პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „2014 წლის 6 იანვრის №40 მთავრობის დადგენილებაში წერია, ვციტირებ: „საფოსტო გზავნილის, ამანათის მიღება-გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მხოლოდ შპს "საქართველოს ფოსტამ" უზრუნველყოს: ამანათების შემოტანა, დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება... ეს არის, მთავრობის დადგენილებით, ერთი ორგანიზაციისთვის მონოპოლიის პირდაპირ მიცემა“.

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

საქართველოში საფოსტო მომსახურების ბაზარს არეგულირებდა 1999 წლის 23 ივლისს მიღებული საქართველოს კანონი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“, რომელიც გააუქმა 2005 წლის 2 ივნისს მიღებულმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“

საქართველოს კანონმა, გარდა საფოსტო კავშირით მომსახურების ნაწილისა. 2005 წლის 28 დეკემბერს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, 2006 წლის 18 იანვრიდან ზემოაღნიშნული დათქმაც (საფოსტო კავშირით მომსახურების შესახებ) გაუქმდა (მუხ. 64.6).

საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 24 ივნისს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი მიიღო, რომლის თანახმად საფოსტო კავშირით მომსახურება ლიცენზირებას აღარ ექვემდებარებოდა. აღნიშნული კანონი 2005 წლის 18 ივლისს (გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ამოქმედდა, რის შემდეგაც მარეგულირებელი კომისია ლიცენზიებს საფოსტო კავშირით მომსახურებაზე აღარ გასცემდა და შესაბამისად, საფოსტო ბაზარს აღარ არეგულირებდა. ამდენად, საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი კომისია (ამჟამად – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია) ფოსტის ბაზარს არეგულირებდა 2000-2005 წლებში, ხოლო 2006 წლიდან კი საფოსტო მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია განხორციელდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავის 2005 და 2006 წლების წლიურ ანგარიშებში

აღნიშნავს, რომ საფოსტო მომსახურების ბაზარი განთავისუფლებულია რეგულაციებისგან და ის ლიბერალიზებულია.

2014 წლის 6 იანვარს საქართველოს მთავრობამ „ფოსტის სფეროში გასატარებელი დროებითი ღონისძიებების შესახებ“ დადგენილება

მიიღო. საქართველოს მთავრობა დადგენილებას ერთერთ იმ შემთხვევაშიც იღებს, თუ შესაბამისი საკითხი საქართველოს საკანონმდებლო აქტით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა საკითხი განეკუთვნება სხვა ორგანოს უფლებამოსილებას) მოწესრიგებული არ არის და მისი მიღება გადაუდებელი აუცილებლობითაა გამოწვეული.

მთავრობის დადგენილება კონკრეტულ პირობას აყენებს, რომლის მიხედვითაც დადგენილების მიღების შემდეგ, ამავე საკითზე შემუშავებული საკანონმდებლო აქტის პროექტი საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს მისი წარდგენიდან 3 თვის ვადაში არ მიიღებს, საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგულად ითვლება (კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“,

მუხ. 12).

მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ფოსტის სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანამდე, "საფოსტო ამანათებზე" 1994 წლის 14 სექტემბრის საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილის/ამანათის მიღება–გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყოს:

ა) საქართველოში სახმელეთო ან საზღვაო გზით შემომავალი ამანათის შემოტანა, დამუშავება და ადრესატისათვის ჩაბარება, ასევე საქართველოდან სახმელეთო ან საზღვაო გზით გამავალი ამანათის გამგზავნისაგან მიღება, დამუშავება და გაგზავნა;

ბ) სახმელეთო ან საზღვაო გზით შემოტანილი ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო გზით ტრანსპორტირება, მისი დამუშავებისა და ადრესატისათვის ჩაბარების (მათ შორის დატარებით) ან გაგზავნის მიზნით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი,

თუმცა ის საქართველოს პარლამენტში განსახილველად ჯერ არ გაუგზავნიათ, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის დადგენილების ძალადაკარგულად ჩათვლის საფუძველია (ვინაიდან დადგენილი ვადები ამოწურულია).

ამ საკითხის შესახებ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელს, ნათია კუტივაძესაც ვესაუბრეთ. მან განგვიმარტა, რომ დადგენილება არ იყო პირველი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც „საქართველოს ფოსტას“ პირდაპირ თუ ირიბად მონოპოლია მიეცა. ნათია კუტივაძემ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემულ №30 ბრძანებაზე (2013 წლის 25 იანვარი) მიგვითითა, რაც გადაზიდვების ბაზარზე ლეგალური ბარიერების დაწესებას ითვალისწინებდა. ნათია კუტივაძის განცხადებით, აღნიშნული ბრძანება აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებდა სხვა 20-მდე ადგილობრივ გადამზიდავ კომპანიას, არღვევდა ბაზარზე არსებულ წონასწორობას და ზღუდავდა კონკურენციას, რითაც უპირატეს მდგომარეობაში „საქართველოს ფოსტა“ იყო ჩაყენებული. სწორედ ამიტომ, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ სასამართლოს მიმართა, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავაც

მოუგო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №30 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. მთავრობის #40 დადგენილება კი სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი ამ ბრძანების ანალოგიური ქცევის წესს ადგენს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის №40 დადგენილებით მხოლოდ „საქართველოს ფოსტას“ აქვს ამანათის შემოტანის, დამუშავების და ადრესატისათვის ჩაბარების უფლება. ამასთანავე, ის თუ რა წონისა და მოცულობის უნდა იყოს ამანათი, განსაზღვრული არ არის, რაც განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

ექსპერტ ნათია კუტივაძის აზრით, დადგენილების მიღების დასაბუთებულობა (საფოსტო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით) არასაკმარისია და ის შეზღუდვის საფუძვლებს და ლეგიტიმურ მიზნებს ვერ ამართლებს. ამასთან, დადგენილება არ შეიცავს მითითებას, თუ რატომ შეირჩა „საქართველოს ფოსტა“ ერთადერთ სუბიექტად და ამ ბაზარზე სხვა სუბიექტების დაშვება აიკრძალა. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ 2005 წლიდან მოყოლებული ლიბერალიზაციის პროცესმა ხელი შეუწყო საფოსტო გადაზიდვების ბაზარზე კონკურენციის განვითარებას და დღეისათვის საქართველოს საფოსტო მომსახურების ბაზარზე 40-ზე მეტი კომპანია ოპერირებს. შესაბამისად, ამ ბაზარზე სახელმწიფოს ჩარევის და სახელმწიფო რეგულირების ისევ შემოღების წინაპირობები არ არსებობს.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ასევე განგვიცხადა, რომ საქართველოს მთავრობის №40 დადგენილება არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

რაც შეეხება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას. საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) წევრია და ამასთან, მსოფლიო საფოსტო კონვენციის მხარეა. მსოფლიო საფოსტო კავშირის ძირითადი აქტით, წევრი სახელმწიფოს ვალდებულება ქვეყნის მასშტაბით უნივერსალური საფოსტო მომსახურების განხორციელებაა. ეს ვალდებულება კი ეროვნულ (დანიშნულ) ოპერატორს ეკისრება, რომელიც მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტების შესაბამისად, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მომხმარებელთა უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას

ახორციელებს.

მსოფლიო საფოსტო კავშირის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს, როგორც წევრი სახელმწიფოს მონაცემებში მითითებულია, რომ დანიშნული ოპერატორი „საქართველოს ფოსტაა“. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა ამ საკითხზე განაცხადა, რომ საქართველოს ფოსტა უკვე წლებია მსგავს ფუნქციებს ასრულებს და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად

გამოცხადებამდე, ის წარდგენილი იყო როგორც უნივერსალური საფოსტო ოპერატორი და შესაბამისი ლიცენზიაც გააჩნდა. თუმცა, ამჟამად მისი საქმიანობა მხოლოდ დე-ფაქტო ხორციელდება და დე-იურე სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია, საფოსტო კავშირის შესახებ კანონის ახალი კანონის მიღებამდე.

მთავრობის №40 დადგენილება კონკრეტულად უნივერსალური საფოსტო მომსახურებას აშკარად არ ეხება, თანაც კონკრეტულად არ არის განსაზღვრული თუ რა წონისა თუ ზომის ამანათზე არის საუბარი. სწორედ ამიტომ, ნაკლებად საგულისხმოა, რომ ეს დადგენილება სართაშორისო ვალდებულების განხორციელებას შეეხება.

უნივერსალური საფოსტო მომსახურებას (მის წონას, ზომას) ქვეყნები უშუალოდ განსაზღვრავენ. ევროკავშირის ქვეყნებში უნივერსალური საფოსტო მომსახურების განხორციელება რიგ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტულ კომპანიის ვალდებულებაა, მაგრამ სხვა კომპანიას აკრძალული არა აქვს იგივე მომსახურება განახორციელოს. მაგალითად:

დიდ ბრიტანეთი - Royal Mail ვალდებულია უნივერსალური საფოსტო მომსახურება “Postal Services Act 2011” საფუძველზე განახორციელოს. Royal Mail პასუხისმგებელია პრიორიტეტულ და არაპრიორიტეტულ საფოსტო მომსახურებაზე, არაპრიორიტეტულ გზავნილზე 20 კგ-მდე, ასევე რეგისტრირებულ და დაზღვეულ მომსახურებაზე. შვედეთი - Swedsih Postal ვალდებულია უნივერსალური საფოსტო მომსახურება აწარმოოს. შვედეთის კანონმდებლობით უნივერსალურ საფოსტო მომსახურებაში შედის საფოსტო მომსახურება, რომლის წონაც 20 კგ-ს

არ აღემატება.

ჰოლანდია - PostNL დანიშნული უნივერსალური მომსახურების პროვაიდერია, თუმცა ბაზარი ევროპული კავშირის დირექტივების შესაბამისადაა ლიბერალიზირებული. PostNL ვალდებულია 2 კგ-მდე კორესპონდენციის, 10 კგ-მდე გზავნილის, რეგისტრირებული და დაზღვეული ნივთების გაგზავნა/ჩაბარებზე. გერმანია - 2008 წლის პირველი იანვრიდან საფოსტო მომსახურება სრულად ლიბერალიზებულია. საფოსტო კანონმდებლობა უნივერსალური საფოსტო მომსახურების განხორციელების ვალდებულებას არ აკისრებს რომელიმე კონკრეტულ ოპერატორს. კანონმდებლობა ადგენს, რომ უნივერსალური მომსახურება ზოგადად იქნება მიწოდებული ბაზარზე არსებული ყველა ოპერატორის მიერ ერთობლივად. გერმანიის კანონმდებლობით უნივერსალურ საფოსტო მომსახურებაში შედის წერილები 2 კგ-მდე, დაზღვეული საგნები, რეგისტრირებული წერილები, სწრაფი გზავნილები, ფულადი გზავნილები, საფოსტო გზავნილები არაუმეტეს 20 კგ-სს, ასევე ჟურნალები და გაზეთები. საფრანგეთი - უნივერსალურ საფოსტო მომსახურების ვალდებულება La Poste-ს აქვს. პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს ეროვნული და საერთაშორისო გზავნილები წერილებისა, რომლებიც არ აღემატება 2 კგ-ს, ხოლო გზავნილების შემთხვევაში 20 კგ-ს.   დასკვნა

საქართველოს მთავრობის №40 დადგენილება მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტას“ ანიჭებს უფლებას განახორციელოს ამანათების შემოტანა, დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება, რომელიც შემოტანილია საქართველოს სახმელეთო ან საზღვაო გზით. დადგენილებაში არ არის განმარტებული, ის თუ რა წონის საფოსტო გზავნილს წარმოადგენს ამანათი. თუ მთავრობის №40 დადგენილება სართაშორისო ვალდებულების შესასრულებლად იყო მიღებული, ის აშკარად ეწინააღმდეგება და ვერ აკმაყოფილებს სართაშორისო პრაქტიკას, ვინაიდან ამ შემთხვევაში კონკრეტულადაა განსაზღვრული, თუ რას მოიცავს უნივერსალური საფოსტო მომსახურება.

აქედან გამომდინარე ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „2014 წლის 6 იანვრის №40 მთავრობის დადგენილებაში წერია, ვციტირებ: „საფოსტო გზავნილის, ამანათის მიღება-გაგზავნის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მხოლოდ შპს "საქართველოს ფოსტამ" უზრუნველყოს: ამანათების შემოტანა, დამუშავება და ადრესატისთვის ჩაბარება... ეს არის მთავრობის დადგენილებით, ერთი ორგანიზაციისთვის მონოპოლიის პირდაპირ მიცემა“, არის სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი