2014
წლის 23 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა: „2012 წლის მონაცემს თუ გამოვაკლებთ კიდევ იმ 165 მილიონ ლარს, რომელიც ჩვენ დავამატეთ განათლებას, თავდაცვას და სოფლის მეურნეობას, აღმოჩნდება, რომ ჩვენ გასულ წელს დავხარჯეთ გაცილებით მეტი თანხა ვიდრე 2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ მთლიანად ამოგვეღო შემოსავლები“.
ფაქტ-მეტრი განცხადებაში მოყვანილი მონაცემების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობები 8,158 მლნ ლარით განისაზღვრა. გაწეულმა საკასო ხარჯმა კი 8,004 მლნ ლარი შეადგინა, რაც საბიუჯეტო გეგმის 99.4%-ია. 2013 წლის გეგმიური ბიუჯეტით,
შემოსულობები 8,425 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, რამაც საკასო შესრულებით 7,717.4 მლნ ლარი შეადგინა. საბიუჯეტო გეგმა კი 91.6%-ით შესრულდა. სწორედ ამიტომ, 2013 წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 700 მილიონი ლარით გაირღვა. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმილი შემოსულობები 267.8 მლნ ლარით მეტი იყო 2012 წლის შემოსულობებზე, საკასო შესრულებით, 2012 წელს შემოსულობების ნაწილში 286.6 მლნ ლარით მეტი თანხა შევიდა, ვიდრე 2013 წელს.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ ხარჯებს, ის 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 8,091.5 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო საკასო შესრულებით 7,806.8 მლნ ლარი შეადგინა, პროცენტულად კი 96.5%-ით შესრულდა. აქედან, 6,566.3 მლნ ლარი მიმიდინარე ხარჯებისთვის გამოიყო, რაც გეგმიური მაჩვნებლის 97.3%-ია. არაფინასური აქტივების ზრდისთვის, ანუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 728.6 მლნ ლარი დაიხარჯა. 372.6 მლნ ლარი შეადგინა ფინანსური აქტივების ზრდამ (ნაშთის გამოკლებით), ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულბების კლება ანუ ვალის ძირი თანხის გასტუმრება 154. 4 მლნ ლარით განისაზღვრა, საკასო შესრულბთ კი 139,3 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება 2013 წლის საბიუჯეტო ხარჯებს, ის პროგრამულად 8,748.5 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, რამაც საანგარიშო პერიოდში 8,104.2 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, საბიუჯეტო გეგმა 92.6%-ით შესრულდა. 2013 წელს მიმდინარე ხარჯები 6,545.6 მლნ ლარით განისაზღვრა, ინფრასტრუქტურული ხარჯებისთვის კი 767.6 მლნ ლარი გამოიყო. 277.1 მლნ ლარი შეადგინა ფინანსური აქტივების ზრდამ, ხოლო ვალდებულებები 513.9 მლნ ლარით შემცირდა.
შემოსულობები | გადასახდელები | |||
დამტკიცებული გეგმა | საკასო შესრულება | დამტკიცებული გეგმა | საკასო შესრულება | |
2012-წელი | 8,158.0 | 8,004.0 | 8,091.5 | 7,806.8 |
2013 წელი | 8,425.0 | 7,717.4 | 8,748.5 | 8,104.2 |
როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმიური გადასხდელები 657.0 მლნ ლარით, ხოლო საკასო შესრულებით კი 297.4 მლნ ლარით მეტია 2012 წლის მაჩვნებელზე. რაც შეეხება მიმდიანრე ხარჯებს, ამ შემთხვევაში, 2012 წელს მიმდინარე ხარჯები 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20.7 მლნ ლარით მეტი იყო.
იმის გადასამოწმებლად, თუ რა რაოდენობით გაიზარდა 2012 წელს თავდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ბიუჯეტი, ფაქტ-მეტრი 2012 წლის ბიუჯეტის
დეკემბრის ცვლილებებს გაეცნო. 2012 წლის ბიუჯეტის ბოლო, დეკმებრის ცვლილებით განათლების სფეროს დაფინანსება 26.5 მილიონით გაიზარდა, თავდაცვის – 54.1 მილიონით, ხოლო სოფლის მეურნეობის სექტორის – 79.7 მილიონი ლარით. საერთო ჯამში აღნიშნულ სექტორებში გაზრდილმა დაფინანსებამ 160.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ადასტურებს მინისტრის განცხადებას.
დასკვნა
საქართველოს 2012-2013 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით 2012 წელს შემოსულობების ნაწილში, 2013 წელთან შედარებით, 286.6 მლნ ლარით მეტი თანხა შევიდა. მიუხედავდ იმისა, რომ გეგმიური ბიუჯეტით 2013 წლის საბიუჯეტო შემოსულობებითვის გაცილებით მეტი თანხა იყო განსაზღვრული.
რაც შეეხება 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს, იგი 297.4 მლნ ლარით მეტია 2012 წლის ანალოგიურ მაჩვნებელზე. თუ 2012 წელს გაწეულ გადასახდელებს გამოვაკლებთ 160 მილიონ ლარს, რომელიც 2012 წლის დეკემრის საბიუჯეტო ცვლილებით განათლების, თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად დამატებით იქნა გამოყოფილი, მივიღებთ, რომ 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 457.4 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა.
მიუხედავად ზემოთ მოყვანილი გარემოებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის ხარჯების ნაწილში დაგეგმილი ხარჯები 2012 წელს 96,5%–ით შესრულდა, 2013 წელს კი 92,6%–ით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროცენტულად, 2012 წელს დაგეგმილი ხარჯების უფრო დიდი ნაწილი შესრულდა, ვიდრე 2013 წელს.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ნოდარ ხადურის განცხადება: „2012 წლის მონაცემს თუ გამოვაკლებთ კიდევ იმ 165 მილიონ ლარს, რომელიც ჩვენ დავამატეთ განათლების თავდაცვას და სოფლის მეურნეობას, აღმოჩნდება, რომ ჩვენ გასულ წელს დავხარჯეთ გაცილებით მეტი თანხა ვიდრე 2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ მთლიანად ამოგვეღო შემოსავლები,“ არის მეტწილად სიმართლე.