წლის 17 სექტემბერს, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „შარშან ბიუჯეტი გაირღვა 600-700 მლნ ლარით, წელს უკვე მთლიან შემოსულობებში, 6 თვეში აკლია 400 მლნ ლარი, ხოლო გადასახდელებში უკვე აკლია 100 მლნ ლარი. ინვესტიციების კატასტროფული კლებაა, მეორე კვარტალში ისეთი მაჩვენებელია, როგორიც გვქონდა 2005 წლის მეორე კვარტალში, მას შემდეგ არცერთ მეორე კვარტალში ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა, არც ომის წელს და არც ომის შემდეგ წელს“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა იმ ეკონომიკური მაჩვენებლებით, რომელზეც დეპუტატი საუბრობდა და განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სახელმწიფო ხაზინის ოფიციალური მონაცემებით, 2013წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 7,695 მლნ ლარი შეადგინა, წლიური გეგმა კი 8,426 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2013 წლის ბიუჯეტს დაახლოებით 730 მლნ ლარი დააკლდა.
რაც შეეხება 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2014წლის 6 თვეში შემოსულობების გეგმა 4,080 მლნ ლარს შეადგენდა, ფაქტიურმა შესრულებამ კი 3,965 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსულობების ნაწილში, პირველ 6 თვეში, დაახლოებით 114 მლნ ლარი დააკლდა. რაც შეეხება გადასახდელებს, 6 თვის გეგმის თანახმად ის 4,355 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ფაქტიურმა შესრულებამ კი 3,953 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, გადასახდელები გეგმასთან მიმართებაში 90.8 %-ით შესრულდა, ანუ გადასახდელების ნაწილში, 6 თვის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 402 მლნ ლარი დააკლდა.
ზურაბ ჯაფარიძე თავის განცხადებაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებაზეც მიუთითებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წლის მეორე კვარტალში 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში ინვესტიციების მოცულობა 208 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინვესტიციების მოცულობა 27.4 %-ით შემცირდა. დეპუტატის განცხადებით, ინვესტიციების მსგავსი დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2005 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა და მას შემდეგ არცერთი მეორე კვარტლის მონაცემი არ ყოფილა ასეთი დაბალი. მართლაც, 2014 წლის მეორე კვარტალში გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით (2006-2013) ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობა დაფიქსირდა (იხ. ცხრილი 1). თუმცა, დეპუტატის განცხადება არ არის ზუსტი, როცა ის ამბობს, რომ 2005 წლის მეორე კვარტალში და 2014 წლის მეორე კვარტალში მსგავსი მაჩვენებლები დაფიქსირდა. 2005 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 106 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც გაცილებით დაბალია, ვიდრე 2014 წლის მეორე კვარტალის მაჩვენებელი (151 მლნ აშშ დოლარი).
ცხრილი 1:
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2005-2014 წლები (II კვ.) მლნ აშშ დოლარი | ||||||||||
წელი | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 |
ინვესტიციების მოცულობა | 106 | 306 | 401 | 605 | 177 | 208 | 248 | 218 | 208 | 151 |
დასკვნა 2013
წელს სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 730 მლნ ლარი დააკლდა, როგორც ამას ზურაბ ჯაფარიძე მიუთითებდა.
2014წლის 6 თვის მონაცემებით სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსულობების ნაწილში დაახლოებით 114 მლნ ლარი, ხოლო გადასახდელების ნაწილში 402 მლნ ლარი დააკლდა. დეპუტატი თავის განცხადებაში რიცხვებს პირიქით ასახელებს, კერძოდ, მისი თქმით, ბიუჯეტის დანაკლისმა შემოსულობების ნაწილში 400 მლნ ლარი, ხოლო გადასახდელების ნაწილში 100 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ეს მექანიკური შეცდომა იყო.
დეპუტატი მართალია, როცა ინვესტიციების კლებაზე მიუთითებს, 2014 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2006 წლიდან 2013 წლის ჩათვლით არცერთ მეორე კვარტალში მსგავსი დაბალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. თუმცა, ზურაბ ჯაფარიძე ცდება განცხადების იმ ნაწილში, სადაც ამბობს, რომ 2014 წლის მეორე კვარტალში ისეთივე მაჩვენებელია, როგორიც იყო 2005 წლის მეორე კვარტალში.რეალურად, 2005 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2014 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელს.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „შარშან ბიუჯეტი 600-700 მლნ ლარით გაირღვა. წელს (6 თვეში), მთლიან შემოსულობებში 400 მლნ ლარი, ხოლო გადასახდელებში 100 მლნ ლარი აკლია. ინვესტიციების კატასტროფული კლებაა. მეორე კვარტალში ისეთი მაჩვენებელია, როგორიც 2005 წლის მეორე კვარტალში გვქონდა. მას შემდეგ, არცერთ მეორე კვარტალში ასეთი მაჩვენებელი არ ყოფილა“, არის მეტწილად სიმართლე.