წლის 23 ივლისს პარლამენტის სხდომაზე ბიუჯეტის ანგარიშის განხილვისას, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 2013 წლიდან საგარეო და საშინაო ვალთან მიმართებაში გაკეთებული პროგნოზი 3-ჯერ შეიცვალა და თითოეულ შემთხვევაში გაუარესებისკენ.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალის მდგომარეობით და აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ნაშთი 9313 მლნ ლარი იყო, სადაც საგარეო ვალი 7296 მილიონ ლარს, ხოლო საშინაო ვალი 2017 მილიონი ლარს შეადგენდა. 2013 წლის დასაწყისში დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 2014 წლისთვის სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურებოდა: საქართველოს საგარეო ვალის საპროგნოზო მოცულობამ 4747 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც იმჟამინდელი გაცვლითი კურსის მიხედვით 7864 მლნ ლარი იყო, ხოლო საშინაო ვალის მოსალოდნელი რაოდენობა კი 2120 მლნ ლარით განისაზღვრა. მთლიანობაში, 2013 წლის დასაწყისში სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებელმა 2014 წლისთვის 9984 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო ვალის ნომინალურ მშპ-თან ფარდობა 30.7%-ით განისაზღვრა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2013 წლის პროგნოზით, 2014 წელს ნომინალური მშპ-ს 12.4 %-ით, ხოლო რეალური მშპ-ს 6%-იანი ზრდა იყო გათვალისწინებული.
ცხრილი 1. სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი 2013 წლის დასაწყისში:
საგარეო ვალი (მლნ აშშ დოლარი) | საგარეო ვალი (მლნ ლარი) | საშინაო ვალი (მლნ ლარი) | სახელმწიფო ვალი სულ (მლნ ლარი) | ვალდებულებების წმინდა ზრდა (მლნ ლარი) | საგარეო ვალი მშპ-ის მიმართ | საშინაო ვალი მშპ-ის მიმართ | სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ |
4747 | 7864 | 2120 | 9984 | 369 | 24.2% | 6.5% | 30.7% |
სახელმწიფო ვალთან მიმართებაში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ვალდებულებების წმინდა ზრდა 1636 მლნ ლარამდე განისაზღვრა, საიდანაც 1036 მლნ საგარეო, ხოლო 600 მლნ საშინაო ვალის ზრდაზე მოდიოდა. საქართველოს საგარეო ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი 2014 წლის ბოლოსთვის 7826 მლნ ლარით, ხოლო საშინაო ვალი 2584 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც თავდაპირველად გათვალისწინებულ მონაცემზე მაღალი იყო. მთლიანობაში სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი 2014 წლის ბოლოსთვის 10410 მლნ ლარით განისაზღვრა. მშპ-ს ნომინალური და რეალური ზრდის პროგნოზი უცვლელი დარჩა, ხოლო სახელმწიფო ვალის ნომინალურ მშპ-სთან მოსალოდნელმა თანაფარდობამ 35.3% შეადგინა.
2013წლის 11 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ კანონი – „საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ და ასევე 2014–2017 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების შესახებ შემუშავებული დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნულ დოკუმენტში სახელმწიფო ვალის შესახებ მონაცემები და პროგნოზები მესამედ წარდგენილი პროექტის მიხედვით გათვალისწინებულს ემთხვეოდა. ქვემოთ მოცემული ცხრილი 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილებას გვიჩვენებს.
ცხრილი 2: სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილება
პროგნოზი (მლნ ლარი) | 2013 წლის დასაწყისი | პირველი წარდგენა | მეორე წარდგენა | მესამე წარდგენა | დამტკიცებული დოკუმენტი |
ვალდებულებების წმინდა ზრდა | 369 | 1132 | 1132 | 1636 | 1636 |
საგარეო | - | 732 | 732 | 1036 | 1036 |
საშინაო | - | 400 | 400 | 600 | 600 |
სახელმწიფო ვალის ნაშთი 2014 წლის ბოლოსთვის | 9984 | 9977 | 9977 | 10410 | 10410 |
საგარეო | 7864 | 7593 | 7593 | 7826 | 7826 |
საშინაო | 2120 | 2384 | 2384 | 2584 | 2584 |
სახელმწიფო ვალის ფარდობა ნომინალურ მშპ-სთან | 30.7% | 32% | 32% | 35.% | 35.3% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013 წლის განმავლობაში სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებლები შეიცვალა. კერძოდ, სახელმწიფო ვალის ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე ის თავდაპირველი პროგნოზით იყო გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ვალთან მიმართებაში პროგნოზები შეიცვალა, თანაც გაუარესებისკენ, სიმართლეს შეესაბამება.
2014წლის 23 ივლისს პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის პირველი 6 თვის შესრულების ანგარიში წარედგინა. მოცემული ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ვალის ფაქტიური ზრდა დაგეგმილზე ნაკლები იყო. ანგარიშის მიხედვით, 2014 წლისთვის სახელმწიფო ვალის ნომინალურ მშპ-სთან მოსალოდნელი ფარდობა 35.6 %-ით განისაზღვრა. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელს 30.7%-ს შეადგენდა, ხოლო 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით კი - 35.3%-ს. შესაბამისად, პროგნოზი სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით ისევ გაუარესებისკენ შეიცვალა. ამასთან უცვლელი დარჩა პროგნოზი მშპ-ს ნომინალური და რეალური ზრდის შესახებ.
სახელმწიფო ვალის ეკონომიკაზე გავლენის შესაფასებლად, მხოლოდ სახელმწიფო ვალის მოცულობის და ზრდის დინამიკის ცოდნა არაა საკმარისი. დამატებით, ასევე საჭიროა ვიცოდეთ სახელმწიფო ვალის ოდენობა ნომინალურ მშპ-სთან მიმართებაში, ასევე სახელმწიფო ვალის ზრდის მიმართება მშპ-ს ზრდის ტემპთან, რაც ქვეყნის გადახდისუნარიანობის შესაფასებლად გამოიყენება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, განვითარებადი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ვალის ნომინალურ მშპ-სთან თანაფარდობა 50%-ს არ უნდა სცდებოდეს. საქართველო განვითარებადი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება და შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაწესებული ლიმიტი მასზეც ვრცელდება. 2011 წელს საქართველომ საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი მიიღო, სადაც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი პარამეტრები დადგინდა. აღნიშნულის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო ვალის შეფარდება ნომინალურ მშპ-სთან 60%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს საქართველოს სახელმწიფო ვალის ნომინალურ მშპ-სთან შეფარდების დინამიკას.
გრაფიკი 1. სახლმწიფო ვალის და საგარეო ვალი ნომინალურ მშპ-ის მიმართ (%), 2003-2013 წწ
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო,საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
გრაფიკზე 2014* წლის საპროგნოზო მაჩვენებლებია მოცემული
როგორც გრაფიკიდან ჩანს, საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ის მიმართ 2003 წლიდან მცირდებოდა. 2008 წლიდან კი ზრდა დაიწყო, რაც ნაწილობრივ საქართველოს მთავრობის მიერ ევრობონდების გამოშვებით იყო განპირობებული. საქართველოს სახელმწიფო ვალის ნომინალურ მშპ-თან ფარდობა 2010 წლიდან შემცირდა და 37-35%-ის ფარგლებში მერყეობდა, რაც არც საერთაშორისო სავალუტო ფონდის და არც საქართველოს კანონით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ განსაზღვრულ ლიმიტს არ აჭარბებს.
რაც შეეხება საშინაო ვალს, 2014 წელს მის მოცულობასთან დაკავშირებით პროგნოზი აქაც შეიცვალა, კერძოდ, დაგეგმილი 400 მლნ ლარის ნაცვლად 600 მლნ ლარიანი ზრდა დაიგეგმა. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონით „სახელმწიფო ვალის შესახებ“, საშინაო ვალიდან შემოსული თანხები ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად გამოიყენება. საშინაო ვალის ზრდის უარყოფითი ეფექტი იმაში გამოიხატება, რომ საშინაო ვალის აღება კომერციული ბანკებისგან ხდება, რაც კერძო სექტორისთვის განკუთვნილ საკრედიტო რესურსს ამცირებს. გამომდინარე აქედან, ის თანხა რომელიც ბიზნესის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებაზე მიემართება, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესის შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს. სამინისტროს შესაბამისად, დეპუტატის განცხადება იმის შესახებ, რომ საშინაო ვალთან მიმართებაში პროგნოზი გაუარესდა, სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2014 წელს საშინაო ვალიდან 200 მლნ კომერციული ბანკების გრძელვადიანი საკრედიტო წყაროს დასაფინანსებლად იყო გათვალისწინებული. აღნიშნულ თემაზე ფაქტ–მეტრი უკვე წერდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად 172.8 მლნ ლარი უკვე გადანაწილებულია კომერციულ ბანკებში გრძელვადიანი საკრედიტო რესურსით უზრუნველყოფისთვის. 2014წლის ბიუჯეტის პირველი 6 თვის გეგმის მიხედვით, ვალდებულებების 350.5 მლნ ლარით წმინდა ზრდა იყო გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივი მონაცემებით, სახელმწიფო ვალის წმინდა ზრდამ 212.3 მლნ ლარი შეადგინა. გამომდინარე აქედან, ბიუჯეტის შესრულება ვალდებულების ცვლილების ნაწილში 60.6% იყო. საგარეო ვალის და საშინაო ვალის ზრდამ დაგეგმილზე ნაკლები შეადგინა. საშინაო ვალი დაგეგმილის 95 %-ით (346.7 მლნ ლარით), ხოლო საგარეო ვალი დაგეგმილის 53%-ით (147 მლნ ლარით) გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალის დაგეგმილზე ნაკლებად ზრდა იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ ინფრასტრუქტურაზე დაგეგმილი ხარჯები სრულად ვერ გასწია.
რაც შეეხება ვალდებულებების კლების ნაწილს, ამ მხრივ შესრულების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს, რამდენადაც საშინაო ვალდებულების კლების ფაქტობრივმა შესრულებამ 84.8% შეადგინა, ხოლო საგარეო ვალდებულების კლება 98.5% ით შესრულდა, რაც იმის ნიშანია, რომ ქვეყანა ვალის მომსახურებას წარმატებით ართმევს თავს.
დასკვნა 2013
წლის დასაწყისში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, სახელმწიფო ვალის ნაშთი 2014 წლის ბოლოსთვის 9984 მლნ ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო ნომინალურ მშპ-სთან სახელმწიფო ვალის ფარდობა 30.7%-ით იყო განსაზღვრული. 2013 წლის განმავლობაში ეს პროგნოზი ზრდის მიმართულებით რამდენჯერმე შეიცვალა.
საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი წარდგენისას, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა 9977 მლნ ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს ნომინალური მშპ-ს მიმართ, პროგნოზი 32% იყო. ცვლილება მოხდა მესამედ წარდგენისთვის მომზადებულ პროექტშიც, კერძოდ, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა 10410 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო ვალი ნომინალური მშპ-ს მიმართ 35.3%-ით განისაზღვრა. ახალი ვალის აღება დაგეგმილი 1132 მლნ ლარის ნაცვლად 1636 მლნ ლარამდე გაიზარდა. გამომდინარე აქედან, დეპუტატის განცხადება რომ მთავრობამ სახელმწიფო ვალთან მიმართებაში პროგნოზი გაუარესებისკენ შეცვალა, სიმართლეა.
ამას გარდა, საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ვალდებულებების ფაქტობრივი ზრდა გეგმით გათვალისწინებულზე ნაკლები იყო. თუმცა, ეს კლება ძირითადად მაინც საგარეო ვალის ხარჯზე მოდიოდა. გამომდინარე იქიდან, რომ საშინაო ვალის აღებით სახელმწიფო მნიშვნელოვნად ამცირებს კერძო სექტორისთვის განკუთვნილ საკრედიტო რესურსს და აღნიშნულ სახსრებს ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებისკენ მიმართავს, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ვალის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესზე.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „საგარეო ვალთან მიმართებაში და საშინაო ვალთან მიმართებაში, ერთი პროგნოზი იყო 2013 წლის დასაწყისში, მეორე პროგნოზი იყო 2014 წლის დასაწყისში, ახლა გვაქვს მესამე პროგნოზი, რომელიც ამ ანგარიშს მოყვა. ყველა ეს პროგნოზი მიდის გაუარესებისკენ. 3-ჯერ შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" პროგნოზი და სამივეჯერ გაუარესებისკენ,“ არის სიმართლე.