2014 წლის 29 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ ტელეკომპანია „ტვ 3-ის“ ეთერში თბილისის მერობის სხვა კანდიდატებთან გამართულ დებატებში განაცხადა: „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავამყაროთ წესრიგი ქალაქგანვითარების თვალსაზრისით და შევიმუშაოთ დედაქალაქის განაშენიანების გეგმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ არსებობდა და რამდენიმე ცვლილება განიცადა. ჩვენ რეალურად ქმედითი დოკუმენტი უნდა მივიღოთ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის სახით.“
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა დედაქალაქის მერობის კანდიდატის განცხადებით და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
,,დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 2009 წლის 5 ივნისს მიიღო. მანამდე თბილისის განვითარების გენერალური გეგმა 1971 წელს შემუშავდა და მას შემდეგ დედაქალაქს მსგავსი დოკუმენტი აღარ მიუღია.
ახალი გენერალური გეგმა თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებდა, მათ შორის სხვადასხვა გზატკეცილსა და მაგისტრალზე უწყვეტი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობას. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე არქიტექტურის სამსახური დეველოპერებსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. დოკუმენტი შემუშავების პროცესში ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების კომისიამაც განიხილა და დასასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა. საკრებულომ გენერალური გეგმა ერთთვიანი საჯარო განხილვისა და ხარვეზების გამოსწორების შემდეგ დაამტკიცა.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმა დედაქალაქთან დაკავშირებული ისეთი საკითხების განვითარების ხედვას მოიცავს, როგორიცაა საცხოვრებელი ზონა, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სამრეწველო ზონა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ლანდშაფტურ-ეკოლოგიური გარემოს დაცვა და განვითარება, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, სატრანსპორტო კომუნიკაციები, საინჟინრო ინფრასტრუქტურა, ქალაქის წყალმომარაგება, სამეურნეო-ფეკალური კანალიზაცია, სანიაღვრე კანალიზაცია, სადრენაჟე ღონისძიებები, ელექტრომომარაგება, კავშირგაბმულობა, თბომომარაგება, გაზიფიცირება და სხვა.
"ჩვენ გვექნება სახელმძღვენელო, რათა ნებისმიერი ურბანული, სამშენებლო და დაგეგმარებითი გადაწყვეტილების მიღებისას ზედმეტი სუბიექტივიზმი და შესაბამისად, კორუფციაც გამოირიცხოს" - აღნიშნავდა დედაქალაქის იმჟამინდელი მერი გიგი უგულავა დოკუმენტის შეფასებისას.
2009 წლის 5 ივნისის შემდეგ დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში „სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე ცვლილებების 42 დოკუმენტი იძებნება, მათ შორის, 12 ცვლილება 2013 წლის ივლისის შემდეგ არის შესული, მას მერე რაც საკრებულოს უმრავლესობა და თავმჯდომარე შეიცვალა.
გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვაზე ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია წინასაარჩევნო პროგრამაშიც საუბრობს.პროგრამის თანახმად, მოქმედი არსებული გენერალური გეგმა თვისობრივად უნდა განახლდეს, რათა ის უფრო სიცოცხლისუნარიანი და თანამედროვე მიდგომების შესაბამისი გახდეს. პროგრამა ითვალისწინებს მწვანე საზოგადოებრივი სივრცეების, მშენებლობის ნებართვების გაცემისას მიწის ნაკვეთების გამწვანების, მშენებლობისას მიწის ნაკვეთზე შესაბამისი რაოდენობის ავტოსადგომების მოწყობის ვალდებულების, თბილისის ურბანულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული და კიდევ სხვა საკითხების ახლებურად რეგულირებას.
თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ფაქტ–მეტრმა დავით ნარმანიას საარჩევნო შტაბს მიმართა. ამ საკითხის შესახებ, თბილისის მერობის კანდიდატის კონკრეტული ხედვის სანახავდ იხილეთ ბმული.
დასკვნა
"დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ 2009 წლის 5 ივნისს მიიღო. იქამდე თბილისის განვითარების გენერალური გეგმა 1971 წელს შემუშავდა და მას შემდეგ დედაქალაქს მსგავსი დოკუმენტი აღარ მიუღია. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით აღნიშნული გეგმა ორ წლიანი მუშაობის შედეგად მიიღეს. გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ მასში ცვლილებები პერიოდულად შედიოდა. „სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე სულ, ასეთი 42 ცვლილება იძებნება, მათ შორის 12 ცვლილება საკრეუბლოს თავმჯდომარისა და უმრავლესობის შეცვლის შემდეგაა მიღებული. დავით ნარმანია, მისი გამარჯვების შემთხვევაში აცხადებს, რომ „რეალურად ქმედითი დოკუმენტი უნდა იქნას მიღებული“, თუმცა წინაასაარჩევნო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, იქნება ეს სრულიად ახალი გენერალური გეგმა, თუ ცვლილებები მოქმედ 2009 წელს მიღებულ გეგმაში შევა, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას განცხადება: „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავამყაროთ წესრიგი ქალაქგანვითარების თვალსაზრისით და შევიმუშაოთ დედაქალაქის განაშენიანების გეგმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ არსებობდა და რამდენიმე ცვლილება განიცადა. ჩვენ რეალურად ქმედითი დოკუმენტი უნდა მივიღოთ ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის სახით,“ არის ნახევრად სიმართლე.