ფაქტ-მეტრი ვიცე-პრემიერის ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ბიზნეს გარემოს შედარება რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებს შორის კომპლექსურ ეკონომიკურ ანალიზს საჭიროებს. თუმცა, სიმარტივისთვის, ასეთი ანალიზისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც ქვეყნის საინვესტიციო და ეკონომიკური მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ. მსგავსი რეიტინგები იკვლევენ სხვადასხვა ფაქტორებს, რომლებიც ქვეყანაში კომერციული საქმიანობის წარმართვაზე გავლენას ახდენენ. ამ ტიპის რეიტინგებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული – Doing Business–ია, რომელსაც მსოფლიო ბანკის ჯგუფის ორი ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი (WB) და საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC) ახორციელებენ. აღნიშნული კვლევა 2004 წლიდან, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ ყველა ქვეყანაში ტარდება. Doing Business შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:
- ბიზნესის დაწყების სიმარტივე;
- სამშენებლო ნებართვის აღება;
- ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა;
- ქონების რეგისტრაცია;
- კრედიტის აღება;
- ინვესტორთა დაცულობა;
- გადასახადების გადახდა და მათი მოცულობა;
- საგარეო ვაჭრობის სიმარტივე;
- კონტრაქტის პირობების აღსრულება;
- საწარმოს ლიკვიდიცია.
წლის კვლევა), საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-8 ადგილზეა. 2013 წელს, ამ კომპონენტში ჩვენი ქვეყანა (კვლევა, რომელიც 2012 წელს ჩატარდა) მე-9 ადგილზე იყო, ხოლო 2012 წელს მე-16 ადგილზე. ასევე, საინტერესოა განვიხილოთ ხსენებული კვლევის სხვადასხვა კომპონენტები და ისინი ერთმანეთს რეგიონულ ჭრილში შევადაროთ.
ცხრილი 1.
კომპონენტი / ქვეყანა | საქ. | აზრ. | სომ. | თურქ. | უკრ. | რუმ. | ბულ. | რუს. |
Doing Business 2014 რეიტინგი | 8 | 70 | 37 | 69 | 112 | 73 | 58 | 92 |
ბიზნესის დაწყება | 8 | 10 | 6 | 93 | 47 | 60 | 65 | 88 |
სამშენებლო ნებართვის აღება | 2 | 180 | 79 | 148 | 41 | 136 | 118 | 178 |
ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობა | 54 | 181 | 109 | 49 | 172 | 174 | 135 | 117 |
ქონების რეგისტრაცია | 1 | 13 | 5 | 50 | 97 | 70 | 62 | 17 |
კრედიტის აღება | 3 | 55 | 42 | 86 | 13 | 13 | 28 | 109 |
ინვესტორთა დაცვა | 16 | 22 | 22 | 34 | 128 | 52 | 52 | 115 |
გადასახადების გადახდა | 29 | 77 | 103 | 71 | 164 | 134 | 81 | 56 |
საგარეო ვაჭრობის სიმარტივე | 43 | 168 | 117 | 86 | 148 | 76 | 79 | 157 |
კონტრაქტის აღსრულება | 33 | 28 | 112 | 38 | 45 | 53 | 79 | 10 |
საწარმოს ლიკვიდაცია | 88 | 86 | 76 | 130 | 162 | 99 | 92 | 55 |
წყარო: Doing Business 2014. World Bank
ცხრილი 1. წარმოაჩენს საქართველოს ლიდერობას რეიტინგის უმეტეს კომპონენტში. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვლევა ძირითადად ბიუროკრატიული საფეხურების სიმრავლისა და სირთულის შესაფასებლად წარმოებს და არ მოიცავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ქვეყანაში არსებული კადრების კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების დონე და ა.შ. თუმცა, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მართლაც საუკეთესო შედეგები აქვს რეგიონში საჯარო სერვისებისა და გადასახადების გადახდის სიმარტივის კუთხით.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს რეგიონში ყველაზე დაბალი გადასახადები აქვს. აღნიშნულ საკითხს ხსენებული კვლევა გადასახადების ადმინისტრირების კომპონენტში ეხება. კვლევაში თითოეული ქვეყნისთვის დათვლილია გადასახადების რაოდენობა და მათი პროცენტული წილი კომპანიის დაუბეგრავ მოგებაში. ამ მხრივ, ზემოთ ხსენებულ ქვეყნებს შემდეგი მაჩვენებლები აქვთ:
ცხრილი 2.
ქვეყანა | საქ. | აზრ. | სომ. | თურქ. | უკრ. | რუმ. | ბულ. | რუს. |
გადახდების რაოდენობა | 5 | 18 | 10 | 11 | 28 | 39 | 13 | 7 |
გადასხადების % წილი კომპანიის მთლიან მოგებაში | 16.4 | 40 | 38.8 | 40.2 | 54,9 | 42.9 | 27.7 | 50.7 |
წყარო: Doing Business 2014. World Bank
ცხრილი 2. გვაჩვენებს, რომ საქართველოში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მართლაც ყველაზე დაბალი გადასახადებია. აგრეთვე ნაკლებია გადახდების რაოდენობაც, რაც ნაკლებ ბიუროკრატიულ პრობლემებს იწვევს.
გიორგი კვირიკაშვილმა კორუფციის დაბალ დონეზეც გაამახვილა ყურადღება. ამ კუთხით, არსებობს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც 2013 წელს საქართველო მსოფლიოში 55-ე ადგილზეა იყო, და კორუფციის უფრო ნაკლები დონე რეგიონში მხოლოდ თურქეთში აღინიშნებოდა (53-ე ადგილი). კვლევაში რუსეთი და აზერბაიჯანი 127-ე ადგილს იკავებენ, სომხეთი 94-ე ადგილზეა, რუმინეთი 69-ე, ბულგარეთი კი 77-ზე. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის განცხადება ამ კუთხითაც მეტწილად ზუსტია.
დასკვნა
ფაქტ–მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ საქართველო გადასახადებისა და ბიუროკრატიული ბარიერების სიმცირის კუთხით რეგიონში მართლაც ლიდერია. ქვეყანა ასევე ლიდერობს კორუფციის დაბალი დონით. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორები გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტ ფაქტორს ითვალისწინებენ ვიდრე დაბალი გადასახადები და ბიუროკრატიული საფეხურებია. საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია: ქვეყანაში არსებული კადრების კვალიფიციურობა, ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბი, მისი პოტენციალი, საერთაშორისო გადაზიდვებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის დონე (პორტების, რკინიგზისა და მაგისტრალების განვითარების დონე), ასევე გეოპოლიტიკური და შიდაპოლიტიკური სტაბილურობა. ეს ფაქტორები ხშირ შემთხვევაში უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენენ ინვესტორის გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კარგი საინვესტიიო გარემოს შეთავაზება შეუძლია, მას არ აქვს ისეთი მასშტაბები და ინფრასტრუქტურა, როგორიც მაგალითად თურქეთს, რუმინეთს და ბულგარეთს.
ზემოთ განხილული ფაქტორების გათვალისწინებით, ფაქტ–მეტრი ასკვნის, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: „ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე დაბალი გადასახადები, გამარტივებული სასაზღვრო პროცედურები, არაკორუფციული გარემო და ძალიან კარგი საჯარო სერვისები. არცერთ ქვეყანას ჩვენს რეგიონში არ შეუძლია დასავლეთს შესთავაზოს მსგავსი დადებითი ფაქტორები,” არის მეტწილად სიმართლე.