2014 წლის 26 ივლისის პარლამენტის პლენალურ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზურაბ ტყემალაძემ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს გიორგი თევდორაძეს მიმართა და განაცხადა, რომ მან ქუთაისის მერის პოსტზე ყოფნისას ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შენობის მშენებლობა 1,6 მლნ ლარი უნდა დამჯდარიყო. ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, გიორგი თევდორაძემ 7-ჯერ შეიტანა შესწორება პარლამენტის შენობის მშენებლობისათვის გამოყოფილ ბიუჯეტში, რის შედეგადაც სამშენებლო ხარჯები 200 მილიონ ლარამდე გაიზარდა, საბოლოოდ კი მშენებლობის ხარჯმა 360 მილიონი ლარი შეადგინა.
ფაქტ-მეტრი ზურაბ ტყემალაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
ფაქტ-მეტრი ქუთაისის პარლამენტის მშენებლობის შესახებ ადრე უკვე წერდა. ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისათვის გაწეული ხარჯების დეტალური ანალიზი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. IDFI-ის კვლევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროდან“ მიღებულ საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა. 2009-2010 წლებში ქუთაისში „დიდების მემორიალის“ ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაობის დამკვეთად ქუთაისის მერია იყო განსაზღვრული. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N915 განკარგულებით, ქ. ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის დაპროექტების, სამშენებლო მოედანზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის და გეოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად ქ. ქუთაისის მერიას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 მილიონი ლარი გამოეყო. იმავე წლის 11 დეკემბერს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხა ერთიანად გადაერიცხა. სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე დროში შესასრულებლად სახელმწიფო შესყიდვები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უნდა განხორციელებულიყო. 2010 წელს პარლამენტის შენობის დაპროექტების, მშენებლობის ექსპერტიზისა და სხვა გადაუდებელი სამუშაოების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის 30 მარტის N418 და 14 დეკემბრის N1618 განკარგულებებით, ქუთაისის მერიას საერთო ჯამში 42 მილიონი ლარი გამოეყო. თანხის გადარიცხვა ეტაპობრივად მიმდინარეობდა. იმავე მიზნით საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს N1047 განკარგულებით, ქუთაისის მერიას 11 050 000 ევროს ექვივალენტი ლარში [26 775 300 ლარი] გამოეყო. ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურს თანხა ერთიანად გადაერიცხა.
2009-2010 წლებში ფინანსთა სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებილი პროექტების ფონდიდან ქუთაისის მერიას სულ 73 775 300 ლარი გადაურიცხა.
პარლამენტის მშენებლობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ფაქტ-მეტრი ქუთაისის მერიას დაუკავშირდა. 2009 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის მერიისთვის გადარიცხული 5 მილიონი ლარიდან ფაქტობრივად 200 ათასი ლარი გაიხარჯა, ხოლო დარჩენილი თანხა 2010 წლის ბიუჯეტში გადავიდა. 2009-2010 წლებში ქუთაისის მერიისთვის პარლამენტის მშენებლობაზე გამოყოფილი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ირიცხებოდა. მთლიანობაში ქუთაისის საკრებულომ შესაბამისი დადგენილებებით ქუთაისის პარლამენტის მშენებლობისათვის გათვალისწინებულ ბიუჯეტში ცვლილება 5-ჯერ შეიტანა.
2009-2010 წლებში საქართველოს პარლამენტის მშენებლობისათვის ქუთაისის მერიამ გადარიცხული 73 775 300 ლარიდან, პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებზე ფაქტობრივად 63 826 800 ლარი დახარჯა.
2011 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებით, სახელმწიფო 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ საქართველოს პარლამენტის მშენებლობის დამკვეთად განისაზღვრა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე დახარჯული თანხა 2009-2012 წლებში სულ 144 375 300 ლარს შეადგენს, თუმცა, რეალურად საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯები გაცილებით მეტია, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი მშენებლობისთვის გადარიცხული თანხა. IDFI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის მშენებლობისათვის მხოლოდ საბიუჯეტო სახსრები საკმარისი არ აღმოჩნდა. შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ შპს „მენო ინტერნეიშნლს“ 216 470 114 ლარი გადაურიცხა, რაც ფინანსთა სამინისტროს მიერ 2011-2012 წლებში შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსთვის“ გადარიცხულ თანხას სამჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო“ საქართველოს პარლამენტის მშენებლობას საკუთარი კაპიტალით ახორციელებდა. ხოლო, კაპიტალის ზრდა ბიუროსთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონების გადაცემის და შემდგომ მისი გასხვისების ხარჯზე ხდებოდა.
ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა 2012 წელს დაასრულდა, მთლიანობაში კი პარლამენტის მშენებლობაზე 2009-2012 წლებში 326 243 038 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდზე ქუთაისის პარლამენტის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების დეტალური ანალიზი მითითებულ ბმულზეა ხელმისაწვდომი.
დასკვნა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევისა და ქუთაისის მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით დეპუტატის განცხადება არაზუსტია. 2009-2010 წლებში ქუთაისის მერია მართლაც იყო ქუთაისში პარლამენტის მშენებლობის დამკვეთი, თუმცა, დეპუტატი ცდება, როდესაც გაწეულ დანახარჯებსა და პარლამენტის მშენებლობისათვის ბიუჯეტში შეტანილ შესწორებებზე საუბრობს. ქუთაისის მერიას საერთო ჯამში ცენტრალური ბიუჯეტიდან 73 775 300 ლარი გადაერიცხა, რომლიდანაც 63 826 800 ლარი გახარჯა. შესაბამისად, ზურაბ ტყემალაძის განცხადების ის ნაწილი, სადაც ქუთაისის მერიის მიერ გახარჯულ 200 მილიონ ლარზე საუბრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
დეპუტატი ასევე, არაზუსტია როდესაც ქუთაისის ყოფილი მერის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის მშენებლობის ხარჯები 1,6 მლნ. ლარით განისაზღვრა. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ქუთაისის პარლამენტის მშენებლობის ხარჯებმა IDFI-ის კვლევის მიხედვით 2009-2012 წლებში 326 243 038 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დასრულებისათვის მხოლოდ საბიუჯეტო სახსრები არ აღმოჩდა საკმარისი და დამატებითი თანხების მოძიება სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების გასხვისების შედეგად მოხდა. შესაბამისად, ზურაბ ტყემალაძის განცხადების კონტექსტი გარკვეულწილად შეიძლება სწორია, თუმცა, ის ცდება, როდესაც აღნიშნულს ქუთაისის მერიას მიაწერს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ტყემალაძის განცხადება: „ბატონო გიორგი [თევდორაძე], ხელი გაქვთ მოწერილი, რომ ამ შენობის[პარლამენტის] მშენებლობა დაჯდებოდა 1,6 მლნ. ლარი და შვიდჯერ გაქვთ შესწორება შეტანილი... 200 მლნ-ზე რომ ახვედით, თავი დაანებეთ და ბოლოს 360 მლნ. დაგიჯდათ,“ არის ნახევრად სიმართლე.