მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 45%-ით შემცირდა და 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2014 წლის 10 სექტემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ნოდარ ხადურმა ქვეყანაში შემოსულ ინვესტიციებთან დაკავშირებით შემდეგი განცხადებაგააკეთა: “მეორე კვარტალში მოხდა სტრუქტურული ცვლილება, ანუ „თიბისი“ ბანკმა მოიზიდა არა პირდაპირი ინვესტიცია, არამედ პორტფელური ინვესტიცია, ჯამში უცხოური ინვესტიციების მოცულობა, პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების, 20%-ით გაიზარდა“. ფინანსთა მინისტრის თქმით, მდგომარეობა საგანგაშო არაა - განხორციელდა სტრუქტურული ცვლილება და პირდაპირი ინვესტიციები პორტფელურმა ინვესტიციებმა ჩაანაცვლა. ამ განცხადებაში მინისტრი „თიბისი“ ბანკის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოზიდულ პორტფელურ ინვესტიციას გულისხმობდა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის მეორე კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 151 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო პორტფელურმა ინვესტიციებმა 209 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 207 მლნ აშშ დოლარის პორტფელური ინვესტიცია საბანკო სექტორში განხორციელდა. რაც შეეხება 2013 წელს, გასული წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში 208 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო პორტფელური ინვესტიციები 94 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. მთლიანობაში, 2013 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციები 114 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოსული პორტფელური და პირდაპირი ინვესტიციები ერთად 360 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 3.1-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს, ხოლო 2014 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მონაცემზე 24%-ით მეტია. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა პორტფელური ინვესტიციების შემოდინების ხარჯზე მოხდა, ხოლო რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს, მიმდინარე წელს მათი ოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
გრაფიკი 1-დან ჩანს, რომ პირველი მნიშნელოვანი ჩავარდნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაში 2009 წელს დაფიქსირდა, რაც რუსეთ-საქართველოს ომის და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგად იყო გამოწვეული. თუმცა, 2010 წლიდან პირდაპირი ინვესტიციების ზრდა გაგრძელდა. 2012 წელი ხელისუფლების გადაცემის წელი იყო, რამაც უარყოფითად იმოქმედა ინვესტიციებზე. 2013
წელს პირდაპირ ინვესტიციებში ზრდა ფაქტიურად არც ყოფილა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ნეგატიურად მოქმედებს ახალი კაპიტალის ფორმირებაზე და აფერხებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესს. ყოველ მომდევნო წელს უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვაა საჭირო, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არ შემცირდეს. ამის მაგალითი იყო 2013 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპის ვარდნა, რომლის ერთ-ერთ მიზეზსაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2012 წელთან უმნიშვნელოდ ზრდა წარმოადგენდა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა (101 მლნ აშშ დოლარი), რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.3-ჯერ აღემატება. შემდეგ მოდის მრეწველობა 58 მლნ აშშ დოლარით, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, მესამე ადგილზე კი ენერგეტიკაა 45 მლნ აშშ დოლარით, რაც 1.5-ჯერ ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს (71 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება საფინანსო სექტორს, მიმდინარე წელს ამ სექტორიდან 127 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გავიდა, თუმცა ამავდროულად 207 მლნ დოლარის პორტფელური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ძირითადად „თიბისი“ ბანკის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების გაყიდვამ განაპირობა. შესაბამისად, მინისტრის განცხადება, რომ „თიბისი“ ბანკმა პორტფელური ინვესტიცია მოიზიდა, სიმართლეა. თუმცა, პორტფელური ინვესტიციის განხილვა პირდაპირი ინვესტიციის შემცვლელად არამართებულია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეალური კაპიტალის შესყიდვას გულისხმობს და ამასთან ინვესტორი მონაწილეობას იღებს საწარმოს მართვაში. რაც შეეხება პორტფელურ ინვესტიციებს, მათ ფასიან ქაღალდებში კაპიტალდაბანდებები მიეკუთვნება და ძირითადად სპეკულაციურ ხასიათს ატარებს. პორტფელური ინვესტიციები ძირითადად მოკლევადიანი და ეკონომიკური შოკების მიმართ მგრძნობიარეა, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები უფრო სტაბილურია და ქვეყანაში ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსების წყაროს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, პირდაპირი ინვესტიციების დინამიკა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ. პირდაპირი ინვესტიციების შემცირების მიზეზები შეიძლება იყოს არასტაბილური პოლიტიკური გარემო და რეგულაციების ხშირი ცვალებადობა, რაც ეკონომიკურ რისკებს ზრდის და შესაბამისად, უცხოელი ინვესტორებიც ქვეყანაში გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებისგან თავს იკავებენ.
