30

სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თოქშოუ „არჩევანმა“ „ქართული ოცნების“ 2 წლიანი მმართველობა შეაჯამა. გადაცემაში მთავრობის მთავარ მიღწევად სოციალური პროექტები დასახელდა, განსაკუთრებით კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რის საპასუხოდაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „რაც შეეხება იმას, რომ ახლა არის უფრო სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, პარლამენტში არის 2013 წლის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დარეგისტრირებული ბიუჯეტი და „ქართული ოცნების“ შესრულების ანგარიში და თუ შევადარებთ ერთმანეთს, ვნახავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სოციალურ ხარჯებზე, რომელშიც მათ შორის ჯანდაცვაც შედის, დაგეგმილი ჰქონდა დაახლოებით 182 მლნ ლარით მეტი, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, თუ რამდენით გაიზარდა სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში და როგორია მისი შესრულების მაჩვენებელი. ჩვენ ასევე დავინტერესდით 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო წარდგენილი.

2013 წლის

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, სოციალური უზურნველყოფის დაფინანსება გეგმის მიხედვით 2 279 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა 2013 წელს სოციალური ხარჯების შესრულებამ 2 083 მილიონი ლარი შეადგინა.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის

თანახმად, სოციალურ უზრუნველყოფის დაფინანსება 2 272 მილიონი ლარით განისაზღვრა.

თუ 2013 წლის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს და 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმას შევადარებთ, ვნახავთ, რომ სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი გეგმის მიხედვით 5 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების მიხედვით, ბიუჯეტის პროექტთან შედარებით, სოციალურ უზრუნველყოფაზე 189 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა, როგორც ეს ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რამდენად არის დღეს ბიუჯეტი სოციალურად უფრო ორიენტირებული. ჩვენ დავიანგარიშეთ, მიმდინარე ხარჯების რა პროცენტულ წილს იკავებს სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება (იხ. გრაფიკი N1). სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემებით, სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება (2008-2014 წლებში) ყოველწლიურად იზრდება. 2013 წლიდან სოციალურ ხარჯებზე მთლიანი ხარჯების თითქმის მესამედი მოდის, რაც გარკვეული თვალსაზრისით იმაზე მიუთითებს, რომ 2013 წლიდან ბიუჯეტი უფრო  სოციალურად ორიენტირებულია, ვიდრე ეს წინა წლებში იყო. მიმდინარე ხარჯებში სოციალური ხარჯების წილის ყველაზე მაღალი (5.8 პროცენტული პუნქტით) ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა.

ჩვენ ასევე წინა მთავრობის მიერ წარდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი გავაანალიზეთ, რომლის თანახმადაც სოციალურ ხარჯებზე გეგმის მიხედვით  2 272 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო მთლიან ხარჯებზე კი - 7 117 მლნ ლარი. შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის წილი მთლიანი ხარჯების 31.9%-ს შეადგენდა, რაც 2013 წლის შესრულების მაჩვენებლის იდენტურია.

გრაფიკი 1:

სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები

image001

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში პრიორიტეტები შეიცვალა. თუ წინა ხელისუფლება პრიორიტეტს უფრო მიზნობრივ დახმარებას ანიჭებდა, მოქმედი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი საყოველთაო პროგრამები გახდა (მაგალითად: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, უფასო სახემძღვანელოების  პროგრამა და ა.შ.). სოციალური უზრუნველყოფის რომელი მოდელია უფრო ეფექტიანი, საყოველთაო თუ მიზნობრივი, ამას ბუნებრივია დრო აჩვენებს და ის ცალკე განხილვის საგანია.

  დასკვნა 2013

წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონაცემებით, წლის განმავლობაში სოციალურ უზრუნველყოფაზე 2 083 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება პარლამენტში წინა მთავრობის მიერ წარდგენილ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, მისი მიხედვით სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებაზე 2 272 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული. შესაბამისად, წინა მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით, 2013 წელს სოციალურ უზრუნველყოფაზე 189 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „2013 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" სოციალურ ხარჯებზე დაგეგმილი ჰქონდა დაახლოებით 182 მლნ ლარით მეტი, ვიდრე "ქართულმა ოცნებამ" დახარჯა,“ არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი