წლის 12 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ „საქართველოს რკინიგზაში“ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. უმცირესობის დეპუტატმა განაცხადა: „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გადაზიდული ტვირთების რაოდენობის კლებაა, ეს ტენდენცია უკვე მეორე წელია გრძელდება. მთლიანი გადაზიდული ტვირთების მოცულობა, იანვარ-ივლისში 2013 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 771 000 ტონით ნაკლებია, 2014 წლის გეგმასთან შედარებით - 2 200 000 ტონით ნაკლები. ამჟამინდელი პროგნოზით საქართველოს რკინიგზა ტვირთების გადაზიდვის მოცულობით დაახლოებით 2009 წლის (ომის შემდგომი წლის) მაჩვენებელზე გადის. „საქართველოს რკინიგზის“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლარში შემოსავლები გაზრდილია, არის უბრალოდ კურსით მანიპულირება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. რეალურად მოგება ბაზისურ ვალუტაში, დოლარში, მნიშვნელოვნად შემცირებულია, ისევე როგორც კომპანიის ღირებულება“.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით,გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2014 წლის პირველ რვა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მართლაც შემცირებულია. 2014 წლის 7 თვის მონაცემებით, 2013 წლის 7 თვის მაჩვენებელთან შედარებით ტვირთების მოცულობა 771 125 ტონით შემცირდა, რვა თვის მონაცემებით კი სხვაობამ 900 473 ტონა შეადგინა. ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ გეგმის მიხედვით, 2014 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, 11 705 321 ტონა ტვირთი უნდა ყოფილიყო გადაზიდული. ამჟამინდელი მდგომარეობით გეგმასთან ჩამორჩენა 2 208 710 ტონას შეადგენს.
ცხრილი 1:
სულ გადაზიდული ტვირთები 2013-2014 წწ.
წყარო: საქართველოს რკინიგზა„საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია 2012-2013 წლებში გადაზიდული ტვირთების მოცულობაც,
რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ტვირთების მოცულობის კლების ტენდენცია შარშანაც არსებობდა. საერთო ჯამში, „საქართველოს რკინიგზამ“ 2013 წელს წინა წელთან შედარებით 1 891 015 ტონა ტვირთით ნაკლები გადაზიდა.
ცხრილი 2:
სულ გადაზიდული ტვირთები 2012-2013 წწ.
წყარო: საქართველოს რკინიგზა
ქვემოთ წარმოდგენილ გრაფიკში ნაჩვენებია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ 2008-2013 წლებში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების დინამიკა.
„საქართველოს რკინიგზის“ 2014 წლის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17 305 648 ტონას უნდა მიაღწიოს, რაც ოდნავ აღემატება 2009 წლის მაჩვენებელს.
რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის“ ფინანსურ მდგომარეობას, 2014 წლის 8 თვის ოპერატიული მონაცემებით,სს „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 335 მლნ ლარი შეადგინა, რაც 9.3%-ით (28.6 მლნ. ლარი) მეტია 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. სატვირთო გადაზიდვებიდან შემოსავალი 6.9%-ით (16.3 მლნ. ლარი) გაიზარდა და 251 მლნ ლარი შეადგინა, რაც მშრალი ტვირთების და ნავთობპროდუქტების გადაზიდვიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. სხვა სატვირთო ოპერაციებიდან მიღებულმა შემოსავალმა 70.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18.7%-ით მეტია.
„საქართველოს რკინიგზის“ 2014 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგებისთანახმად, მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით „საქართველოს რკინიგზის“ დაუბეგრავი მოგება 48,448 მილიონიდან 36,987 მილიონ ლარამდე შემცირდა (23.6%).
თუმცა, ამავე პერიოდში „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავალი დაახლოებით 15 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 229.8 მლნ ლარს აღწევს.
ფაქტ-მეტრმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადების ის ნაწილი გააანალიზა, სადაც დეპუტატი „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან ვალუტის კურსით მანიპულირებასა და დოლარში მოგების, ისევე როგორც კომპანიის ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებაზე საუბრობდა. 2014 წლის 6 თვის მონაცემებით, „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 932 000 დოლარითაა გაიზარდა, თუმცა 2012 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 5 882 000 დოლარით ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის იანვარ-ივლისის შემოსავლებს 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავლები 6.8 მილიონი დოლარით ჩამორჩებოდა, 2013 წლის ბოლოს კომპანიის შემოსავალმა 2012 წლის მაჩვენებელს 1 559 000 დოლარით გადააჭარბა.
რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის“ აქტივების ღირებულებას, 2014 წლის 6 თვის მონაცემებით, ის 40 557 ლარითაა გაზრდილი. თუმცა, თუ აღნიშნულ თანხას დოლარში გადავიყვანთ ვნახავთ, რომ 2013 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით, 2014 წლის პირველი ექვსი თვის მდგომარეობით, “საქართველოს რკინიგზის“ მთლიანი აქტივები 53 082 დოლარით შემცირდა.
ზურაბ ჯაფარიძე „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბრუნვისა და შემოსავლების შემცირებას არაკომპეტენტურ მენეჯმენტს უკავშირებს. შემცირებულ ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით განმარტება „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ 2014 წლის 27 მარტს გააკეთა. მისი განცხადებით,ტვირთბრუნვის შემცირების მიუხედავად,რკინიგზის შემოსავლებმა იმატა და ფინანსური გეგმა ჩვეულებრივად სრულდება. “შავი ზღვის პორტებში დაახლოებით 15%-ითაა შემცირებული ტვირთბრუნვა. ბუნებრივია,თუ შავი ზღვის პორტები ნაკლებ ტვირთებს გადაამუშავებენ, შესაბამისად, ჩვენს დერეფანში რკინიგზის მეშვეობით ნაკლები ტვირთი გამოივლის. ასე რომ, ამას ობიექტური მიზეზები აქვს და საგანგაშო არაფერია. შემოსავლების მატება კი დამოკიდებულია იმ რეზერვზე, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ. ზრდა განაპირობა მოქნილი ტარიფების შემოღებამ, სადგურში სერვისების გაუმჯობესებამ და “ჯორჯიან ტრანზიტის” შემოსავლების რკინიგზის ბიუჯეტში გადმორიცხვამ, რომელიც გასულ წლებში, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ოფშორში კერძო პირების ჯიბეებში ილექებოდა. რაც შეეხება ტვირთებს, მათი რაოდენობა ბაზრებზე ვითარების ცვლილების პროპორციულად გაიზრდება“ – განაცხადა კოკა გუნცაძემ.
დასკვნა „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2014 წლის პირველ რვა თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. კომპანიის ცნობით, ტვირთების მოცულობის კლების ტენდენცია გასულ წელსაც არსებობდა. 2014 წლის 7 თვის მონაცემებით, 2013 წლის 7 თვის მაჩვენებელთან შედარებით ტვირთბრუნვა 771 125 ტონითაა შემცირებული, რვა თვის მონაცემებით კი სხვაობა 900 473 ტონას შეადგენს. „საქართველოს რკინიგზის“ გეგმის მიხედვით, 2014 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, გადაზიდული 11 705 321 ტონა ტვირთი უნდა ყოფილიყო. ამჟამინდელი მდგომარეობით, გეგმასთან ჩამორჩენა 2 208 710 ტონას შეადგენს. “საქართველოს რკინიგზის“ 2014 წლის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17 305 648 ტონას უნდა მიაღწიოს, რაც 2009 წლის მაჩვენებელს ოდნავ აღემატება.
რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლებს აშშ დოლარში, ის 2014 წლის 6 თვის მონაცემებით, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 932 000 დოლარითაა გაზრდილი, თუმცა, 2012 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 5 882 000 დოლარით ჩამორჩება. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის იანვარ-ივლისის შემოსავლებს 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსავლები 6.8 მილიონი დოლარით ჩამორჩებოდა, 2013 წლის ბოლოს კომპანიის შემოსავალმა 2012 წლის მაჩვენებელს 1 559 000 დოლარით გადააჭარბა. 2014 წლის 6 თვის შემოსავლები კი წინა წლის მაჩვენებელს უკვე თითქმის 1 მლნ დოლარით აღემატება, შესაბამისად, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების ის ნაწილი, სადაც იგი დოლარში „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლების მნიშვნელოვან კლებაზე მიუთითებს, არაზუსტია.
2014წლის 6 თვის მონაცემებით, „საქართველოს რკინიგზის“ აქტივების ღირებულება 40 557 ლარითაა გაზრდილი. თუმცა, თუ აღნიშნულ თანხას დოლარში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ 2013 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით, 2014 წელს “საქართველოს რკინიგზის“ მთლიანი აქტივები 53 082 დოლარითაა შემცირებული.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.