იტვირთება

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა: “ჰააგიდან პირდაპირ მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს.

ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული“.

ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებით იუსტიციის მინისტრის 7 აგვისტოს განცხადებას გამოეხმაურა. თეა წულუკიანმა განაცხადა: “როგორც წინა ხელისუფლება, ასევე ჩვენი ხელისუფლებაც ობიექტურ სიძნელეებს აწყდება, რადგან არის ძალიან კომპლექსური, მრავალტომიანი, მრავალეპიზოდიანი და მრავალმნიშვნელოვანი საქმე. ამ გამოძიებას უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ, უფრო სწრაფად უნდა წავიდეს წინ, ქვეყნის პრობლემები ქვეყნის შიგნით უნდა გვარდებოდეს. არავინ არ ისურვებდა 2008 წლის აგვისტოს საქმე ჰააგის პროკურორმა გამოიძიოს. ეს საფრთხე რეალურია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულდებულებები ქვეყნის შიგნით შევასრულოთ, რომ შემდეგ ქვეყნის გარეთ არ მოგვთხოვოს ამაზე ვინმემ პასუხი“.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ: “...წულუკიანის განცხადებები და მითუმეტეს მოქმედებები, თუ ის ჰააგაში პროკურორებს ხვდება, არის, ალბათ, ღალატი ამ ქვეყნის...“

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ პრემიერისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებების და საკითხის კონტექსტი. ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის გამოძიებაზე საუბრისას ასევე საუბრობს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს საომარი მოქმედებები. 2014 წლის 24 მარტს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

“ვფიქრობ, 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებების გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორ წარიმართა ომი, ვინ იყო პასუხისმგებელი და ვინ რა ბრძანებებს გასცემდა. შარშან „გავხსენით“ ეს თემა. ძალიან ბევრი დანაშაული, დარღვევა გამოიკვეთა და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა შეცდომა დაუშვა“.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად წარმოადგენს საქართველოს მოვალეობას აგვისტოს ომის გამოძიება და რას გულისხმობს აღნიშნული ვალდებულება.

ჰააგაში მდებარეობს როგორც საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლო, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ამ სასამართლოთაგან პირველი სახელმწიფოთაშორის დავებს განიხილავს, ხოლო მეორე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც 1998 წლის რომის სტატუტის

საფუძველზე, როგორც მუდმივმოქმედი ორგანო ამოქმედდა. ეს უკანასკნელი უფლებამოსილია სისხლისსსამართლებრივი დევნა განახორციელოს იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ამომწურავად არის ჩამოთვლილი რომის სტატუტის მე-5 მუხლში. ესენია: გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ომის დანაშაულები და აგრესია. საქართველო რომის სტატუტს 2003 წელს მიუერთდა და მის წევრ სახელმწიფოდ მიიჩნევა. რუსეთს კი აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე ვრცელდება, რომელიც სტატუტის წევრი სახელმწიფოა ან სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ იქნა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ასევე წევრი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მიუხედავად იმისა, თუ სად იქნა დანაშაული ჩადენილი. ამრიგად, წესდების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს იურისდიქცია, განიხილოს საქართველოში ჩადენილი დანაშაულები ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ. რომის სტატუტის მე-13 მუხლი განსაზღვრავს, თუ როდის შეუძლია აღნიშნულ სასამართლოს საკუთარი იურისდიქციის განხორციელება. პირველ რიგში, თავად წევრ სახელმწიფოს ან გაეროს უშიშროების საბჭოს შეუძლია მოახსენოს სასამართლოს პროკურორს იმ ვითარების შეასხებ, რომელშიც სავარაუდოდ დანაშაულია ჩადენილი. მეორე, თავად პროკურორს, საკუთარი ინიციატივით შეუძლია დაიწყოს გამოძიება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სასამართლოს იურიდიქციაში შემავალ სავარაუდო დანაშაულთა შესახებ არსებობს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემთხვევაში, სასამართლო თავად დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. 2008 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტის შემდეგ, ჰააგის პროკურორის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო-რუსეთის ომის დანაშაულებების წინასწარ მოკვლევას აწარმოებდა. როგორც იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა, ვიზიტის დროს ქართულმა მხარემ პროკურორის ოფისს ქართველთა ეთნიკური წმენდის შესახებ ინფორმაცია გადასცა. 2008 წლის 27 აგვისტოს პროკურორის ოფისმა საქართველოს და რუსეთის პროკურატურისგან გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა.

