გაუგზავნა. ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის გარდა, პრემიერის საპასუხო წერილში საქართველოში ჩატარებულ რეფორმებზეც არის საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ „ბრალდებულებს მრავალი ახალი უფლება მიენიჭათ“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად გაფართოვდა ბრალდებულის უფლებები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე.
დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიადგენს. სწორედ ამ პროცესების ნაწილია პირის ბრალდებულად ცნობა და მის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, როგორც ბრალმდებლის, ასევე ბრალდებულის უფლებები, სწორედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშია ჩამოყალიბებული.
2012წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, კოდექსში 19 ცვლილება შევიდა. რამდენიმე ცვლილება სასჯელის დანიშვნის, პატიმრობის, სხდომის საჯაროობის წესებს და ა.შ. ეხებოდა. უშუალოდ ბრალდებულთა უფლებებს ამ პერიოდის განმავლობაში ოთხი ცვლილება შეეხო.
პირველი ცვლილება 2013წლის 14 ივნისს განხორციელდა. ამ ცვლილებამ დაცვის მხარის უფლებები გააფართოვა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დაცვის მხარე არის ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული და მათი ადვოკატი. შესაბამისად, დაცვის მხარის უფლებების გაფართოების შედეგად, ბრალდებულის უფლებებიც ფართოვდება. 2013 წლის 14 ივნისის ცვლილებების თანახმად, შეიცვალა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესი. პირველ რიგში, დაცვის მხარეს ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მიენიჭა, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება. სწორედ აღნიშნულმა ცვლილებამ მისცა შესაძლებლობა დაცვის მხარეს, საკუთარი ინიციატივით, შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და ჩხრეკა-ამოღების ჩატარება მოითხოვოს. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ცვლილებების თანახმად, დაცვის მხარის შუამდგომლობით, შესაძლებელია საგამოძიებო ქმედებები სხვა გამომძიებელმა განახორციელოს. ამ შემთხვევაში, ის არ შეიძლება იყოს იგივე გამომძიებელი, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს. ამრიგად, 2013 წლის 14 ივნისის ცვლილებების თანახმად, ბრალდებულს საგამოძიებო ქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით ახალი დამატებითი უფლებები მიენიჭა.
2014 წლის 24 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით ცვლილებებიშევიდა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ცვლილებების შედეგად, საერთოდ გაუქმდა საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმა, კერძოდ - სასჯელზე შეთანხება. ცვლილებების თანახმად, პროკურორსა და ბრალდებულს შორის სასჯელზე შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ისინი ბრალზე შეთანხმდებიან. ბრალის აღიარების გარეშე, დამოუკიდებლად სასჯელზე შეთანხმება, ცვლილებების თანახმად, შეუძლებელი გახდა. ბრალდებულის უფლებების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანია სიახლე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესია ასახული. აღნიშნული ცვლილება საპროცესო გარიგების გამჭვირვალობას ემსახურება. ბრალდებულის უფლებებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ცვლილება, რომლის თანახმადაც, სასამართლოს ვალდებულება ეკისრება, ბრალდებულს დეტალურად აუხსნას საპროცესო გარიგების შედეგები. ამრიგად, 2014 წლის 24 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საპროცესო გარიგების ინსტიტუტის რეფორმა განხორციელდა. აღნიშნულ რეფორმაში ბრალდებულისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპროცესო გარიგების ოქმის გაფორმებისა და ბრალდებულის სავალდებულო ინფორმირების წესის შემოღება.
ბრალდებულის უფლებებზე საუბრისას, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2013 წლის 24 ივლისისა და 26 დეკემბრის ცვლილებები. ორივე მათგანი მოწმეთა დაკითხვის წესის გადავადებას ეხებოდა. მოწმეთა დაკითხვის მოქმედი წესის თანახმად, მოწმე ვალდებულია გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარეს მისცეს ჩვენება. მოწმის სამართალდამცავ ორგანოში გამოუცხადებლობას კი შესაძლოა ორგანოში იძულებით მიყვანა ან სისხლისსაამრთლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი კი ითვალისწინებს მოწმის დაკითხვას არა სამართალდამცავ ორგანოში, არამედ სასამართლოს წინაშე, ბრალდებისა და დაცვის მხარის თანდასწრებით. აღნიშნული ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2009 წელს შევიდა, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედება 2013 წლის 1 დეკემბრიდან ჯერ 2013 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ბოლო ცვლილებებით 2015 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი სწორედ ბრალდებულის უფლებების დაცვას ემსახურება, უზრუნველყოფს თანასწორობას და აუქმებს იმ უპირატესობას, რაც ბრალდების მხარეს აქვს. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებდნენსაქართველოს პარლამენტს არ მიეღოთ აღნიშნული ცვლილებები. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადება უარყოფითი ფაქტი იყო, ვინაიდან ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.
დასკვნა 2012
წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 19 ცვლილება შევიდა. ამ ცვლილებებიდან მხოლოდ ოთხი ეხებოდა ბრალდებულის უფლებებს. 2013 წლის 14 ივნისის ცვლილების თანახმად, ბრალდებულს მიენიჭა დამატებითი უფლება, შუამდგომლობით მოეთხოვა ჩხრეკისა და ამოღების ჩატარება. 2014 წლის 24 ივნისს მიღებული ცვლილებების დოკუმენტით, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმა განხორციელდა. ცვლილებების შედეგად, ინსტიტუტი უფრო გამჭვირვალე გახდა. ასევე, სავალდებულო გახდა ბრალდებულის სრული ინფორმირება საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით.
ზემოთ აღნიშნული პოზიტიური ცვლილებების გარდა, საქართველოს პარლამენტმა ორჯერ გადაავადა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი, რომელიც ბრალდების უფლებების დაცვას ემსახურებოდა. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის გადავადება არასამთავრობო სექტორის მიერ უარყოფითად შეფასდა.
ჩვენ ვასკვნით, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ბრალდებულებს მრავალი ახალი უფლება მიენიჭათ”, არის მეტწილად სიმართლე.