ფაქტრ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) ყოველწლიურად აქვეყნებს. თითოეული წლის რეიტინგი წინა წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არის შედგენილი. მაგ: 2014-2015 წლის რეიტინგი 2013 წლის შეფასებას ემყარება, 2013-2014 წლის რეიტინგი 2012 წლის შეფასებას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) არის შვეიცარული არაკომერციული ფონდი, რომელიც ქალაქ დავოსში ყოველწლიურად მასშტაბურ შეკრებას აწყობს. შეკრებას დაახლოებით 2500 ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და მეცნიერი ესწრება. ფორუმზე, წლის მსოფლიო გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად 144 ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს აქვეყნებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014-2015 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში“ საქართველომ წინა წელთან შედარებით პოზიცია გაიუმჯობესა და 72-ე (4.15ქულა) ადგილიდან 69-ე ადგილზე (4.22 ქულა) გადაინაცვლა.
„გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ სტრუქტურა სამი ძირითადი ბლოკისგან შედგება. ეს ბლოკებია: ძირითადი მოთხოვნები, ეფექტურობის მასტიმულირებელი ფაქტორები და ინოვაციური ფაქტორები. ძირითადი მოთხოვნები მოიცავს: სახელმწიფო ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურას, მაკროეკონომიკურ გარემოს, საბაზისო განათლებას და ჯანდაცვას. ეფექტურობის მასტიმულირებელი ფაქტორები მოიცავს: უმაღლეს განათლებას, საქონლისა და შრომის ბაზრის ეფექტიანობას, ფინანსური ბაზრების განვითარებას, ტექნოლოგიებს და ბაზრის ზომას. ინოვაციური ფაქტორები მოიცავს: ბიზნესის განვითარებას და ინოვაციებს.
2014-2015წლის ანგარიშის მიხედვით, ძირითად მოთხოვნებში საქართველო 48-ე პოზიციაზეა (4.88 ქულა), ეფექტურობის მასტიმულირებელ ფაქტორში - 79-ე პოზიციაზე (3.92 ქულა), ხოლო ინოვაციური ფაქტორების მაჩვენებელში საქართველოს 118-ე ადგილი (3.1 ქულა) უჭირავს.
ნოდარ ხადური თავის განცხადებაში ყურადღებას მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ამახვილებს, ამიტომ ჩვენ დაწვრილებით სწორედ ამ მაჩვენებელს განვიხილავთ.
მაკროეკონომიკური სტაბილურობა ძირითადი მოთხოვნების ერთ–ერთი შემადგენელი ფაქტორია. 2014-2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მაკროეკონომიკური სტაბილურობით საქართველო 48-ე ადგილზეა და 5.14 ქულა აქვს მიკუთვნებული. მაკროეკონომიკური სტაბილურობის მაჩვენებელს ხუთი კომპონენტი განსაზღვრავს. ეს კომპონენტებია: ბიუჯეტის დეფიციტი, შიდა დანაზოგი, ინფლაცია, სახელმწიფო ვალი და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი. 2014-2015 წლებში ამ კომპონენტების მიხედვით საქართველოს შემდეგი ადგილები აქვს მიკუთვნებული: ბიუჯეტის დეფიციტი - მე-40 ადგილი (1.3 % მშპ-ის მიმართ); შიდა დანაზოგი - 72-ე ადგილი (19.4 %); ინფლაცია - 78-ე (-0.5%); მთავრობის ვალი - 41-ე (31.8 % მშპ-ის მიმართ) და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი - 84-ე ადგილი (38.3 ქულა).
2012-2013წლის ანგარიშის მიხედვით (2 წლის წინ), საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობით 88-ე ადგილი ეკავა. ბიუჯეტის დეფიციტით - 37-ე ადგილი (0.9 % მშპ-ის მიმართ), შიდა დანაზოგით - 122-ე ადგილი (10.9 %), ინფლაციით - 115-ე ( 8.5%), მთავრობის ვალით - 53-ე (33.9 % მშპ-ის მიმართ) და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგით - 91-ე ადგილი (35.7 ქულა).
2014-2015წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ყველაზე რთული მდგომარეობა ინოვაციის და ბიზნესის განვითარების კუთხით აქვს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, რეიტინგში 113-ე (ბიზნესის) და 121-ე (ინოვაციის) ადგილები უჭირავს. ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორიდან ყველაზე პრობლემური ბაზრის ზომაა – 103-ე ადგილი (2.98 ქულა), უმაღლესი განათლება და ტრეინინგი 92-ე ადგილზეა (3.89 ქულა).
თუ რამდენად არის საქართველოს ადგილი გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში გაუმჯობესებული, ამის დასადგენად 2006-2007 წლიდან 2014-2015 წლამდე მონაკვეთში გამოქვეყნებულ ანგარიშებს გავეცანით. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის ძირითად მონაცემებს, ცალკეული წლების მიხედვით, ქვემოთ, ცხრილის სახით გთავაზობთ:
კონკურენტუნარინობის რეიტინგი | ძირითადი მოთხოვნები | ეფექტურობის მასტიმულ. ფაქტორი | ინოვაციური ფაქტორი | მაკროეკ. სტაბილურობა | |
2014-2015 | 69 | 48 | 79 | 118 | 48 |
2013-2014 | 72 | 57 | 86 | 122 | 61 |
2012-2013 | 77 | 64 | 87 | 120 | 88 |
2011-2012 | 88 | 86 | 89 | 117 | 137 |
2010-2011 | 93 | 95 | 94 | 121 | 130 |
2009-2010 | 90 | 85 | 89 | 117 | 117 |
2008-2009 | 90 | 91 | 87 | 109 | 118 |
2007-2008 | 90 | 87 | 90 | 119 | - |
2006-2007 | 85 | 82 | 87 | 113 | 93 |
ცხრილის მიხედვით, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება 2010-2011 წლებში დაიწყო. 2011 წლიდან ყველა ძირითადი მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. მხოლოდ ინოვაციური ფაქტორი არ უმჯობესდება და სტაბილურად 118-122 ადგილებს ინარჩუნებს.
დასკვნა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2014-2015 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა და 72-ე ადგილიდან 69-ე ადგილზე გადაინაცვლა. 2012-2013 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ რეიტინგში საქართველო 77-ე ადგილზე იყო.
ნოდარ ხადური თავის განცხადებაში აქცენტს ბოლო ორ წელიწადზე აკეთებს, ამიტომ ჩვენც ბოლო ორი წლის ძირითადი მაჩვენებლები შევადარეთ.
ბოლო ორი წლის მანძილზე რეიტინგის განმსაზღვრელი ყველა ძირითადი მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. 2014-2015 წლის რეიტინგით, ძირითადი მოთხოვნების მიხედვით საქართველო 48-ე პოზიციაზეა (წინა წლებში 64-ე და 57-ე ადგილი), ეფექტურობის მასტიმულირებელი ფაქტორის მიხედვით კი 79-ეზე (წინა წლებში 87-ე და 86-ე ადგილი). ასევე ოდნავ გაუმჯობესებულია ინოვაციური ფაქტორების მაჩვენებელიც და ქვეყანას 118-ე ადგილი აქვს მიკუთვნებული (წინა წლებში 120-ე და 122-ე ადგილზე).
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ანგარიშების მიხედვით, ყველაზე მეტი გაუმჯობესება მაკროეკონომიკური სტაბილურობის მაჩვენებელმა განიცადა. საქართველომ რეიტინგში 88-ე ადგილიდან (2012-2013) 48-ე (2014-2015) ადგილზე გადაინაცვლა. აგრეთვე გაუმჯობესდა პროდუქციის ბაზრის ეფექტიანობის მაჩვენებელიც, შესაბამისად ქვეყანამ 82-დან მე-60 ადგილზე გადაინაცვლა. ასევე, ფინანსური ბაზრის განვითარების მხრივ 93-დან 76-ე ადგილზე გადავედით.
ამ ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული გაუარესება არც ერთ მაჩვენებელს არ განუცდია. სტაბილურად პრობლემურია ინოვაცია და ბიზნესის განვითარება (118-ე, 122-ე ადგილი) და ბაზრის ზომა (99-ე, 103-ე ადგილები).
ჩვენ გავაანალიზეთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლო რამდენიმე წლის ანგარიში და მათზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადება: „ჩვენი კონკურენტუნარიანობა უმჯობესდება. ბოლო პერიოდში, ბოლო 2 წლის განმავლობაში საკმაო წინსვლას მივაღწიეთ... უკეთესი ხდება ისეთი მიმართულება, როგორიცაა მაკროეკონომიკური სტაბილურობა,“ არის სიმართლე.