2014 წლის 9 ივლისს, სასტუმრო „შერატონში“ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. დებატებში ერთმანეთს თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატები, დავით ნარმანია და ნიკა მელია დაუპირისპირდნენ.
დავით ნარმანიას განცხადებით, მან საკუთარ უბანზე [საბურთალოს რაიონის #1 საარჩევნო უბანი] ხმების თითქმის 50% მოაგროვა. ამავე დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნიკა მელიამ პირწმინდად წააგო საკუთარი, მთაწმინდის რაიონის #6 საარჩევნო უბანი. დავით ნარმანიას მიერ მოყვანილი ფაქტის საპასუხოდ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მან საკუთარ უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატზე მხოლოდ 20 ხმით ნაკლები აიღო.
ფაქტ-მეტრი თბილისის მერობის კანდიდატების განცხადებებით დაინტერესდა და მათ უბნებზე დაფიქსირებული შედეგების გადამოწმება გადაწყვიტა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #6 უბანზე 1449 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა 638-მა ამომრჩეველმა მიიღო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ 213 ხმა მიიღო. „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დავით ნარმანიამ კი – 251 ხმა, რაც ნიკა მელიას მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე 38-ით მეტია. პროცენტულად, შედეგები შემდეგნაირად განაწილდა: ნიკა მელიამ საერთო ხმების დაახლოებით 33% მიიღო, ხოლო დავით ნარმანიამ - დაახლოებით 39%.
რაც შეეხება დავით ნარმანიას განცხადების მეორე ნაწილს, საბურთალოს საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზედარეგისტრირებული 1575 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა 587-მა ამომრჩეველმა მიიღო. უბანზე დაფიქსირებული შედეგების თანახმად, ნიკა მელიამ - 151, ხოლო დავით ნარმანიამ 285 ხმა მიიღო. პროცენტულად შედეგები შემდეგნაირად განაწილდა: ნიკა მელიამ საერთო ხმების დაახლოებით 26%, ხოლო დავით ნარმანიამ დაახლოებით 49% მიიღო.
დასკვნა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე დავით ნარმანიამ ნიკა მელიაზე 38 ხმით და ხმათა 6%-ით მეტი მიიღო, რასაც ნამდვილად არ შეიძლება ეწოდოს „პირწმინდად გამარჯვება“. შესაბამისად, დავით ნარმანიას განცხადების ეს ნაწილი ცალსახად გადაჭარბებულია.
რაც შეეხება დავით ნარმანიას განცხადების მეორე ნაწილს, საბურთალოს საარჩევნო ოლქის #1 საარჩევნო უბანზე მან ხმების თითქმის 49% აიღო.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ დავით ნარმანიას განცხადება, „ჩემს უბანზე [საბურთალოს რაიონი #1 საარჩევნო უბანი] ჩემს მიერ მოპოვებული ხმები 50%-ს უახლოვდება. ბატონმა მელიამ, თავისი, მთაწმინდის ოლქის მე-6 უბანი პირწმინდად წააგო ჩემთან,“ არის ნახევრად სიმართლე.