მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში 2014 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში განიხილეს. ანგარიში კომიტეტის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. საკომიტეტო მოსმენაზე შენიშვნები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გამოითქვა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე კიღურაძემ განათლების სამინისტრო მეცნიერების განვითარების პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა. მისი თქმით, „2014 წლისბიუჯეტში მეცნიერების განვითარების მიმართულებით 20 მილიონი განისაზღვრა. აქედან, გეგმის თანახმად, პირველ კვარტალში 725 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ წარმოდგენილ ანგარიშში ხარჯვა 0%-ია“. კიღურაძემ იქვე იკითხა, თუ რატომ უნდა დახარჯულიყო 20 მილიონი ლარიდან მხოლოდ 725 ათასი და ეს გეგმა 0%-ით რატომ შესრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განმარტა, რომ კვლევითმა ინსტიტუტებმა დაფინანსება წარმოდგენილი პროგრამების მიხედვით მიიღეს, რაც ბიუჯეტის სხვა პუნქტებში აისახა, რაზეც ივანე კიღურაძემ უპასუხა, რომ კვლევით დაწესებულებებს არცერთი გროში არ მიუღიათ.
ფაქტ-მეტრი ივანე კიღურაძის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ 2014 წლის ბიუჯეტი შევისწავლეთ. ფაქტ-მეტრმა როგორც სამი, ისე ექვსი თვის გეგმა და მისი ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებლები გააანალიზა. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, მეცნიერების აღდგენა-განვითარებისთვის წლის განმავლობაში 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან, პირველი კვარტლის დაზუსტებული გეგმის თანახმად, აღნიშნული მიმართულებით 900 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, ფაქტობრივი შესრულება კი 0%-ს შეადგენს. რაც შეეხება 6 თვის მონაცემებს, 2014 წლის 6 თვის დაზუსტებული გეგმის თანახმად, მეცნიერების აღდგენა და განვითარებისთვის გათვალისწინებული თანხა 725 ათასი ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებელი კი ასევე ნულის ტოლია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, მეცნიერების მიმართულებით გარკვეული თანხები სხვა პუნქტებითაც არის გათვალისწინებული. დეპუტატის მიერ გამოთქმულ შენიშვნაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არგუმენტიც სწორედ ის იყო, რომ კვლევითი ცენტრების მიერ წარმოდგენილი პროგრამები სწორედ ბიუჯეტის სხვადასხვა პუნქტებიდან დაფინანსდა. 2014 წლის გეგმის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან მეცნიერების მიმართულებით გამოყოფილი სუბსიდიები ასე გამოიყურება:
ცხრილი 1. 2014 წლის გეგმა (ათასი ლარებში)
სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის გეგმა და შესრულების ანგარიში კი ასეთია:
ცხრილი 2. სამი თვის შესრულება (ათასი ლარებში)
ბიუჯეტის 6 თვის გეგმა და შესრულების ფაქტობრივი მაჩვენებლები შემდეგია:
ცხრილი 3. ექვსი თვის შესრულება (ათასი ლარებში)
როგორც ცხრილებიდან ჩანს, მეცნიერების მიმართულებით ბიუჯეტის სხვადასხვა პუნქტებიდან თანხები ნამდვილად არის გახარჯული, თუმცა არა იმ კონკრეტული მუხლიდან (მეცნიერების აღდგენა და განვითარება), რომელზეც დეპუტატი მიუთითებდა. აღნიშნული პუნქტის ხარჯვით ნაწილში, სახელმწიფო ბიუჯეტის 3 და 6 თვის შესრულების ანგარიშების მიხედვით, დაფიქსირებული მონაცემები ნულის ტოლია.
იმის დასაზუსტებლად, თუ რომელ „კვლევით დაწესებულებებს“ გულისხმობდა დეპუტატი განცხადებისას, ფაქტ-მეტრი ივანე კიღურაძეს დაუკავშირდა. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ბიუჯეტის აღნიშნული პუნქტის (მეცნიერების აღდგენა და განვითარება) ფარგლებში, კვლევით დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერების თანამდებობრივი სარგო უნდა გაზრდილიყო, რაც არ მოხდა. მანვე განმარტა, რომ წარმოდგენილი ანგარიშის მიმართ გამოთქმული შენიშვნაც სწორედ აღნიშნულს ეხებოდა. ივანე კიღურაძემ აღნიშნა, რომ მეცნიერის სახელფასო სარგო მიზერულ თანხას შეადგენს, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია ამ მიმართულებით იმუშაოს და პრობლემა მოაგვაროს, რაც განათლების სამინისტროს არ განუხორციელებია.
მეცნიერის თანამდებობრივ სარგოს „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს. აღნიშნული კანონის თანახმად, დაწესებულებაში სრული განაკვეთით დასაქმებული მეცნიერის თანამდებობრივი სარგო უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში საჯარო მოსამსახურის მინიმალურ თანამდებობრივ სარგოზე მაღალი. თუმცა, კონკრეტული თანხის ოდენობა მითითებული არ არის. აღნიშნული კანონის საფუძველზე დამატებითი ანაზღაურებით მეცნიერის მონაწილეობა დროებით კვლევით ჯგუფებში და შეთავსებით მუშაობა არ იზღუდება. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე მეცნიერებისათვის თანამდებობრივი სარგოს მატების კუთხით რაიმე ტიპის ცვლილება შესული არ არის.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურის მინიმალურ თანამდებობრივ სარგოს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის #43–ე ბრძანებულება ადგენს. ბრძანებულების თანახმად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო 135 ლარით არის განსაზღვრული. შესაბამისად, მეცნიერ-თანამშრომლისათვის კანონით დადგენილი ხელფასის მინიმალური ოდენობა 136 ლარია. მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის და ის კონკრეტულ კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე რეგულირდება.
დასკვნა
მეცნიერების აღდგენისა და განვითარებისთვის 2014 წლის ბიუჯეტის ფარგლებში 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მიმართულებით სულ 900 ათასი ლარი იყო განსაზღვრული, ხარჯვითი ნაწილის მაჩვენებელი კი ნულის ტოლია. 2014 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის თანახმად, მეცნიერების აღდგენა და განვითარებისთვის 725 ათასი ლარია გაწერილი, შესრულების მაჩვენებელი, კი ამ შემთხვევაშიც ნულია. მართალია, დეპუტატის შეფასება, რომ კვლევით დაწესებულებებს „არცერთი გროში“ არ მიუღიათ, გადაჭარბებულია და ბიუჯეტის სხვა პუნქტებით მეცნიერებისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი ათვისებულია, თუმცა კონკრეტულად იმ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები, რომელსაც დეპუტატის შენიშვნა ეხებოდა, შესრულებული არ არის.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მეცნიერის მინიმალური თანამდებობრივი სარგო 136 ლარია და ამ მიმართულებით უკანასკნელი ორი წლის მანძილზე რაიმე ტიპის ცვლილება არ დაფიქსირებულა. აქვე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ივანე კიღურაძე თავის განცხადებაში სწორედ მეცნიერებისათვის ხელფასის მატებას გულისხმობდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ივანე კიღურაძის განცხადება: „2014 წლის ბიუჯეტში მეცნიერების განვითარების მიმართულებით 20 მილიონი ლარი განისაზღვრა. აქედან, გეგმის თანახმად, პირველ კვარტალში 725 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ წარმოდგენილ ანგარიშში ხარჯვა 0%–ია... კვლევით დაწესებულებებს არცერთი გროში არ მიუღიათ“, არის მეტწილად სიმართლე.