წლის 9 ივლისს, სოფლის მეურნეობის ამჟამად უკვე ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საფერავის ჯიშის ყურძენზე სუბსიდირება აღარ განხორციელდებოდა. ამის მიზეზად მან საფერავზე გაზრდილი მოთხოვნა დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებიდან მოკლე ხანში შალვა ფიფიამ თანამდებობა დატოვა, ფაქტ–მეტრმა საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე განცხადების გადამოწმება და სტატიის გამოქვეყნება მაინც გადაწყვიტა.
მოგვიანებით, ახალმა მინისტრმა ოთარ დანელიამ ასევე ისაუბრა საფერავის სუბსიდირების შემცირების შესახებ. მისი თქმით, საფერავის სუბსიდირება 25-დან 15 თეთრამდე შემცირდებოდა, ხოლო რქაწითელის 40-დან 35 თეთრამდე.
ორივე ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში, სუბსიდირების როგორც გაუქმების და ასევე შემცირების შესახებ გადაწყვეტილების ძირითად არგუმენტად საფერავზე გაზრდილი მოთხოვნა დასახელდა, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ჯიშის ყურძენზე მაღალი ფასის შენარჩუნებას და შესაბამისად სუბსიდირების შეწყვეტა ან შემცირება გლეხის შემოსავალზე უარყოფითად არ აისახება.
მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს რთველის სუბსიდირება მოხდება, სუბსიდია ორივე ჯიშის ყურძენზე შემცირებულია. ამასთან, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, დარგში მიმდინარე დადებითი ცვლილებები მომავალში სუბსიდირების საჭიროებას გამორიცხავს.
ფაქტ–მეტრი მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და აღნიშნულ დარგის დამოუკიდებლად, სუბსიდირების გარეშე, განვითარების პერსპექტივა გააანალიზა.
საქართველოში რთველის სუბსიდირება მთავრობის ინიციატივით, 2008 წლიდან დაიწყო. მისი მიზანი რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალება და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის გამოსაცოცხლება იყო. 2009 წლიდან დღემდე აღნიშნულ დარგში დადებითი ძვრები შეიმჩნეოდა. კერძოდ, 2009 წლიდან ღვინის ექსპორტი იზრებოდა. საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს ექსპორტზე გასული ღვინის მოცულობამ 35.9 მლნ ლიტრი შეადგინა რაც 375%-ით აღემატება 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 2013 წელს 129.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის შემოსავალს თითქმის ორჯერ (195.2%) და 2009 წლის შემოსავალს (399,6 %) თითქმის ოთხჯერ აღემატება. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს ღვინის ექსპორტის დინამიკას 2009-2013 წლების განმავლობაში.
გრაფიკი 1:ღვინის ექსპორტი 2009-2013 წწ
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურიროგორც გრაფიკიდან ჩანს, გაიზარდა არა მხოლოდ ექსპორტზე გასული ღვინის რაოდენობა, არამედ ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც, რაც არა მხოლოდ ექსპორტის მოცულობის ზრდის, ასევე უცხოურ ბაზარზე ქართული ღვინის ფასის ზრდის მაჩვენებელიცაა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით 2009 წელს ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 3.57 აშშ დოლარი იყო, რომელიც მომდევნო სამი წლის მანძილზე 3.28-3.40 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო 2013 წელს ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 3.61 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 10%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია ისიც, რომ ღვინის ფასის ზრდა ექსპორტზე გატანილი ღვინის რაოდენობის ზრდის პარალელურად ხდებოდა, რაც უცხოურ ბაზარზე ქართულ ღვინოზე მზარდი მოთხოვნის და მანიშნებლად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც, ძირითადად, რუსეთის ბაზრის გახსნას უკავშირდება.
ღვინოზე მაღალმა მოთხოვნამ, ყურძენზე მოთხოვნის და შესაბამისად მისი ფასის ზრდაც გამოიწვია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საფერავის ჯიშის ყურძენზე ფასის ზრდა 2012 წლიდან დაიწყო. მანამდე საფერავის საშუალო ფასი (სუბსიდიის გარეშე) 0.4 ლარს შეადგენდა, რომელიც 2012 წელს – 0.65, ხოლო 2013 წელს კი 0.98 ლარამდე გაიზარდა. ასევე, ფასის მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა რქაწითელის ყურძნის ჯიში, რომლის საშუალო ფასიც 2008 წელს 0.3 ლარს შეადგენდა, ხოლო 2013 წელს 0.73 ლარამდე გაიზარდა. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს საფერავის და რქაწითელის ფასების დინამიკას 2008 წლიდან.
გრაფიკი 2:ყურძნის საშუალო შეწონილი ფასი 2008-2013წწ
წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტროროგორც გრაფიკიდან ჩანს, საფერავზე ფასი 2012 წლიდან გაიზარდა, ხოლო რქაწითელზე ფასი 2008 წლიდან იზრდებოდა. ფასების ზრდა აღნიშნულის ყურძნის ჯიშზე მაღალი მოთხოვნის მაჩვენებელია, აქედან გამომდინარე სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის არგუმენტი, რომ საფერავზე მოთხოვნა გაიზარდა სიმართლეს შეესაბამება.
