წლის 14 მაისს, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი თევდორაძემ აღნიშნა: „ის ციფრები, რაც ჩვენ ვიხილეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დეკემბრის თვეში გაცემული პრემიების სახით, ყველანაირ კრიტერიუმს სცილდება. ერთი კონკრეტული ადამიანი იღებს 39 ათას ლარს წახალისების, პრემიის და ანაზღაურების სახით“. მოგვიანებით დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელმა, ვლადიმერ ბუნტურიძემ 38 ათასი ლარი პრემია მიიღო.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა რამდენად შეესაბამება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების განცხადებები სიმართლეს.
პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიების დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მხოლოდ დეკემბრის თვეში 787 615 ლარის ოდენობის პრემია გაიცა. ინფორმაციის გადასამოწმებლად, ფაქტ-მეტრმა პირველ რიგში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია გამოიკვლია. სამინისტრო ყოველი კვარტლის ბოლოს, პროაქტიულად აქვეყნებს ინფორმაციას გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების შესახებ.მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის მეოთხე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 8,6-ჯერ, მეორესთან შედარებით 3.5-ჯერ, ხოლო მესამე კვარტალთან შედარებით 2.5-ჯერ მეტი პრემია გაიცა. მეოთხე კვარტალში გაცემული პრემიის ჯამური რაოდენობა 1 042 690 ლარს შეადგენდა.
გაცემული პრემიებიდან 129 365 ლარი მიიღეს თანამდებობის პირებმა, ხოლო დანარჩენი - სხვა თანამშრომლებმა. თანამდებობის პირებში იგულისხმებიან "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლითა და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის #22 ბრძანებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული პირები. პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოდგენილ სიაშიმითითებული პირებიდან ოთხი (ვლადიმერ ბუნტურიძე, სიმონ მაჩაიძე, გოგი გახარია, შალვა ტურაძე) მაინც წარმოადგენს თანამდებობის პირს, რადგან ისინი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები არიან. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოპოვებული სიის თანახმად, მხოლოდ ამ ოთხი ადამიანის მიერ დეკემბერში აღებული პრემია 147 519 ლარს შეადგენს, რაც სამინისტროს მიერ თანამდებობის პირებზე გამოყოფილ 129 365 ლარს აღემატება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ რიცხვში შედის სხვა დეპარტამენტების თანამდებობის პირების პრემიებიც, არამარტო დეკემბრის თვის, არამედ მთელი კვარტლის განმავლობაში. ნათელია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული რიცხვი და სამინისტროს მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება.
რაც შეეხება კონკრეტულად ვლადიმერ ბუნტურიძეს, იგი არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დაცვისა და ბადრაგირების დარგში.იგი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილეს და ამდენად, თანამდებობის პირია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს საიტზე განთავსებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ვლადიმერ ბუნტურიძისთვის 38-39 ათასი ლარის გამოყოფა თანამდებობის პირებზე განაწილებული 129 365 ლარიდან უნდა მომხდარიყო.
იმისთვის, რომ ზუსტად გაგვერკვია, თუ რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა პრემიებზე და კონკრეტულად რა თანხა მიიღო ვლადიმერ ბუნტურიძემ, სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროს მივმართეთ. სამინისტროდან მიღებულ წერილშიდეტალურად იყო ჩამოთვლილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს თანამდებობის პირთა ხელფასები. მიუხედავად ამისა, წერილში კონკრეტულად ასახული არ იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიები. ფაქტ-მეტრი საჯარო ინფორმაციის ბიუროს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და ინფორმაციის სრულად მოწოდება ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტ-მეტრმა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ წერილი 19 მაისს გააგზავნა, სამინისტროში დაახლოებით ორი თვის შემდეგაც კი გვპასუხობენ, რომ ინფორმაცია ჯერ კიდევ მუშავდება.
მას შემდეგ, რაც ფაქტ-მეტრმა სამინისტროდან დეტალური ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხა, ვლადიმერ ბუნტურიძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციითდაინტერესდა. დეკლარაციაში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან მიღებული შემოსავლის სახით მხოლოდ 2670 ლარია დაფიქსირებული. ბუნტურიძის დეკლარაციის თანახმად, მას თი-ბი-სი ბანკის ანგარიშზე აქვს 38 000 აშშ დოლარი, ხოლო რესპუბლიკა ბანკის ანგარიშზე 4 500 ლარი. 2013 წლის განმავლობაში მან სესხის სახით თი-ბი-სი ბანკისგან აიღო 39 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა, ხოლო რესპუბლიკა ბანკისგან 5 000 ლარი. გარდა ამისა, 2013 წელს ვლადიმერ ბუნტურიძემ შეისყიდა 107 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. როგორც ვხედავთ, არც ვლადიმერ ბუნტურიძის ქონებრივი დეკლარაციიდან არ დასტურდება მსგავსი რაოდენობის თანხის მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტებით ვერ დასტურდება სასჯელაღსრულების სამინისტროში გაცემული პრემიების ოდენობა, თავად მთავრობის წარმომადგენლებმაც კი აღიარეს, რომ გაცემული თანხები უჩვეულოდ მაღალი იყო. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გაცემული პრემიების დიდი ოდენობის შესახებ განცხადებამინისტრმა - სოზარ სუბარმა გააკეთა. მისი თქმით, "აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო ის პრემიები, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაიცა. ზოგადად ეს დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი თვითონ გასცემს ამ პრემიებს". მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიების საკითხი მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
მოგვიანებით, 23 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შემდეგ მან განცხადებაც გაავრცელა და სრულად აიღო პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემულ პრემიებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტ-მეტრმა სამინისტროდან დეტალური ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხა, შეიძლება ითქვას, რომ თანამდებობის პირებმა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით დიდი ოდენობით პრემიების გაცემის ფაქტები დაადასტურეს.დასკვნა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის მეოთხე კვარტალში 1 042 690 ლარის ოდენობის პრემია გაიცა. “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით კი მხოლოდ დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამდებობის პირებმა 787 615 ლარი მიიღეს. ოპოზიციური პარტიის მიერ გასაჯაროებული მონაცემები არ ემთხვევა თანამდებობის პირების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულ თანხებს. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრემიების შესახებ, სამინისტრომ ფაქტ-მეტრს ინფორმაცია არ მიაწოდა. მიუხედავად ამისა, მინისტრ სოზარ სუბარის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსის დიმიტრი დარბაისელის და სხვა ოფიციალური პირების განცხადებებითა თუ ქმედებებით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში თანამდებობის პირებზე უჩვეულოდ დიდი რაოდენობით პრემიების გაცემის ფაქტები დასტურდება.
ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი თევდორაძის განცხადება: "ის ციფრები, რაც ჩვენ ვიხილეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დეკემბრის თვეში გაცემული პრემიების სახით ყველანაირ კრიტერიუმს სცილდება. ერთი კონკრეტული ადამიანი იღებს 39 ათას ლარს წახალისების, პრემიის და ანაზღაურების სახით," არის სიმართლე.