მიმდინარე წლის 19 სექტემებრს, ფაქტ-მეტრის რუბრიკის - „შეამოწმე შენი ფაქტის“ ფარგლებში, მკითხველმა ბესო ნარმანიამ პრემიერ-მინისტრის განცხადების გადამოწმება გვთხოვა.
2014 წლის 19 სექტემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში”, „ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნული ანგარიშის“ პრეზენტაციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:„მიღწეული შედეგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ არსებითად შემცირდა სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია“.
ფაქტ-მეტრი ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაჩვენებლით დაინტერესდა და პრემიერ-მინისტრის განცხადება გადაამოწმა.
2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის სამიტზე გენერალურმა ასამბლეამ ათასწლეულის დეკლარაციამიიღო. აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, მსოფლიოს განვითარების ძირითადი გამოწვევების შესაბამისად, წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლამდე მიაღწევდნენ ათასწლეულის განვითარების მიზნებს:
- უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა;
- დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელს მსოფლიოში;
- გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
- ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
- დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
- აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
- ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
- მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება განვითარებისთვის.
თუმცა, პრემიერ-მინისტრი ქვეყანაშის სიღარიბის მაჩვენებლის განახევრებაზე საუბრისას, 2014 წლის ეროვნულ ანგარიშს ეყრდნობა, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი 2006-2012 წლების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით არის განხილული. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის განცხადების გადამოწმებისას, ჩვენც სწორედ აღნიშნული პერიოდი გავაანალიზეთ.
„ათასწლეულის განვითარების მიზნების“ საქართველოს 2014 წლის ეროვნული ანგარიშისთანახმად, 2000 წელს მთლიან შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 690 აშშ დოლარს შეადგენდა. 2013 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 3597 აშშ დოლარამდე შეადგინა. ეკონომიკური ზრდის პარალელურად, სიღარიბის შემცირების ტენდენციაც გამოიკვეთა. ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ასახულია 2006-2012 წლებში უკიდურესი და საერთო სიღარიბის მაჩვენებლები.
წყარო: ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში ეროვნული ანგარიში 2014 წელი
2006-2012
წლებში სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელები 2010 წელს ფიქსირდება, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი ზეგავლენით შეიძლება აიხსნას. საქართველოს ეროვნულ ანგარიშში სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვნად შემცირებაზე მიუთითებენ და ბოლო, ანუ 2012 წლის მაჩვენებლები, 2010 წლის მონაცემებთანაა შედარებული. სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა, ანუ საერთო სიღარიბე, 2010 წელს არსებული 21%-დან 14.8%-მდე (1.4-ჯერ) შემცირდა. ასევე, 6.7%-დან 3.7%-მდე (1.8-ჯერ) შემცირდა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა. შეგახსენებთ, რომ უკიდურესად ღარიბად ითვლებიან ის ადამიანები, რომელთა ყოველდღიური სამომხმარებლო ხარჯი 1.25 აშშ დოლარს არ აღემატება.
მეტი ინფორმაციისთვის, ჩვენ ასევე სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებსაცგავეცანით.
ბოლო მონაცემებით, 2013 წელს რეგისტრირებული სიღარიბე, ანუ საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი, მთლიანი მოსახლეობის 9.7%-ია. როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, 2010-2013 წლებში რეგისტრირებული სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის უცვლელია.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ამასთან, საქსტატის 2013 წლის მონაცემებით, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი 21.4%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 21.4% საშუალო მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. ბოლო წლების (2010-2012) მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილება არც ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებშია (იხ. გრაფიკი N3).
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს 2014 წლის ეროვნული ანგარიშის თანახმად, 2012 წლის მონაცემებით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად, მათ შორის, სიღარიბის შემცირება განიხილება. თუმცა, სიღარიბის კუთხით მიღწეული შედეგებს აქამდე განსხვავებულად აფასებდა პრემიერ-მინისტრი და ის სიღარიბის კუთხით საქართველოს დაბალ მაჩვენებლებს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, წინამორბედი ხელისუფლების წარუმატებლობით ხსნიდა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). აქვე აღსანიშნავია, რომ ახლახანს სიღარიბის მაჩვენებლების გაუარესებაზე ისაუბრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა. 30 სექტემბერს თოქშოუ „არჩევანში“ მან განაცხადა:
„ნაციონალური მოძრაობის პერიოდში [2004-2012 წლები] როცა მშპ და ეკონომიკა იზრდებოდა, პარადოქსია, მაგრამ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი არ უმჯობესდებოდა და სიღატაკე კიდევ უფრო უარესდებოდა“.
დასკვნა
როცა პრემიერ-მინისტრი სიღარიბის პრაქტიკულად განახევრებაზე მიუთითებს, ის ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს 2014 წლის ეროვნულ ანგარიშს ეყრდნობა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, სიღარიბის მაჩვენებელი 2006-2012 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობითაა განხილული.
ბოლო, 2012 წლის მონაცემებით, სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 14.8%-ია, ხოლო უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა კი - 3.7%.
ათასწლეულის განვითარების მიზნების საქართველოს ეროვნულ ანგარიშში 2012 წლის სიღარიბის მაჩვენებლები 2010 წლის მონაცემებთან არის შედარებული. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ბოლო წლების განმავლობაში სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო როგორც 2008 წლის ომის შედეგებით, ასევე 2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისით. ამ წელს, საერთო სიღარიბე 21%-ს შეადგენდა. შესაბამისად, 2012 წელს 2010 წელთან შედარებით, საერთო სიღარიბის მაჩვენებელი 1.4-ჯერ შემცირდა. თუმცა, სხვა წლებთან შედარებით, შემცირების ტენდენცია სახეზეა, მაგრამ ის კიდევ უფრო შორს არის განახევრებისგან. მაგალითად, 2006 წელს სიღარიბის მაჩვენებელი შეადგენდა 18%-ს, 2011 წელს კი
17,7%-ს, რასთან შედარებითაც, 2012 წელს დაფიქსირებული 14,8%-იანი მაჩვენებელი, სიღარიბის შემცირების კუთხით, გარკვეულ პროგრესს ნამდვილად ასახავს, თუმცა ფაქტია, რომ სიღარიბე ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავაც რჩება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრის განცხადება: „არსებითად შემცირდა სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია“, არის მეტწილად მცდარი.