წლის 31 ივლისს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ, განაცხადა: „ადგილობრივი თვითმართველობის ახლად მიღებული კანონი ყველა რაიონს, თემს, თემების გაერთიანებას, საშუალებას აძლევს შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობა. ის კრიტერიუმი, რომელიც აუცილებელია ამ თვითმართველობის წარმოქმნისათვის, ქართული სახელმწიფო ენის ცოდნაა”.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და ადგილობრივ თვითმართველობსთან მიმართებაში სახელმწიფო ენის საკითხი გაანალიზა.
2014 წლის 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“მიიღო.
კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს (მუხ. 1).
ადგილობრივი თვითმართველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტებში − თვითმმართველ ქალაქსა და თვითმმართველ თემში.
კოდექსი მუნიციპალიტეტის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენად საქართველოს სახელწიფო ენას განსაზღვრავს (მუხ 9).
2005 წელს მიღებულ საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ (ძალადაკარგულია 04.07.2014), ასევე განსაზღვრავდა სახელმწიფო ენას როგორც ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენად (მუხ 9.).
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულია, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე, აფხაზური (მუხ. 8).
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თავი II განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლებიც ახალი მუნიციპალიტეტის შექმნისთვის არის საჭირო. კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შექმნის საფუძველი ორია: ა) მუნიციპალიტეტის გაყოფა ორ ან მეტ მუნიციპალიტეტად; ბ) ორი ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტის გაერთიანება ერთ მუნიციპალიტეტად (მუხ. 10.1).
ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით, საკუთარი ინიციატივით, მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოსთან (საკრებულოებთან) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე ან მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობითა და (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტს მუნიციპალიტეტის შექმნის ან გაუქმების შესახებ წარდგინებით მიმართოს (მუხ. 10.2).
მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ შუამდგომლობა შესაბამის სამთავრობო კომისიასთან, თვითონ მუნიციპალიტეტებსაც შეუძლიათ დააყენონ (მუხ. 10.5).
ახალი მუნიციპალიტეტის შესაქმნელად შესაბამის სამთავრობო კომისიას უნდა წარედგინოს გარკვეული საბუთები. კერძოდ: მუნიციპალიტეტის გაყოფის/გაერთიანების საჭიროების დასაბუთება, შესაქმნელ მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებების ჩამონათვალი, მოსახლეთა რაოდენობა და ა.შ. (მუხ. 10.3). ყველა ეს საბუთი აუცილებელია შესრულებული იყოს სახელმწიფო ენაზე, როგორც ამას მე-9 მუხლი მოითხოვს.
დასკვნა
კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში (მუნიციპალიტეტებში), სავალდებულოა, რომ საქმის წარმოება, სახელმწიფო, ანუ ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ა/რ-ში კი - ქართულთან ერთად ასევე აფხაზურ ენაზე წარმოებდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში პირდაპირ არ წერია, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა აუცილებელია მუნიციპალიტეტის შექმნისთვის, მუნიციპალიტეტის წარმოქმნა მოითხოვს გარკვეულ საქმისწარმოებასა და მუნიციპალიტეტების ორგანოების მუშაობას, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ სახელმწიფო ენაზე უნდა ხორციელდებოდეს. აქედან გამომდინარე, ქართული ენის ცოდნა, ხოლო აფხაზეთის ა/რ-ში კი - ასევე აფხაზური ენის, შეგვიძლია მუნიციპალიტეტის წარმოქმნისთვის აუცილებელ კრიტერიუმად მივიჩნიოთ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გიორგი ვოლსკის განცხადება: „კრიტერიუმი, რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმართველობის წარმოქმნისათვის, ქართული სახელმწიფო ენის ცოდნაა”, არის სიმართლე.