წლის 2 აპრილის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „იმედია მართლა არ დაიჯერეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა დაადგა აღმავლობის შეუქცევად გზას. ის ციფრები რომლებიც იწერებოდა ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, ეს არის ეგრეთ წოდებული „ბეიზ ეფექტი“, ეს თვეები წინა წლის იგივე თვეების მაჩვენებელს დარდება და ამის გამო აჩვენეთ რაღაც ციფრები”.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი განცხადება დეპუტატმა მოგვიანებით გადაცემა „ბიზნეს კურიერის“ ეთერშიც გააკეთა, სადაც მან ე.წ. „ბეიზ ეფექტზე“ კიდევ უფრო ვრცლად ისაუბრა.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ეკონომიკასა და ბიზნესში „ბეიზ ეფექტი’’, იგივე დაბალი საწყისი მაჩვენებლის ეფექტი ისეთ სიტუაციას ეწოდება, როცა დაბალი საწყისი ოდენობის მაჩვენებლიდან პატარა აბსოლუტური ცვლილება მაღალ პროცენტულ ზრდას გვაძლევს.
ცხრილი 1: „ბეიზ ეფექტის’’ მაგალითი
მაგალითად ავიღოთ ორი, A და B ქვეყანა (ცხრილი 1). ორივე ქვეყნის საწყისი მშპ 100 ლარია. A ქვეყანაში მშპ ყოველწლიურად 20 ერთეულით იზრდება, ხოლო B ქვეყანაში მშპ პირველი ოთხი წლის მანძილზე 10 ერთეულით, ხოლო მეხუთე წელს კი - 20 ერთეულით იზრდება. მეოთხე წელს A ქვეყანაში მშპ 180 ერთეულს შეადგენს, ხოლო B ქვეყანაში კი - 140 ერთეულს. მეხუთე წელს მშპ-ის 20 ერთეულით ცვლილება A ქვეყანაში 11.1%-იან, ხოლო B ქვეყანაში კი - 14.3%-იან ზრდას გამოიწვევს.
მეხუთე წელიწადს B ქვეყანაში მშპ-ის პროცენტული ზრდა A ქვეყნის მშპ-ს პროცენტულ ზრდას აღემატება, თუმცა, ორივე ქვეყნის მშპ მეხუთე წელს ერთი და იგივე ოდენობით - 20 ერთეულით არის გაზრდილი. ამასთანავე, A ქვეყნის მშპ მეხუთე წლის ბოლოს უფრო დიდი ოდენობისაა, ვიდრე B ქვეყნის. შესაბამისად, იმისთვის რომ გავიგოთ, გასული 5 წლის მანძილზე თუ რომელი ქვეყანა იყო უფრო წარმატებული, მხოლოდ მეხუთე წლის მშპ-ის პროცენტულ ზრდაზე ფოკუსირება არამართებული დასკვნის გაკეთებას გამოიწვევს.
ზურაბ ჯაფარიძეს, განცხადების გაკეთებისას, 2012 წლის IV კვარტლიდან დაწყებული, 2013 წლის III კვარტლის ჩათვლით მხედველობაში საქართველოს მშპ-ის დაბალი რეალური ზრდის ტემპი აქვს. ის ამტკიცებს, რომ 2013 წლის IV კვარტალსა და 2014 წლის I კვარტალში დაფიქსირებული მაღალი ზრდის ტემპი სწორედ ბეიზ-ეფექტის გამოა და რეალურად ეკონომიკა არ იზრდება.
გრაფიკი 1. წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; geostat.geგრაფიკი 1-ზე არსებული მონაცემებიდან ნათელია, რომ 2013 წლის IV და 2014 წლის I კვარტლის მშპ-ს ზრდის ტემპი (პროცენტული მაჩვენებლები, 2012 წლის I კვარტლიდან მოყოლებული), ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ასეთი მაღალი მაჩვენებლები (2013 წლის IV კვ - 7.1% და 2014 წლის I კვ - 7.4%) მეტწილად მართლაც „ბეიზ ეფექტის“ შედეგია, თუმცა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლოა ისე გაუარესებულიყო, რომ ეს ზრდაც არ გვქონოდა.
