მიმდინარე წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგო რატიანმა, პრემიერ-მინისტრისადმი კითხვით მიმართვისას, ყურადღება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა იზრდება. მისი თქმით, „დღეისათვის სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა არის 33 000-ზე მეტი, მათ შორის, 11 000-ზე მეტი არის გადაუხდელობის გამო. ეს ციფრი 2012 წლის 1 ოქტომბრისათვის იყო 11 000, გაიზარდა სამჯერ. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში იყო უკვე 28 000 და აქედან 8 000 იყო გადაუხდელობის გამო”. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, „სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ფულს ვერ იხდიდნენ, პირიქით მცირდება“.

ფაქტ-მეტრი დეპუტატისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებების სიზუსტით დაინტერესდა და მათი გადამოწმება გადაწყვიტა.

იმის გასარკვევად, თუ რა მონაცემებს ეყრდნობოდა სერგო რატიანი განცხადების გაკეთებისას, ფაქტ-მეტრი დეპუტატს დაუკავშირდა. სერგო რატიანმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ აღნიშნული მონაცემები ოფიციალური უწყებიდან, კერძოდ კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან ჰქონდა. ცენტრის ინფორმაციის თანახმად, 2014 წლისიანვრის მდგომარეობით, „ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ერთსაფეხურიანი სამედიცინო, დოქტორანტურა, ქართულ ენაში მომზადება, პროფესიული უმაღლესი და 4-5 საფეხურის პროფესიული) 33 575-ს შეადგენდა. მათგან, საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი 11 685 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული“. ასევე, ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 1 ოქტომბრისათვისსტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 28 055-ს შეადგენდა. მათგან, სწავლის საფასურის გამო, სტატუსი 8 304 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული.

როგორც ვხედავთ, დეპუტატის მიერ დასახელებული რიცხვები სწორად ასახავს სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობრივ მონაცემებს. შესაბამისად, თუკი 2013 წლის 1 ოქტომბრისათვის სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 28 055-ს იყო, 2014 წლის 21 იანვრისთვის ის უკვე 5 520 სტუდენტით გაიზარდა. გაზრდილია სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობაც. შესაბამისად, არასწორია პრემიერის განცხადება, რომ „სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ფულს ვერ იხდიდნენ, პირიქით მცირდება“.

სერგო რატიანმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 11 000 იყო. დეპუტატმა ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას განათლების სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელობამ დაუდასტურა, თუმცა ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან ვერ მიიღო. სერგო რატიანის თქმით, უწყებამ მიზეზად ძველი ბაზების გაუმართაობა დაასახელა.

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობრივი მონაცემების დასაზუსტებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ფაქტ-მეტრმაც მიმართა. პირველი წერილი, მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიგზავნა და პასუხი 27 აგვისტოს მივიღეთ. წერილში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ტექნიკური დეტალის დაზუსტებას ითხოვდა. დაზუსტების მიზნით, ფაქტ-მეტრმა მეორე წერილი 29 აგვისტოს გაგზავნა, პასუხი კი 29 სექტემბერს მივიღეთ. აღნიშნულ წერილში ხარისხის გავითარების ცენტრი კვლავ შეკითხვის დაზუსტებას ითხოვდა. უფრო კონკრეტულად კი მათთვის გაუგებარი აღმოჩნდა წერილის შემდეგი პუნქტი:

„გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის, ერთსაფეხურიანი სამედიცინო, დოქტორანტურის, ქართულ ენაში მომზადების, პროფესიული უმაღლესი და 4–5 საფეხურის პროფესიული დაწესებულებების სტუდენტების შესახებ“ – ცენტრი გვთხოვდა დაგვეკონკრეტებინა, თუ რას ვგულისხმობდით 4–5 საფეხურის პროფესიული დაწესებულებებში (შენიშვნა: დეპუტატისათვის გაგზავნილ წერილში ცენტრმა თვითონ განმარტა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობაში შედის: ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, ერთსაფეხურიანი სამედიცინოს, დოქტორანტურის, ქართულ ენაში მომზადების, პროფესიული უმაღლესი და 4–5 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები).

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის შესახებ დაზუსტებული, მათ შორის 2012 წლის შესახებ, ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მიგვიღია. ფაქტ-მეტრმა ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს კიდევ ერთხელ მისწერა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაციას სტატიაში შევიტანთ და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ცვლილებებსაც ავსახავთ.

დასკვნა

2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 28 055 იყო, მათგან, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეჩერებული 8 309 სტუდენტს ჰქონდა. 2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კი, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 33 575-ს შეადგენდა, მათგან, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი შეჩერებული 11 685-ს სტუდენტს ჰქონდა. ფაქტ-მეტრს სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ 2012 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობის ამსახველი ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია არ მოეპოვება. სერგო რატიანის ინფორმაციით, მათი რაოდენობა 11 000 იყო.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგო რატიანის განცხადება: „დღეისათვის სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა არის 33 000-ზე მეტი, მათ შორის 11 000-ზე მეტი გადაუხდელობის გამოა. ეს ციფრი 2012 წლის 1 ოქტომბრისათვის 11 000 იყო, [წელს] გაიზარდა სამჯერ. 2013 წლის ოქტომბერში [სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა] 28 000 იყო და აქედან, 8 000 გადაუხდელობის გამო იყო”, არის სიმართლე.

ფაქტ-მეტრმა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც გადაამოწმა. თუკი ერთმანეთს 2014 წლის 1 იანვრისა და 2013 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებს შევადარებთ, ჩანს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 5 520 სტუდენტით გაიზარდა. ამასთან, 3 376-ითაა გაზრდილი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობაც.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ფულს ვერ იხდიდნენ, პირიქით მცირდება“, არის ტყუილი.

თეგები:

პერსონები