მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა: „2012-13 წლების დინამიკას თუ შევხედავთ და მიმდინარე წელს შევადარებთ, მიმდინარე წელს უკვე შეიმჩნევა 62%-ით ზრდა საექსპორტო პროდუქციისა [ღვინის]. თუ გასული მთელი წლის მონაცემებით 47 მილიონი ბოთლი იქნა ექსპორტზე გატანილი, უკვე წელს, 9 თვეში 43 მილიონი ბოთლი იქნა ექსპორტირებული“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2014წლის 9 თვეში (იანვარ-სექტემბერი) მსოფლიოს 39 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 42.8 მლნ. (1 ბოთლი = 0.75 ლიტრი) ბოთლი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 62%-ით მეტია. ღვინის ექსპორტმა თანხაში 137.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 64%-ით აღემატება 2013 წლის პირველი 9 თვის ანალოგიურ მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის 65% რუსეთზე მოდის. რუსეთში ღვინის ექსპორტმა 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით 27.9 მლნ. ბოთლი შეადგინა. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი, ბელარუსი, ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.
ფაქტ-მეტრი ღვინის ექსპორტის ზრდაზე ადრეც წერდა.2013 წელს ექსპორტზე გასული ღვინის მოცულობამ 35.9 მლნ. ლიტრი, ანუ 47.9 მლნ. (0.75 ლ) ბოთლი შეადგინა. ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 129.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის შემოსავალს 195.2%-ით აღემატებოდა.
გრაფიკი 1:დასკვნა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 9 თვეში (იანვარ-სექტემბერი) ღვინის ექსპორტმა 42.8 მლნ. (0.75 ლ.) ბოთლი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 62%-ით მეტია. ღვინის ექსპორტმა თანხაში 137.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება.
2013წელს ექსპორტზე გასული ღვინის მოცულობამ 35.9 მლნ. ლიტრი, ანუ 47.9 მლნ. ბოთლი შეადგინა. ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 129.5 მლნ აშშ დოლარს უდრიდა, რაც 2012 წლის შემოსავალს 195.2%-ით აღემატებოდა.
ამდენად, გიგლა აგულაშვილის განცხადება: „მიმდინარე წელს უკვე შეიმჩნევა საექსპორტო პროდუქციის [ღვინის] 62%-ით ზრდა. თუ გასული მთელი წლის მონაცმებით 47 მილიონი ბოთლი იქნა ექსპორტზე გატანილი, უკვე წელს, 9 თვეში 43 მილიონი ბოთლი იქნა ექსპორტირებული,“ არის სიმართლე.