ყურძნის ფასის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ყურძნის წარმოებაც. ყურძნის წარმოებამ 2013 წელს 223 ათასი ტონა შეადგინა, რაც დაახლოებით 1.5 ჯერ მეტია წინა წელთან შედარებით. ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს ყურძნის წარმოებას 2006 წლიდან. როგორც გრაფიკიდან ჩანს, ყურძნის წარმოება თითქმის მიუახლოვდა 2007 წლის მონაცემს, ანუ იმ პერიოდის მდგომარეობას, როდესაც რთველის სუბსიდირება დაიწყო. ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფასების და წარმოების მოცულობის პარალელური ზრდა ყურძენზე გაზრდილი მოთხოვნის ნიშანია.
გრაფიკი 3:ყურძნის წარმოება 2006-2013 წწ
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურირაც შეეხება გადამუშავებული ყურძნის რაოდენობას, გადამუშავებული საფერავის რაოდენობა შედარებით მერყევი დინამიკით ხასიათდებოდა, ხოლო რქაწითელის რაოდენობა კი იზრდებოდა. ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს გადამუშავებული ყურძნის დინამიკას 2007 წლიდან.
გრაფიკი 4:გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა 2007-2013 წწ
წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტროროგორც გრაფიკიდან ჩანს გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა 2009 წლიდან იზრდებოდა და ყველაზე მაღალი ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა, როდესაც გადამუშავებული რქაწითელის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, ხოლო საფერავის გადამუშავება წინა წელთან შედარებით 7780 ტონით გაიზარდა. თუმცა, არცერთი მათგანი არ გატოლებია 2007 წლის მონაცემს.
რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი ორჯერ გაიზარდა, თუმცა ფაქტ–მეტრმა ვერ შეძლო იმის დადგენა, კონკრეტულად რომელი სახეობის ღვინის ექსპორტი გაიზარდა. თუ შევადარებთ კვარტალურ მაჩვენებლებს, ვნახავთ, რომ 2012 წლიდან ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა თითქმის 2.5-ჯერ აღემატებოდა წინა წლის ანალოგიურ მონაცემს, ხოლო მეორე კვარტალში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მონაცემს 65%-ით აღემატება. ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს 2012-2014 წლებში ექსპორტზე გასული ღვინის რაოდენობას.
ცხრილი 1. 2012-2014წწ ღვინის ექსპორტი კვარტალურად (ბოთლებში 0.75ლ)
2012 |
2013 |
ზრდა % 2012-2013 |
2014 |
ზრდა % 2013-2014 |
|
I კვარტალი |
3,729,060 |
4,508,546 |
20.9% |
15,488,184 |
243.52% |
II კვარტალი |
5,452,155 |
6,877,989 |
26.15% |
11,383,961 |
65.51% |
III კვარტალი |
6,290,576 |
15,112,033 |
140.23% |
||
IV კვარტალი |
7,869,614 |
20,249,181 |
157.3% |
ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კერძო საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნის პროცენტული წილი სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში იზრდება. 2013 წელს კერძო საწარმოების მიერ გადამუშავებულმა ყურძნის წილმა გადამუშავებული ყურძნის მთლიან რაოდენობაში 84% შეადგინა. კერძო საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობის ზრდა დადებით ცვლილებებზე და კერძო სექტორის გააქტიურებაზე მიუთითებს. ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს კერძო და სახელმწიფო საწარმოების წილს გადამუშავებული ყურძნის რაოდენობაში.
გრაფიკი 5:სახელმწიფო და კერძო საწარმოების წილი გადამუშავებულ ყურძენში 2007-2013 წწ
წყარო: სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასკვნასაფერავის ფასი 2013 წელს 2009 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა. ასევე გაიზარდა რქაწითელის ფასიც, რომელიც 2007 წელთან შედარებით გაორმაგებულია. ფასების ზრდასთან ერთად მოხდა ყურძნის წარმოების ზრდაც, კერძოდ, 2013 წელს წარმოებული ყურძნის მოცულობამ 222. 8 ათასი ტონა შეადგინა, რაც დაახლოებით 1.5 ჯერ აღემატებოდა 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს. ყურძნის ფასის და წარმოების ერთობლივი ზრდა მასზე მოთხოვნის ზრდის მანიშნებლად შეიძლება ჩაითვალოს. ასევე, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 2013 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა. 2013 წელს კერძო საწარმოებმა მთლიანი რაოდენობის 84% ყურძენი გადაამუშავეს, რაც კერძო სექტორის გააქტიურების ნიშანია. გაიზარდა ღვინის ექსპორტიც, კერძოდ, 2014 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტზე გასული ღვინის რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მევენახეობა მეღვინეობის დარგში 2008 წელთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესებულია.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის განცხადება: „მოთხოვნა განსაკუთრებით წითელ ყურძენზე, საფერავზე, მნიშვნელოვნად, მინიმუმ ორჯერ, აჭარბებს სავარაუდო მოსავალს,“ არის სიმართლე.