მიმდინარე წლის 25 ივლისს, საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლმა, ლევან ბეჟაშვილმა ყურადღება 2013 წელს ბიუჯეტის გარღვევაზე გაამახვილა. „თქვენი ხელისუფლების პირობებში, ქვეყანამ მილიარდნახევარი დაკარგა მარტო საბიუჯეტო შემოსავლების სახით, ეს იყო 700 მილიონი კონკრეტული შემოსულობები ბიუჯეტში და ნახევარი მილიარდი დოლარი სავალუტო რეზერვი, რომელიც მოახმარეთ ლარის კურსის სტაბილიზაციას’’ – განაცხადა ბეჟაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის განცხადებას არ დაეთანხმა ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური. „ეროვნული ბანკის რეზერვები იმ წლის განმავლობაში გაიზარდა 500 მილიონით, შემდეგ კი შემცირდა 440 მილიონით ანუ პლიუს 60 მილიონი მაინც იყო წლის განმავლობაში. ეროვნული ბანკის რეზერვები არაფერ შუაშია ბიუჯეტთან, ამიტომ, არანაირ მილიარდნახევრიან გარღვევაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი“ – განაცხადა მინისტრმა.

ფაქტ-მეტრი დაინტერესდა აღნიშნული განცხადებებით და მათი ფაქტობრივი სიზუსტე გადაამოწმა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 7,695 მლნ ლარი შეადგინა, წლიური გეგმა კი 8,426 მლნ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, 2013 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 730 მლნ ლარით გაირღვა.

საქართველო ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონებზე, 2013 წელს ნოემბრამდე 575 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. ნოემბრიდან დაიწყო ლარის კურსის ვარდნა, რაც 2014 წლის თებერვლამდე გაგრძელდა. 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 440 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 115 მლნ აშშ დოლარით მეტი შეისყიდა, ვიდრე გაყიდა.

თუმცა, 2012 წლის ბოლოსთან შედარებით, 2013 წელს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვი 50 მლნ დოლარით შემცირდა, რაც, ძირითადად, საგარეო ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა განაპირობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს, 2012 წელთან შედარებით, უცხოური ვალუტის რეზერვი 236 მლნ დოლარით იყო გაზრდილი და ჯამში 50 მილიონი დოლარით შემცირება 2013 წლის ნოემბერ–დეკემბრის მოვლენებმა განაპირობა. 2012 წლის დეკემბრის მონაცემებით, სავალუტო რეზერვები 2,652 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 2013 წლის ოქტომბრის მონაცემებით, რეზერვები 2,827 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2013 წლის ბოლოს კი - 2,601 მლნ აშშ დოლარი. სავალუტო რეზერვების კლება 2014 წელსაც გაგრძელდა და ივნისის მონაცემებით 2,275 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

მართალია სავალუტო რეზერვი პირდაპირ კავშირში არ არის ბიუჯეტთან, თუმცა, 2013 წლის ბოლოს ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია საბიუჯეტო ფაქტორმა განაპირობა, ხოლო სავალუტო რეზერვი აღნიშნული ტენდენციის შესაჩერებლად დაიხარჯა. გარღვეული საბიუჯეტო შემოსავლის დიდი ნაწილის კომპენსირება საბიუჯეტო რეზერვიდან, ანუ ცენტრალური მთავრობის დეპოზიტებიდან მოხდა. 2013 წლის ბოლო კვარტალში ცენტრალურმა მთავრობამ დეპოზიტები ეროვნულ ბანკში დაახლოებით 453 მლნ ლარით შეამცირა. ჯამში, 2013 წლის ნაერთი ბიუჯეტის ბოლო კვარტლის დეფიციტი 660 მილიონი ლარი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ 3 თვეში ეკონომიკაში ჩაუშვა 660 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ეკონომიკიდან ამოიღო შემოსავლების სახით. შედეგად, დაირღვა ლარი/დოლარის წონასწორობა და ლარის კურსმა გაუფასურება დაიწყო. იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ლარის კიდევ მეტად გაუფასურება, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვიდან ნოემბერ–იანვარში 440 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. აქვე აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვის გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ეს თანხა დაიკარგა, ის გადაიცვალა ლარზე. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა დაკარგა უცხოური ვალუტის რეზერვი, რაც მნიშვნელოვანია ვალუტის კურსის სტაბილურობისათვის და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების შეუფერხებლად წარმართვისთვის.

დასკვნა

2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 730 მლნ ლარით გაირღვა. 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 440 მლნ აშშ დოლარი გაყიდა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ციფრები ახლოსაა პარლამენტარის მიერ დასახელებულ ციფრებთან და ნეგატიურ ტენდენციებს უჩვენებს, განცხადების ის ნაწილი, სადაც დეპუტატი ამბობს: „თქვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ მილიარდნახევარი დაკარგა,“ სიმართლეს არ შეესაბამება. ბიუჯეტის დანაკლისი არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ ეს თანხა დაკარგა. არც სავალუტო რეზერვების კლება ნიშნავს, რომ ქვეყანამ ეს თანხა სრულად დაკარგა. შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ლევან ბეჟაშვილის განცხადება „თქვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანამ მილიარდნახევარი დაკარგა. ეს იყო 700 მილიონი კონკრეტული შემოსულობები ბიუჯეტში და ნახევარი მილიარდი დოლარი სავალუტო რეზერვი, რომელიც მოახმარეთ ლარის კურსის სტაბილიზაციას,“ არის ნახევრად სიმართლე.

ფინანსთა მინისტრი მართალია, როცა ამბობს, რომ მილიარდნახევრიან დანაკარგზე საუბარი არასწორია. სავალუტო რეზერვი ბიუჯეტთან პირდაპირ კავშირში არ არის. თუმცა, ლარის კურსის ვარდნა გამოწვეული იყო ბიუჯეტიდან დიდი მოცულობით თანხების 2013 წლის ბოლო კვარტალში დახარჯვით. ვალუტის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების გამოყენება მოუხდა. საქართველოს ეროვნული ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის 440 მლნ აშშ დოლარი გაყიდა და 2012 წელთან შედარებით, 2013 წელს სავალუტო რეზერვები 50 მლნ დოლარით შემცირდა. შესაბამისად, საერთო ჯამში სავალუტო რეზერვი კი არ გაიზარდა, როგორც მინისტრი ამბობს, პირიქით, შემცირდა 50 მლნ დოლარით.

ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: „ეროვნული ბანკის რეზერვები იმ წლის განმავლობაში გაიზარდა 500 მილიონით, შემდეგ კი შემცირდა 440 მილიონით, ანუ პლიუს 60 მილიონი მაინც იყო წლის განმავლობაში. ეროვნული ბანკის რეზერვები არაფერ შუაშია ბიუჯეტთან ამიტომ არანაირ მილიარდნახევრიან გარღვევაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი,“ არის მეტწილად მცდარი.

თეგები:

პერსონები