მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებზე ისაუბრა. მან ყურადღება საგარეო ვაჭრობის 12%-იან ზრდაზე გაამახვილა, ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ექსპორტის მაღალი ზრდა დაფიქსირდა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი 8 თვის განმავლობაში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 6.1% შეადგინა. პირველ კვარტალში მშპ-ს რეალური ზრდა 7.2% იყო, ხოლო მეორე კვარტალში - 5.2%. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს მაჩვენებელი არ არის განსაკუთრებით მაღალი, კერძოდ, 2011 წლის პირველ და მეორე კვარტალში მშპ-ს ზრდის ტემპი 6.6% და 8.2% იყო. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო წლების მანძილზე 6-7%-ის ფარგლებში მერყეობდა, თუ არ ჩავთვლით 2013 წელს, როცა ეკონომიკური ზრდის ტემპი შედარებით დაეცა (3.2%-მდე). მიმდინარე წელს მშპ-ს 5%-იანი რეალური ზრდაა პროგნოზირებული. 2014 წელი არ არის პირველი, როცა პროგნოზირებულზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური [1]
რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, წინა წლებთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 11.6%-ით მაღალი იყო და 7 411 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს სავაჭრო სალდო[2]
კვლავ უარყოფითია და მიმდინარე წლის პირველი 8 თვის მონაცემებით 3 583 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 14.8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს. გრაფიკი-2 გვიჩვენებს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს 2009-2014* წლებში.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ექსპორტმა მიმდინარე წელს 1 914 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო ვაჭრობის 25.8%-ია. 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 760 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც საგარეო ვაჭრობის 27% იყო. მიმდინარე წლის პირველი 8 თვის მონაცემებით ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.7%-ითაა გაზრდილი. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არაა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ვინაიდან 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ზრდამ 13.6% შეადგინა, ხოლო 2010-2011 წლებში ექსპორტის ზრდა 36-38%-ის ფარგლებში იყო.
იმპორტის წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ისევ მაღალია და 74.2%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს საქართველოში 5 497 მლნ აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა, 22.6%-ით მეტი ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში. იმპორტის ზრდა შიდა მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს, რომელიც თავის მხრივ შემოსავლების ზრდის შედეგია და შესაბამისად პოზიტიური მოვლენაა.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
დასკვნა
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის მონაცემებით მშპ-ს რეალური ზრდა 6.1%-ია. მშპ-ს რეალური ზრდა პირველ კვარტალში 7.2%, ხოლო მეორე კვარტალში 5.2% იყო. თუმცა, ეს არ არის განსაკუთრებით მაჩვენებელი, რამდენადაც წინა წლებში მშპ-ს კვარტალური ზრდა 6-8%–ის ფარგლებში მერყეობდა. ასევე, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში მშპ-ს წლიური ზრდა 6-7%-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო მიმდინარე წელს მშპ-ის 5%-იანი ზრდაა დაგეგმილი.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 411 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 11.5%-ით მეტია. ექსპორტის ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა და მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 25.8% შეადგინა. 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტის ზრდა 13.6%-ით განისაზღვრა. მართალია მიმდინარე წელს პოზიტიურ ეკონომიკურ ცვლილებებს აქვს ადგილი, მაგრამ ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის რეკორდული მაჩვენებლები, რამდენადაც წინა წლების განმავლობაში (თუ არ ჩავთვლით 2013 წელს) უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა.
შესაბამისად, გიორგი კვირიკაშილის განცხადება: „წლევანდელი წელი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ეკონომიკის მიმართულებით, ძალიან ბევრი პარამეტრით: ეკონომიკის ზრდის პარამეტრით, ვაჭრობა იზრდება 12%–ით უკვე, ექსპორტის ძალიან შესამჩნევი ზრდა გვაქვს, პირველად ბოლო წლების განმავლობაში,“ არის ნახევრად სიმართლე.