„მთავრობის ხელშეწყობით 1 კილოგრამი ყურძნის მინიმალური ფასი 1 ლარია. წელს, როგორც რქაწითელზე, ისე საფერავზე რეკორდული ფასი დაფიქსირდა“. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს კახეთის რეგიონში 100 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, ხოლო წელს 100 000 ტონაზე მეტ ყურძნის მოსავალს ელიან.
ფაქტ-მეტრი მიმდინარე წელს არსებული ყურძნის ფასებით დაინტერესდა და აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით ჩაბარებული ყურძნის რაოდენობამ 116 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო მიღებული შემოსავალი 155 მლნ ლარი იყო. შესაბამისად გამოდის, რომ 1 კგ ყურძნის საშუალო ფასი სუბსიდიის ჩათვლით 1.34 ლარია. ყველაზე მაღალი ფასი (2.5 ლარი) საფერავის ჯიშის ყურძენზე დაფიქსირდა. მიმდინარე წელს 1 კგ საფერავის საშუალო ფასმა 1.95 ლარი შეადგინა, ხოლო რქაწითელზე საშუალო ფასი 1 ლარის ტოლია. გამომდინარე აქედან, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მიმდინარე წელს ყურძნის მინიმალური ფასი 1 ლარი იყო, სიმართლეა.
რაც შეეხება მთავრობის როლს ყურძნის ფასის განსაზღვრაში, სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახდენს. სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებლად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო. 1 კგ ყურძენზე გამოყოფილი სუბსიდია ყოველწლიურად, დარგში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით იცვლებოდა. ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში გამოყოფილ სუბსიდიას 2011-2013 წლებში.
ცხრილი 1:
რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების ფარგლებში გამოყოფილი სუბსიდია 2011-2013 წწ.
2011 |
2012 |
2013 |
||
რქაწითელი: | სუბსიდია (მლნ ლარი) |
3.1 |
9.4 |
24.8 |
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა (ათასი ტონა) |
20.9 |
37.6 |
62 |
|
საფერავი: | სუბსიდია (მლნ ლარი) |
5.6 |
5.2 |
6.4 |
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა (ათასი ტონა) |
22.3 |
15 |
25.8 |
2013 წელს 1 კგ საფერავზე სუბსიდია 25 თეთრს შეადგენდა, ხოლო რქაწითელზე გამოყოფილი სუბსიდია 40 თეთრი იყო. 2014 წელს იყო საუბარი, რომ საფერავის სუბსიდირება შეწყვეტილიყო ამ ჯიშის ყურძენზე მოთხოვნის გაზრდის გამო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით სუბსიდია საფერავზე 15 თეთრამდე, ხოლო რქაწითელზე 35 თეთრამდე შემცირდა. ამ თემაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა.
ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წელს, სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას იმ შემთხვევაში ახდენს, თუ შემსყიდველი 1 კილოგრამ ყურძენში არანაკლებ 1 ლარს გადაიხდის. გამომდინარე აქედან, სახელმწიფოს ყურძნის მინიმალური ფასის 1 ლარის დონეზე შენარჩუნებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის.
2012წლის ბოლოს რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო მოხსნა, რამაც დადებითად იმოქმედა ღვინის ექსპორტზე. შესაბამისად, ყურძენზე მოთხოვნაც გაიზარდა. კერძოდ, 2013 წელს ექსპორტზე გატანილი ღვინის რაოდენობა 1.8-ჯერ გაიზარდა, ხოლო ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 2012 წელთან შედარებით გაორმაგდა და 130 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ცვლილებები პოზიტიურად აისახა ყურძნის ფასსა და წარმოებაზე. ამდენად, დარგში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებების გათვალისწინებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ დარგი მზადაა დამოუკიდებელი განვითარებისთვის და დროა სახელმწიფომ ყურძენზე ფასის განსაზღვრა ბაზარს მიანდოს და თანდათანობით გამოვიდეს სუბსიდირების მექანიზმიდან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2013 წელს 1 კგ საფერავის საშუალო შეწონილი ფასი (სუბსიდირების გარეშე) 0.98 ლარი იყო, ხოლო რქაწითელის ფასმა 0.73 ლარი შეადგინა. ამასთან, 2013 წელს რთველი სუბსიდირებული იყო, კერძოდ, 1 კგ საფერავზე სუბსიდია 25 თეთრს შეადგენდა, ხოლო 1 კგ რქაწითელზე სუბსიდიის ოდენობა 40 თეთრი იყო. შესაბამისად, 2013 წელს ჩასაბარებელი ყურძნის საშუალო ფასი 1 ლარზე მაღალი იყო და მიმდინარე წელი არ არის პირველი წელი, როცა ყურძნის მაღალი ფასები დაფიქსირდა.
გრაფიკი 1:
ყურძნის (საფერავი და რქაწითელი) საშუალო შეწონილი ფასი 2008-2013 წწ.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო
რაც შეეხება ყურძნის წარმოებას, საქსტატის მონაცემებით 2013 წელს კახეთის რეგიონში ყურძნის წარმოება 129.5 ათასი ტონა იყო, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ყურძნის წარმოებამ 222.8 ათასი ტონა შეადგინა. კახეთში ღვინის საწარმოებლად გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 92 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო მიღებული შემოსავალი 108 მლნ ლარი იყო. მიმდინარე წელს გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა 116 ათას ტონამდე, ხოლო შემოსავალი 155 მლნ ლარამდე გაიზარდა.
დასკვნა
მიმდინარე წელს ყურძენზე მაღალი ფასი დაფიქსირდა. ყურძნის ფასი 2013 წელსაც მაღალი იყო. მიმდინარე წელს რთველი სუბსიდირებულია. სუბსიდია 1 კგ საფერავზე 15 თეთრს, ხოლო რქაწითელზე 35 თეთრს შეადგენს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მთავრობა ყურძენზე სუბსიდიას მხოლოდ იმ პირობით გამოყოფს, თუ ჩაბარებული ყურძნის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ იქნება. შესაბამისად, სახელმწიფოს თავისი წვლილი მიუძღვის ყურძნის მინიმალური ფასის დაწესებაში. რაც შეეხება მოსავალს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამჟამად გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა 116 ათას ტონას, ხოლო ყურძნის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი 155 მლნ ლარს შეადგენს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „მთავრობის ხელშეწყობით 1 კილოგრამი ყურძნის მინიმალური ფასი 1 ლარია. წელს, როგორც რქაწითელზე, ისე საფერავზე რეკორდული ფასი დაფიქსირდა“, არის სიმართლე.