პროკურორის ოფისი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს საქმესთან დაკავშირებით წინასწარი მოკვლევის ინიცირების შესახებ. პროკურორი, მოკვლევის ეტაპზე მისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს, დაიწყოს თუ არა კონკრეტული ფაქტის/ფაქტების ირგვლივ გამოძიება. გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი შემდეგ საკითხებს განიხილავს:

  1. არსებობს თუ არა საფუძვლიანი ეჭვი იმისთვის, რომ დანაშაული ჩადენილად ან ჩადენის პროცესში მყოფად ჩაითვალოს;
  2. არსებობს თუ არა საქმის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი რომის სტატუტის მე-17 მუხლის მიხედვით. საქმე სისხლის სამართლის სასამართლოში დასაშვები არ არის, თუ:

    • მას იძიებს იურისდიქციის მქონე სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წევრ სახელმწიფოს არ სურს ან არ შესწევს უნარი სათანადოდ წარმართოს გამოძიება ან განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა;
    • საქმე გამოიძია იურისდიქციის მქონე სახელმწიფომ და გადაწყვიტა არ აღძრას სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამისი პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სახელმწიფოს არ სურს ან არ შესწევს უნარი გამოიძიოს დანაშაული ან განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა;
    • პირი უკვე გასამართლებულია იმ ქმედებისთვის, რომელიც განაცხადის საგანს წარმაოდგენს;
    • საქმე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სასამართლოს შემდგომი მქომედება მიზანშეწონილად ჩაითვალოს;
  3. პროკურორი ასევე მხედველობაში იღებს, ემსახურება თუ არა გამოძიება მართლმსაჯულების მიზნებს;

სწორედ ამ ყველა კომპონენტის გათვალისწინების შემდეგ იღებს ჰააგის სასამართლოს პროკურორი გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, პროკურორი სასამართლოს წინასწარი წარმოების პალატას მიმართავს, გასცეს გამოძიების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება. თუ წინასწარი პალატა ჩათვლის, რომ არსებობს გამოძიების გაგრძელების საკმარისი საფუძველი და ეს საქმე სასამართლოს იურისდიქციაში შედის, ის გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას გასცემს. როგორც ვხედავთ, იმისთვის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა საქმის გამოძიება დაიწყოს, რიგი პროცედურების გავლაა აუცილებელი.

აუცილებელია, აღნიშნული პროცედურა კონკრეტულად, აგვისტოს ომის გამოძიებასთან მიმართებითაც განვიხილოთ. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებით ომის დაწყებიდან მალევე დაინტერესდა. შესაბამისად, პროკურორის ოფისმა საქმესთან დაკავშირებით წინასწარი მოკვლევა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 2008 წლიდან დღემდე პროკურორის ოფისი რამდენჯერმე ეწვია რუსეთსა და საქართველოს, რათა ამ ქვეყნებში გამოძიების მიმდინარეობას დაკვირვებოდა. აღნიშნულ გამოძიებებთან დაკავშირებით 2011, 2012 და 2013

წლებში ჰააგის პროკურორის ოფისის სამი ანგარიში გამოქვეყნდა. სამივე ანგარიშში ჩამოთვლილია ის დანაშაულები, რომელთა მიმართაც საქართველოსა და რუსეთში გამოძიება მიმდინარეობს. საქართველოს და რუსეთის პროკურატურა საქმეს მთლიანობაში ექვსი დანაშაულის მიმართ იძიებს.

  1. ქართული მოსახლეობის იძულებით გადაადგილება - სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 30 000 ეთნიკური ქართველი აიძულეს დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი ადგილები. ისინი ძალადობისა და მუქარის გამოყენებით აძევებდნენ ქართველებს, ძარცვავდნენ და სისტემატურად წვავდნენ სახლებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეთნიკური ქართველები მოკლეს კიდეც.
  2. თავდასხმა სამშვიდობოებზე - სავარაუდოდ, ქართულმა სამხედროებმა განახორციელეს რამდენიმე თავდასხმა გაერთიანებული სამშვიდობო ძალებისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს. რუსული მხარის თანახმად, თავდასხმების დროს 10 სამშვიდობო დაიღუპა და 30 მძიმედ დაიჭრა.
  3. არაკანონიერი თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობასა და ობიექტებზე - ქართული და რუსული შეიარაღებული ძალების მიერ სავარაუდო განურჩეველი და არაპროპორციული შეტევები, რომელმაც სამოქალაქო მოსახლეობისა და ობიექტების დაზიანება გამოიწვია.
  4. ქონების განადგურება - საქართველოს მთავრობის მიერ ომამდე კონტროლირებად ქართულ სოფლებში და მიმდებარე ზონაში (ე.წ. ბუფერული ზონა) ეთნიკურად ქართული სოფლების სავარაუდო მასიური განადგურება გახსნილი ცეცხლისა და მუდმივი დაბომბვის შედეგად.
  5. მარადიორობა - საომარი ქმედებების დასრულების შემდეგ, ე.წ. ბუფერულ ზონაში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სავარაუდო მარადიორობის ფაქტები.
  6. წამება და არაადამიანური მოპყრობა - ქართველი ომის ტყვეების, ასევე ეთნიკური ქართველებისა და ოსების მიმართ სავარაუდო წამება და არაადამიანური მოპყრობა.

