მიმდინარე წლის 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. განხილვისას მან განაცხადა: „2004 წლიდან ოფიცრები, ვისაც გარკვეული სახის ჩინი ჰქონდათ და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდნენ, არ ითვლებიან სისტემის, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის კადრებად და შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება ის დანამატები, ის სოციალური უზრუნველყოფის სხვა საშუალებები, რაც გათვალისწინებულია სისტემის თანამშრომლებისთვის. ჩვენ ამას აღვუდგენთ მათ“.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და ლევან იზორიას განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური 2004 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენდა, მისი სტატუსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით იყო განსაზღვრული, რასაც „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ კანონი არეგულირებდა.
2004 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა, კანონში – „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული ცვლილების თანახმად, 2005 წლის 1 აპრილამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის უნდა გადაეცა მის დაქვემდებარებაში მყოფი, ქვეყნის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მიზნით შექმნილი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შენობა-ნაგებობები, სახანძრო ტექნიკა და სხვა ქონება. შესაბამისად, ხანძრის პროფილაქტიკის, ჩაქრობის და საავარიო–სამაშველო სამუშაოების წარმოების ფუნქციები და მომსახურე პერსონალიც. ამ ცვლილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვა (სახანძრო-სამაშველო დანაყოფები), ქვეყანაში სახანძრო დაცვის ძირითადი სახეობა გახდა.
სახანძრო დაცვის ძირითადი სახეობის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გადაცემის შემდეგ, შსს-ს მეხანძრეები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში გადავიდნენ, შსს-ს მოსამსახურეებად აღარ ითვლებოდნენ. შესაბამისად, შსს-ში მათი ნამსახური წლების ათვლა შეჩერდა.
საქართველოს პარლამენტში წარდგენილი, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ – ცვლილებების მიხედვით (რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო), ყველა დონის სახანძრო-სამაშველო სამსახური კვლავ შსს-ს დაქვემდებარებაში გადავა.
ჩვენ საკითხის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოფიცრებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდნენ და აღარ ითვლებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებად, ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, კვლავაც გაუგრძელდებათ ნამსახური წლების დაანგარიშება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს მათ სახელფასო განაკვეთზე (გაიზრდება წელთა ნამსახურობის პროპორციულად) და ასევე საპენსიო უზრუნველყოფაზე. კერძოდ, შსს-ს მოსამსახურეებს, რომლებსაც დაუგროვდებათ სპეციალური ან სამხედრო წოდებით ნამსახური 20 და მეტი წელი, მიეცემათ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის უფლება, რომლის თანხაც განისაზღვრება 350-550 ლარის ფარგლებში.
რაც შეეხება გასულ ათ წლიან პერიოდს, როცა აღნიშნული სამსახური შსს–ს უწყებას არ წარმოადგენდა, იგი არ ანაზღაურდება. ამ პირებს ოფიცრის წოდება მიმდინარე წლიდან აღუდგებათ და წელთა ნამსახურეობის ათვლაც გასული ათი წლის პერიოდის გამოტოვებით გაუგრძელდებათ.
დასკვნა
2004 წლის ბოლოს, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში გადავიდა. შესაბამისად, ოფიცრები, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდნენ, აღარ ითვლებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებად და ვეღარ სარგებლობდნენ იმ სოციალური შეღავათებით, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებისთვის არის გათვალისწინებული. ეს ცვლილება ძალაში 2005 წლიდან შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, ყველა დონის სახანძრო სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა. ოფიცრებს, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდნენ და აღარ ითვლებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრებად, ამ კანონპროექტის მიხედვით, კვლავაც გაუგრძელდებათ ნამსახური წლების ათვლა და ისარგებლებენ კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ ლევან იზორიას განცხადება: „ოფიცრები, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდნენ, 2004 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად აღარ ითვლებოდნენ და აღარ სარგებლობდნენ სისტემის თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის საშუალებებით. ჩვენ ამას აღვუდგენთ მათ“, არის სიმართლე.