რაც შეეხება „თიბისი“ ბანკის მიერ მიღებულ ინვესტიციას, მიუხედავად პორტფელური ინვესტიციის მაღალი მოცულობისა, ის მაინც არასტაბილურად შეიძლება ჩაითვალოს, რამდენადაც ეკონომიკური პროცესების ნეგატიური განვითარების შემთხვევაში ინვესტორს თავისუფლად შეუძლია ფულადი სახსრები უფრო სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყნისკენ მიმართოს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის ეკონომიკური შოკის ნეგატიურ ეფექტს. შესაბამისად, მაკროეკონომიკური სტაბილურობის ანალიზისთვის ეკონომისტები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას ეყრდნობიან.
აღსანიშნავია, რომ პორტფელური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში ყოველთვის ჰქონდა ადგილი. თუმცა, ინვესტიციების შემოდინების ტენდენციების განხილვისას, მათი დაჯამება პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებთან არ მომხდარა. გრაფიკი-2 გვიჩვენებს ქვეყანაში შემოსულ პირდაპირ და პორტფელურ ინვესტიციებს ერთად და ცალ-ცალკე 2005-2013 წწ პერიოდში.
გრაფიკი 2:
ქვეყანაში შემოსული პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციები 2005-2013 წწ.
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2013 წელს პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით განახევრდა და 1793 მლნ აშშ დოლარიდან 900 მლნ აშშ დოლარამდე დაეცა, თუმცა მაშინ ამ ფაქტზე ყურადღება არავის გაუმახვილებია და მთავრობა აქცენტს მხოლოდ პირდაპირ ინვესტიციებზე აკეთებდა.
მართალია 2014 წლის მეორე კვარტალში საფინანსო სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წილის გაყიდვის გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა და პორტფელური ინვესტიციები გაიზარდა,თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაჯამება პორტფელურ ინვესტიციებთან ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს შესაფასებლად არამართებულია.
ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ პირდაპირი ინვესტიციები გამოითვლება პირდაპირი ინვესტიციების შემომავალ ნაკადებსა და ინვესტორებისადმი ვალდებულებების შემცირებას შორის სხვაობით. გრაფიკი-3 გვიჩვენებს, რომ 2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება გამოწვეული იყო არა ინვესტიციების შემომავალი ნაკადების კლებით, არამედ წინა წლებში განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების კლებით (ინვესტორების მიმართ ვალდებულებების შემცირებით).
გრაფიკი 3:
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2011-2013 წწ.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი დასკვნა 2014წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა ინვესტიციებმა 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 27.4%-ით ჩამორჩება, ხოლო პორტფელური ინვესტიციები 209 მლნ აშშ დოლარი იყო. მთლიანობაში, მეორე კვარტალში შემოსული პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციები 360 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემს 3-ჯერ აღემატება, ხოლო პირველ კვარტალში შემოსულ ინვესტიციებზე (პირდაპირი+პორტფელური) 24%-ით მეტია. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზრდა ძირითადად საბანკო სექტორში შემოსული პორტფელური ინვესტიციების ხარჯზეა.
საბანკო სექტორში მართლაც შემოვიდა 207 მლნ აშშ დოლარის პორტფელური ინვესტიცია, თუმცა აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტფელურით ჩანაცვლებაზე საუბარი არამართებულია, რამდენადაც პირდაპირი ინვესტიციის დანიშნულება და ეფექტი ეკონომიკაზე გასხვავდება პორტფელური ინვესტიციის გავლენისგან. პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გრძელვადიანი და სტაბილურია განსხვავებით პორტფელური ინვესტიციისგან, რომელიც უფრო მგრძნობიარეა ეკონომიკური შოკების მიმართ. ამასთან, პორტფელური ინვესტიციების გადინება და შემოდინება ყოველ წელს ხდებოდა, თუმცა მათი დაჯამება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან მხოლოდ წელს მოხდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნოდარ ხადურის განცხადება: „მეორე კვარტალში მოხდა სტრუქტურული ცვლილება, ანუ "თიბისი" ბანკმა მოიზიდა არა პირდაპირი ინვესტიცია, არამედ პორტფელური ინვესტიცია. ჯამში უცხოური ინვესტიციების მოცულობა, პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების არის გაზრდილი 20 %-ით,“ არის მეტწილად მცდარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის არარეზიდენტი პირის მიერ განხორციელებული ინვესტიციები, რომელიც საწარმოს საწესდებო კაპიტალის 10%-ს აღემატება და ინვესტორს საწარმოს მართვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, ხოლო ინვესიტიციები, რომელთა მოცულობაც საწარმოს საწესდებო კაპიტალის 10%-ზე ნაკლებია, პორტფელურ ინვესტიციებად კლასიფიცირდება.