როგორც ვხედავთ, ჩამოთვლილი დანაშულებიდან მხოლოდ ორი, სამშვიდობოებზე თავდასხმა და არაკანონიერი თავდასხმა, ეხება ქართველი სამხედროების მიერ თეორიულად, სავარაუდოდ (allegedly) ჩადენილ დანაშაულებებს. დანარჩენი დანაშაულები კი რუსული და ოსური დე-ფაქტო ძალების მიერ ჩადენილ ქმედებებს ეხება. აღნიშნულ საქმეებს საქართველოს პროკურატურა დღემდე იძიებს, თუმცა გამოძიების დასრულებას ართულებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელი არ მიუწვდება მოწმეებსა და იმ მტკიცებულებებზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

რაც შეეხება პროკურორის შეფასებებს, აუცილებელია აღნიშნული ანგარიშები დეტალურად განვიხილოთ, რათა გავარკვიოთ, სახეზეა თუ არა ჰააგის პროკურორის მიერ გამოძიების დაწყების საფუძვლები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ რიგში, აუცილებელია არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი ვარაუდისთვის, რომ კონკრეტული დანაშაული ჩადენილად ჩაითვალოს. პროკურორის ოფისი სამივე ანგარიშში მიუთითებს, რომ სამშვიდობებზე თავდასხმისა და არაკანონიერი თავდასხმის (დანაშაულები, რომლებიც თეორიულად, სავარაუდოდ (allegedly) ჩადენილია ქართველი სამხედროების მიერ) ფაქტები არადამაჯერებელია (inconclusive). ხოლო რუსი და ოსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების არსებობა კი საფუძვლიანი ეჭვის სტანდარტს აკმაყოფილებს. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გამოძიება ნამდვილად გადავა ჰააგის პროკურორის ოფისის ხელში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოფისმა ქართველი სამხედროების მიერ თეორიულად, სავარაუდოდ (allegedly) ჩადენილი დანაშაულები გამოიძიოს, რადგან აღნიშნული დანაშაულების არსებობის საფუძვლიანი ეჭვი არ არსებობს.

ამ თემაზე დისკუსიის დროს, პოლიტიკოსთა მხრიდან, მართალია განსხვავებულ კონტექსტში, არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ საქმის გამოძიებას ჰააგის პროკურორის ოფისი იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ ქართული მხარე დანაშაულს ვერ გამოიძიებს. მართლაც, რომის სტატუტის თანახმად, საქმეს იურისდიქციის მქონე სახელმწიფოს ნაცვლად ჰააგის პროკურორის ოფისი იძიებს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არ სურს ან არ შესწევს უნარი სათანადოდ წარმართოს გამოძიება ან განახორციელოს სამართლებრივი დევნა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით 2012 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართულ მხარეს უჭირს გამოძიების ჩატარება რუსეთისა და სახმრეთ ოსეთის პროკურატურასთან თანამშრომლობის არარსებობის გამო. ქართული მხარე ასევე მიუთითებდა, რომ გამოძიების ჩატარებას ართულებს ის ფაქტი, რომ დანაშაულის ადგილი ოკუპირებულია და საქართველოს პროკურატურას არ აქვს საშუალება სრულად განახორციელოს საგამოძიებო ქმედებები.

