „უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ ჩატარებულა თანამშრომელთა ატესტაცია... დარღვეულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის #47 ბრძანებულების და საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები, რომლითაც გათვალისწინებულია, რომ საჯარო მოხელე ატესტაციას ექვემდებარება სამ წელიწადში ერთხელ“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი

საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს. ის აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. მოხელის (თანამშრომლის) ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება (მუხ. 81.1).

ატესტაციას ექვემდებარება მოხელე:

ა) 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.

ატესტაციას არ ექვემდებარება:

ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

1)

მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ირჩევენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები;

ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით (მუხ. 82).

საქართველოს პრეზიდენტის #47 ბრძანებულება

კონკრეტულად განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესებს. კანონისგან განსხვავებით, ბრძანებულებაში ატესტაციას დაქვემდებარებული პირი ასევე წარმოადგენს მოხელეს, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის.

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება №246/42,

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების შესახებ წესებს ადგენს. აქაც, ატესტაციის დაქვემდებარებული პირები არიან განსაზღვრულნი, ასევე განსაზღვრულია, თუ რა მიზანს ემსახურება და რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩატარდეს ატესტაცია.

ფაქტ-მეტრი შეეცადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გაერკვია, თუ რამდენ თანამშრომელს ჩაუტარდა ატესტაცია 2004 წლიდან დღემდე. უწყებიდან მიღებულ ოფიციალურ წერილში აღნიშნულია,

რომ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (საქართველოს კონტროლის პალატაში) თანამშრომელთა ატესტაცია ჩატარდა ორჯერ, 2005 და 2009 წლებში. იმ თანამშრომელთა რაოდენობის დადგენა, რომელთაც 2005 წელს გაიარეს ატესტაცია, არქივში არსებული ინფორმაციის საფუძველზე ვერ მოხერხდა, ხოლო 2009 წელს ატესტაცია ათმა თანამშრომელმა გაიარა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2013 წლიდან დღემდე რამდენჯერმე ჩატარებული კონკურსის შედეგად, სამსახურში 187 თანამშრომელი იქნა მიღებული“.

დამატებითი ინფორმაციისთის, ფაქტ-მეტრი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს – არჩილ კიკვაძეს ესაუბრა.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურში შტატის რაოდენობა, რომელიც კანონითაა დადგენილი, 350-ს შეადგენს (2013 წელს, პრემიერ მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ეს რიცხვი 400–ს უდრიდა).

არჩილ კიკვაძემ ასევე დაადასტურა, რომ უცნობია იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებმაც ატესტაცია 2005 წელს გაიარეს. რაც შეეხება 2009 წელს, აქაც თითქმის იგივე მდგომარეობაა და მონაცემები მხოლოდ ათი თანამშრომლის ატესტაციის შესახებ არსებობს. კიკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ 2014 წლის ოქტომბერში ატესტაცია აუცილებლად ჩაუტარდება ყველა იმ საჯარო მოხელეს, ვისაც კონკურსი არ გაუვლია. ატესტაციის ვადის ათვლა ამ შემთხვევაში 2012 წლიდან იწყება, ვინაიდან უწყებაში არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც წინა წლებში ამა თუ იმ პირის მიერ გავლილ ატესტაციას დაადგენდა.

გარდა ატესტაციისა, ჩვენი რესპოდენტის თქმით, თანამშრომლებს ყოველ წელს, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მინიმუმ 2 ტრეინინგი უტარდებათ, რის შემდგომაც სავალდებულო ტესტირებას გადიან.

  დასკვნა

საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, პრეზიდენტის ბრძანებულება და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება ატესტაციის წესებსა და მოთხოვნებს განსაზღვრავენ. სამართლებრივი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საჯარო მოხელემ აუცილებელია ატესტაცია 3 წელიწადში ერთხელ გაიაროს. შესაბამისად, დეპუტატ მეჭიაურის განცხადება ამ ნაწილში სწორია. თუმცა, იმის თქმა, რომ უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თანამშრომელთა ატესტაცია არ ჩატარებულა, ბოლომდე ზუსტი არ არის. 2009 წელს ატესტაცია ათმა თანამშრომელმა გაიარა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემი ძალიან ცოტაა აუდიტის სამსახურში დასაქმებულების საერთო მაჩვენებლთან (350–400) შედარებით. კანონის შესაბამისად, ატესტაცია ყველა იმ მოხელეს ეხება ვინც შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ დანიშნული არ არის. აქედან გამომდინარე აუდიტის სამსახურში დასაქმებულთა უმეტეს ნაწილს ატესტაცია უნდა გაევლო. უწყებაში ფაქტ–მეტრს განუცხადეს, რომ ახალი ხელმძღვანელობისთვის უცნობია, თუ რატომ გაიარა მხოლოდ ათმა თანამშრომელმა ატესტაცია 2009 წელს.

აღსანიშნავია, რომ ატესტაცია არც 2012-2013 წლებში არ ჩატარებულა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ეს კანონის დარღვევაა, რადგან ხელისუფლების ცვლილებამ გამოიწვია ახალი თანამშრომლების მოზიდვა, რომელთაც გაიარეს კონკურსი, შესაბამისად მათ მხოლო 3 წლის თავზე მოუწევთ ატესტაციის გავლა. დანარჩენ თანამშრომლებს, რომელთაც კონკურსი არ გაუვლიათ ატესტაცია 2014 წლის ოქტომბერში ჩაუტარდებათ.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დეპუტატ მეჭიაურის განცხადება: „უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ ჩატარებულა თანამშრომელთა ატესტაცია... დარღვეულია კანონის მოთხოვნები, რომლითაც გათვალისწინებულია, რომ საჯარო მოხელე ატესტაციას ექვემდებარება სამ წელიწადში ერთხელ“, არის ნახევრად სიმართლე.   რედაქტორის შენიშვნა:

აღნიშნული სტატიის თავდაპირველი ვარიანტი მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გამოქვეყნდა. სტატიას ფაქტ-მეტრის რამდენიმე მკითხველი გამოეხმაურა, რომლებმაც თავიანთ კომენტარებში აღნიშნეს, რომ შვიდი წლის მანძილზე ჩატარებული მხოლოდ ერთი ატესტაცია, რომელიც მხოლოდ ათმა დასაქმებულმა გაიარა, ბოლომდე არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. მკითხველების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ ამ განცხადების შეფასებისას ფაქტ-მეტრის ვერდიქტი, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო, ძალიან მკაცრი იყო.

ამ გამოხმაურებების შემდეგ, ფაქტ–მეტრმა აუდიტის სამსახურში ჩატარებული ატესტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება გადაწყვიტა. ამ მიზნით, ჩვენ აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ვესაუბრეთ. მისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სტატია დაკორექტირდა, ასევე შეიცვალა ფაქტ–მეტრის ვერდიქტიც.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია