პრემიერის მიმართვის ტექსტში აღნიშნული იყო: „მე გეთანხმებით იმაშიც, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებული ბრალდებების პროცესი უნდა წარიმართოს ყოველგვარი ხარვეზის გარეშე და ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებელად. მე მესმის და ვიზიარებ იმ მღელვარებას, რომ ეს ბრალდებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკური დევნა და ამან საქართველოს შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და საგარეო ურთიერთობებზე გავლენა შეიძლება იქონიოს.“ გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ხაზგასმული იყო: „გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის ანგარიშში ამის [ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება] თაობაზე ნათქვამია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს უამრავი საქმე, რომელიც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევასთან, რომელიც დღემდე უყურადღებოდ იყო დატოვებული“. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროკურატურა ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად აწარმოებს, როგორც ყოფილი, ისე ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას.
ფაქტ-მეტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
2014 წლის 1 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკელმა სენატორებმა: ჯეიმს რიშმა, მარკო რუბიომ, ჯინ შაჰინმა და ჯონ მაკკეინმა წერილით მიმართეს.წერილში ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სამართლებრივი დევნის გამო შეშფოთება გამოთქვეს. წერილში აღნიშნული იყო: „ამის ყველაზე ახლო და აშკარა მაგალითი 28 ივლისს მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრებისთვის წარდგენილი ბრალია. ნებისმიერი დარღვევა, რომელიც თანამდებობის პირმა წარსულში ან აწმყოში ჩაიდინა, სერიოზულად უნდა იქნეს გამოძიებული კანონის მიხედვით სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად. თუმცა, როგორც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, აღნიშნა, გიგი უგულავას დაპატიმრება "ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ". ჩვენ გვაშფოთებს ის, რომ უგულავას დაპატიმრება არ არის ერთადერთი შემთხვევა. მუდმივი მცდელობა იმისა, რომ მედიის გავლით წარიმართოს გამოძიების პროცესი, ასევე ცუდად მეტყველებს პროკურატურის განზრახვებზე“.
2014 წლის 10-11 ივლისს ქალაქ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მთავრობის მე-4 პერიოდული ანგარიში განიხილეს. საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. შემაჯამებელი ანგარიში კი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 23 ივლისს მიიღო და ქართულ მხარეს გადაუგზავნა. 23 ივლისს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მიღებულ შემაჯამებელ ანგარიშში საკანონმდებლო კუთხით არსებული, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ასპექტებია გამოყოფილი. კომიტეტი მიესალმება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ისეთ ნაბიჯებს, როგორებიცაა 2014-2020 წლებისთვის ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის და 2014-2015 წლებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის დამტიცება, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერსა და 2007 წლის 27 სექტემბერს გამოცემული ბრძანებების ის მუხლები, რომლებიც ჰომოსექსუალებს სისხლის დონორობას უკრძალავდა, არაკონსტიტუციურად სცნო. გარდა ამისა, დასკვნაში წარმოდგენილია კომიტეტის რეკომენდაციებიისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რწმენისა და რელიგიის თავისუფლება, ოჯახური ძალადობა, გენდერული თანასწორობა, ეთნიკური უმცირესობების უფლებები და ა.შ. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრა უნდა უზრუნველყოს. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია სახალხო დამცველის ინსტიტუტის ფუნქციებსა და როლზე. კომიტეტის მიხედვით, სახელმწიფომ სახალხო დამცველის ოფისი მზარდი ფინანსური და ადამიანური რესურსით უნდა უზრუნველყოს. ასევე, სახალხო დამცველს სავალდებულო რეკომენდაციების გაცემის ძალაუფლება უნდა მიენიჭოს და მან უნდა შექმნას დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანო, რომელიც ანტიდისკრიმინაციული კანონის შესრულების ზედამხედველობას განახორციელებს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააუმჯობესოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რათა დისკრიმინაციის ყველა ფორმისგან ადამიანების ადეკვატური დაცვა უზრუნველყოს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნაში ნახსენებია როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები, ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი კანონდარღვევებიც. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნის მეთერთმეტე პარაგრაფი ყოფილი ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დანაშაულებსა და მათთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესს ეხება. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით პროკურატურაში შესული ათასობით საჩივრის გამო, თუმცა, ამავე დროს, კომიტეტი შეშფოთებულია იმით, რომ ბრალდებების რიცხვმა ყოფილი მაღალჩინოსნების და მოქმედი ოპოზიციონერების წინააღმდეგ, შესაძლოა სამართლებრივი სისტემის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების აღქმა შექმნას.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიძიოს წარსულში ჩადენილი დანაშაულები იმგვარად, რომ გამოძიებამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციურად განწყობილი ლიდერების მიმართ პოლიტიკური შურისძიებისა და ანგარიშსწორების სახე არ მიიღოს. ამასთან, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ძალადობის შედეგად დაზარალებულებმა სამართლებრივი დახმარება და შესაბამისი კომპენსაცია მიიღონ.
აღსანიშნავია, რომ გაეროს დასკვნის მეთორმეტე პარაგრაფში კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ზოგიერთი გამოძიების დაუსრულებლობის გამო. ამ საქმეებს შორისაა: 2006 წლის ციხის ბუნტი, პატიმართა წამების შემთხვევები გლდანის, ქსნის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის ციხეებში, 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა ძალადობრივი დაშლა, მერეთისა და კარალეთის ინციდენტები, რომლის დროსაც ჟურნალისტებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამასთან ერთად, კომიტეტი შეშფოთებულია, რომ საქმეების გამოძიება ხშირად წარმოებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება), ნაცვლად 1441-ე (წამება) და 1443-ე (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებისა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს შექმნა, რომელიც პოლიციელების და სხვა სამართალდამცავების მხრიდან წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებს გამოიძიებს.
დასკვნა
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშის მეთერთმეტე პარაგრაფში წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების აუცილებლობაზე მართლაც არის საუბარი, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს. თუმცა, ამ კონტექსტში, კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ წარსულში ჩადენილი დანაშაულები იმგვარად იქნას გამოძიებული, რომ გამოძიებამ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ოპოზიციურად განწყობილი ლიდერების მიმართ პოლიტიკური შურისძიებისა და ანგარიშსწორების სახე არ მიიღოს. დასკვნაში აქცენტი არა იმდენად დანაშაულებების გამოძიების აუცილებლობაზე, არამედ ამ გამოძიების ისე წარმართვაზეა გაკეთებული, რომ მას არ ჰქონდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმა. სწორედ ეს წარმოადგენს როგორც ამერიკელი სენატორების, ისევე სხვა მაღალი რანგის დასავლელი პოლიტიკოსების წუხილს და შენიშვნას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რასაც, პრემიერ-მინისტრი, ამ კონკრეტული დასკვნის ხსენებისას, გვერდს უვლის.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის გუნდის დასკვნით, პრემიერ-ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2014 წლის 23 ივლისის ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს უამრავი საქმე, რომელიც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევასთან, რომელიც დღემდე უყურადღებოდ იყო დატოვებული“, არის ნახევრად სიმართლე.