წლის 18 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემების მიხედვით, ექსპორტის 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა ის ფაქტიც, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი მიმდინარე წლის მთლიან ექსპორტში გაიზარდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ეკონომიკის მინისტრის განცხადების სიზუსტით და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ექსპორტირებულმა პროდუქციამ 1175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1001.8 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. გამომდინარე აქედან, მიმდინარე წელს ექსპორტი 173,2 მლნ დოლარითაა გაზრდილი, რაც 17,3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი ექსპორტის ნომინალურ ზრდას ასახავს. ექსპორტის უდიდესი ნაწილი კვლავ დსთ-ს ქვეყნებზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, 2014 წლის ექსპორტის 53% დსთ-ს ქვეყნებში განხორციელდა, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქციაც. მიმდინარე წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებული პროდუქციის საერთო ღირებულება 92,5 მლნ აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს და მიმდინარე წლის მთლიანი ექსპორტის 21%-ს შეადგენს.
დადებითი ცვლილებები აღინიშნება სოფლის მეურნეობის სფეროშიც. 2009 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმოების ზრდასთან ერთად იზრდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიც. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს 2009-2013 წწ ექსპორტზე გასული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილს მთლიან გამოშვებაში.
გრაფიკი 1:სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება და ექსპორტი
წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს ექსპორტირებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ 774,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური მთლიანი ექსპორტის 26%-ია, ხოლო 2012 წელს სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთლიანი ექსპორტის 21%-ს შეადგენდა. ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითად ნაწილს ყურძნის ნატურალური ღვინოები, ცოცხალი ცხოველები, თხილი, კაკალი და მინერალური წყლები წარმოადგენდა. ქვემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს 2013 წელს ექსპორტირებულ სასოფლო სამეურნეო ნაწარმს პროდუქციის სახეობათა მიხედვით.
გრაფიკი 2:სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით 2013 წელი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მზარდი დინამიკა შენარჩუნდა მიმდინარე წლის განმავლობაშიც. ექსპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებს კვლავ მნიშვნელოვანი წილი უკავია, ამასთანავე გაზრდილია თხილის და კაკლის ექსპორტი (14,08%). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყურძნის ნატურალური ღვინოების (164,1%) და მინერალური და მტკნარი წყლების (76,08%) ექსპორტში. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს ექსპორტის დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში 2009-2013 წწ პერიოდში, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილს მთლიან ექსპორტში.
გრაფიკი 3:ექსპორტის დინამიკა 2009-2013 წლებში
წყარო:საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიმდინარე წლის იანვარი-მაისის პერიოდში ექსპორტირებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ 282,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 24%-ს შეადგენს და 71,55 მლნ აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს. რაც შეეხება 2013 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ექსპორტირებულ სოფლის მეურნეობის ნაწარმს, მან 210,67 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მიმდინარე პერიოდში განხორციელებული მთლიანი ექსპორტის 21%-ს შეადგენდა. გამომდინარე აქედან, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი ექსპორტში, როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაზრდილია.
დასკვნა 2014
წლის იანვარ-მაისის პერიოდში ექსპორტირებულმა პროდუქციამ 1175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 173,2 მლნ ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. გამომდინარე აქედან, ექსპორტის ნომინალურმა ზრდამ 17.3 % შეადგინა. ასევე გაზრდილია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი ექსპორტშიც და ის 24%-ს შეადგენს, რაც 3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება: “5 თვის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 16%-იანი ზრდა ექსპორტში... ადგილობრივი ნაწარმის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ნაწარმის ექსპორტი იზრდება,“ არის სიმართლე.