იმისათვის, რომ გავიგოთ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა რეალურად მართლაც გაუმჯობესდა თუ არა, ამისთვის მშპ-ს ზრდის პროცენტული მაჩვენებლების გარდა, აუცილებელია მშპ-ს აბოლუტური ზრდის მაჩვენებლებიც მიმოვიხილოთ.
გრაფიკი 2. წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; geostat.geგრაფიკი 2-დან ნათელია, რომ 2013 წლის IV და 2014 წლის I კვარტალში მშპ-ს (აბსოლუტურ მაჩვენებელში) მნიშვნელოვანი ზრდა (2013 IV კვ. - 278.3 მლნ ლარი; 2014 წლის I კვ. - 234.1 მლნ ლარი) დაფიქსირდა. თუ 2013 წლის IV და 2014 წლის I კვარტალში მშპ იგივე მაჩვენებელზე დარჩებოდა და 2012 წლის IV და 2013 წლის I კვარტალში მშპ-ს უფრო მაღალი ოდენობა დაფიქსირდებოდა, მაშინ 2013 წლის IV და 2014 წლის I კვარტალში მშპ-ს როგორც აბსოლუტური, ისე პროცენტული ზრდაც, ბუნებრივია, უფრო ნაკლები იქნებოდა; თუმცა, 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში მშპ-ს მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირება ეკონომიკის გარკვეულწილად სტიმულირებას შეუწყობდა ხელს და 2013 წლის IV და 2014 წლის I კვარტალში მშპ-ს ფაქტიურ მონაცემზე (როგორც აბსოლუტური, ასევე პროცენტული მაჩვენებელი) უფრო მაღალი შედეგი შეიძლება დაფიქსირებულიყო.
დასკვნა
ეკონომიკასა და ბიზნესში „ბეიზ ეფექტი“, იგივე დაბალი საწყისი მაჩვენებლის ეფექტი ისეთ სიტუაციას ეწოდება, როცა დაბალი საწყისი ოდენობის მაჩვენებლიდან, პატარა აბსოლუტური ცვლილება მაღალ პროცენტულ ზრდას გვაძლევს. ორი ქვეყნის მაგალითზე რომ განვიხილოთ, თუ ორივე ქვეყანა ერთი და იგივე აბსოლუტური მაჩვენებლით გაიზრდება, მაშინ ის ქვეყანა რომელსაც შედარებით დაბალი მშპ აქვს, მეტ პროცენტულ ზრდას აჩვენებს, ვიდრე მეორე.
ზემოთ არსებული ანალიზიდან ნათელია, რომ 2013 წლის IV და 2014 წლის I კვარტალში მშპ-ს როგორც პროცენტული, ასევე აბსოლუტური ზრდის მაჩვენებლები მაღალია. ზოგადად, ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნები, როცა აღმასვლას იწყებენ, მათი ზრდის ტემპი განვითარებული ქვეყნების ზრდის ტემპზე მაღალია ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ანალოგიურ მოვლენას აქვს ადგილი. მართალია 2012 წლის IV კვარტლიდან დაწყებული, 2013 წლის III კვარტლის ჩათვლით (უკვე „ქართული ოცნების’’ ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდი) ქვეყანაში მშპ-ს შედარებით დაბალი რეალური ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა, 2013 წლის IV და 2014 წლის I კვარტალში (კვლავ „ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში) რეალური მშპ-ს მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით წავიდა. ასეთი ზრდის მაჩვენებლები გარკვეულწილად მართლაც ბეიზ ეფექტის შედეგია, თუმცა, ეს ზრდა შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო და ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესებულიყო. შესაბამისად, ეკონომიკაში გაუმჯობესების გარკვეულ პროცესს ნამდვილად აქვს ადგილი. ეს პროცესი კი შეუქცევადია თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
ჩვენ ვასკვნით, რომ დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადება: „იმედია მართლა არ დაიჯერეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა აღმავლობის შეუქცევად გზას დაადგა. ის ციფრები რომლებიც იწერებოდა ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, ეს ეგრეთ წოდებული „ბეიზ ეფექტია“. ეს თვეები წინა წლის იგივე თვეების მაჩვენებელს დარდება და ამის გამო აჩვენეთ რაღაც ციფრები”, არის ნახევრად სიმართლე.