თავის მხრივ, რუსული მხარეც მიუთითებდა თანამშრომლობის ნაკლებობაზე. ასევე, აღნიშნული იყო ისიც, რომ რუსეთს არ შეუძლია დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რადგან მათ დიპლომატიური იმუნიტეტი იცავთ. 2012 წლის ანგარიშში ასევე საუბარი იყო ქართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცების თხოვნაზე, რომლითაც მათ ჰააგის პროკურორის ოფისს მიმართეს. ორგანიზაციები ეჭვს გამოთქვამდნენ საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით და პროკურორის ოფისს აღნიშნულ საქმეზე გამოძიების დაწყებას თხოვდნენ.

თუ პროკურორის ოფისი დაასკვნის, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს არ სურთ ან არ შესწევთ უნარი გამოიძიონ 2008 წლის ომის დანაშაულები, ოფისმა შესაძლოა ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების შესახებ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღესდღეობთ, საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტი ჰააგის პროკურორის ოფისის წინასწარი მოკვლევის პროცესშია. საქართველო, როგორც რომის სტატუტის წევრი ქვეყანა ვალდებულია სასამართლოსთან და მის ორგანოებთან ითანამშრომლოს. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია პროკურორის ოფისს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. შესაბამისად, პოზიცია (მათ შორის, გივი თარგამაძის განცხადება) იმასთან დაკავშირებით, რომ ჰააგის პროკურორის ოფისთან შეხვედრები და თანამშრომლობა საქართველოს ღალატია, არასწორია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების კონტექსტიდან ნათელი ხდება, რომ აგვისტოს ომის გამოძიებას იგი ომის დაწყების საკითხის გარკვევასაც უკავშირებს. ფაქტ-მეტრის ანალიზის შედეგად კი ნათელი ხდება, რომ ჰააგის პროკურორის ოფისი არ არის დაინტერესებული იმით, თუ ვინ დაიწყო ომი და საერთოდ, შესაძლებელი იყო თუ არა ომის თავიდან აცილება. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს ისიც, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროცესში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჩართვას „საფრთხედ“ აღიქვამს. გარკვეული თვალსაზრისით, ომის დანაშაულების ჰააგის პროკურორის ოფისის მიერ გამოძიება საქართველოს ინტერესებშიც კი შეიძლება შედიოდეს, რადგან საქართველოს პროკურატურას ოკუპაციის გამო არ აქვს საშუალება სრულად განახორციელოს საგამოძიებო ქმედებები.

  დასკვნა

რომის სტატუტის თანახმად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი აგვისტოს ომის დანაშაულებს იმ შემთხვევაში გამოიძიებს, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ვარაუდისთვის, რომ გარკვეული დანაშაულები ჩადენილია. ამასთანავე, ჰააგის პროკურორის ოფისი გამოძიების დაწყების ნებართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დადასტურდება, რომ საქართველოს და რუსეთის პროკურატურებს არ სურთ ან არ შესწევთ უნარი, აღნიშნული დანაშაულები გამოიძიონ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურორის ოფისი ნამდვილად დაიწყებს გამოძიებას აღნიშნულ საკითხებზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქმის წარმოება ქართველი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყოს. პროკურორის ოფისი 2011, 2012 და 2013 ანგარიშებში ნათლად მიუთითებს, რომ ქართველი სამხედროების მიერ სამშვიდობოებსა და სამოქალაქო მოსახლეობაზე უკანონო თავდასხმის ფაქტები არ აკმაყოფილებს საფუძვლიანი ეჭვის სტანდარტს.

მნიშვნელოვანია ასევე გავითვალისწინოთ განცხადების კონტექსტიც. ხელისუფლების წარმომადგენლები ჰააგის პროკურორის ოფისის საქმეში ჩართვას საფრთხედ აღიქვამენ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზების გამო (მაგ., ის ფაქტი, რომ საქართველოს პროკურატურას ოკუპაციის გამო არ აქვს საშუალება სრულად განახორციელოს საგამოძიებო ქმედებები) საქართველოს პროკურატურას საქმის გამოძიება არ შეეძლება და საქმეში ჰააგის პროკურორის ოფისი ჩაერთვება, საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების დამრღვევი არ იქნება. ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით წარიმართა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2013 წლის პროკურორის ოფისის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით ხელმისაწვდომი საჯარო ანგარიშებიდან ნათელია, რომ ჰააგის პროკურორის ოფისი არ არის დაინტერესებული, რომ გამოიძიოს ომის ყველა დეტალი და ნიუანსი, მათ შორის ის, თუ ვინ დაიწყო ომი და შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება.

შესაბამისად, საკითხის კონტექსტის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის განცხადება, “ჰააგიდან პირდაპირ მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს. ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული“, არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი