მიმდინარე წლის 16 სექტემბერს გადაცემა „არჩევანს“ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სტუმრობდა. გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ მას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 12 სექტემბერს გაკეთებული განცხადების შეფასება სთხოვა. დეპუტატმა განმარტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ნებისმიერი სხვა პარტნიორისგან კეთდება მნიშვნელოვანია. თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულ განცხადებაში განსაკუთრებული არაფერია და სიტყვა „პოლიტიზებული“, რომელსაც მიმართვაში ვხვდებით, მხოლოდ იმიტომ არის გამოყენებული, რომ იგი პოლიტიკოსს, კერძოდ მიხეილ სააკაშვილს ეხება. მან იქვე განმარტა, რომ თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებში რაიმე პრობლემას ხედავს, მას ამის თქმის შესაძლებლობა აქვს. მაგალითად, ამერიკელ პარტნიორებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, ან ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ამას არ აკეთებენ.
ფაქტ-მეტრი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებით დაინტერესდა და შეეცადა გაენალიზებინა, თუ რამდენად სწორია დეპუტატის განმარტება.
მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან მიმართებით შემდეგი შინაარსის განცხადებაგაავრცელა:
„ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალებს, რომ საერთო ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება, ბოლოდროინდელ მიღწევებს დაეყრდნონ და ერთად იმუშაონ ქვეყნის წინ წაყვანისა და დღევანდელი აქტუალური ეკონომიკური და რეგიონალური უსაფრთხოებისადმი არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად. შეშფოთებულები ვართ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებების და სისხლის სამართალწარმოების, ასევე იმ რისკების გამო, რომელიც პოლიტიზებულმა სამართლებრივმა დევნამ შესაძლოა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატებისადმი პატივისცემას“ (არაოფიციალური თარგმანი. წყარო: civil.ge).ფაქტ-მეტრის აზრით, განცხადების ტექსტიდან ნათლად ჩანს, თუ რა იგულისხმება ტერმინში „პოლიტიზებული“. არაორაზროვანია სიტყვათა შეთანხმების: „პოლიტიზებული სამართლებრივი დევნის“ შინაარსობრივი დატვირთვაც. მართალია, ნებისმიერი ინფორმაციის მიღება და გაგება ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული, თუმცა დეპუტატის მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაცია, თითქოს სიტყვა „პოლიტიზებული“ განცხადებაში მხოლოდ იმიტომ არის გამოყენებული, რომ იგი პოლიტიკოსს ეხება, ცალსახად არასწორია.
ტერმინს „პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მაშინაც იყენებს, როდესაც საქმე არა მხოლოდ პოლიტიკოსს, არამედ ნებისმიერ სხვა პირსაც ეხება, ვინც საკუთარი მოსაზრების, საქმიანობის, ან ქმედების გამო შეიძლება იდევნებოდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი აქტივობები მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია.
ამის ერთ-ერთი მაგალითია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 2 მაისს ეთიოპიაში ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება:„ამერიკის შეერთებული შტატები დიდ იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეთიოპიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ანტიტერორისტული დეკლარაციისა და სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში მკაცრი განაჩენი გამოუტანა ჟურნალისტს ისკიდერ ნეგასა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ანდუალემ არაგის. დღევანდელი გადაწყვეტილება ამყარებს ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას ეთიოპიაში პოლიტიზებული სამართლებრივი დევნის შესახებ (politicized prosecution)“.
განცხადებიდან ჩანს, რომ ტერმინით „პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა“ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავს და ახდენს ამა თუ იმ გადაწყვეტილების კრიტიკას. აღნიშნული ტერმინით სახელმწიფო დეპარტამენტი არა მხოლოდ პოლიტიკოსების მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს, არამედ სხვა ნებისმიერი პირისადმი დაწყებულ სამართლებრივ დევნას ეხმიანება, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება ხორციელდება.
ამავე კონტექსტში, საყურადღებოა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2014 წლის 1 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციაც,რომელშიც საქართველოში დემოკრატიულ მიღწევებთან ერთად, უარყოფითადაა შეფასებული პოლიტიკური პოლარიზაცია, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და შერჩევითი და რევანშისტული სამართალი.
დასკვნა
მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ცალსახად და არაორაზროვნად არის გამოთქმული შეშფოთება იმ რისკების გამო, რომელიც პოლიტიზებულმა სამართლებრივმა დევნამ (politicized prosecution) შესაძლოა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნას. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მსგავს ტერმინს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იმ შემთხვევებში იყენებს, როდესაც ის ამა თუ იმ ქვეყანაში პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე საუბრობს, იმისდა მიუხედავად, საქმე პოლიტიკოსს თუ ნებისმიერ სხვა პირს ეხება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დეპუტატ მანანა კობახიძის მტკიცება, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში სიტყვა „პოლიტიზებული“ მხოლოდ იმიტომ არის გამოყენებული, რომ იგი ეხება მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არის ტყუილი.