მიმდინარე წლის 4 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ეკონომიკური ზრდის გამოცოცხლებასა და ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა. „ეკონომიკური ზრდა [2013 წლის] ნოემბერში იყო 8%, დეკემბერში 8,4%, ხოლო მეოთხე კვარტალში საშუალოდ 6,9% და ზრდის ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მინიმუმ 5%. თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ ეს ზრდა იქნება მინიმუმ 6,3%, როგორც ეს მსოფლიო ბანკის მიერ არის პროგნოზირებული“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის ტემპით და პრემიერ-მინისტრის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის ნოემბერში ეკონომიკური ზრდის ტემპმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,8% შეადგინა. დეკემბერში მშპ-ს ზრდის ტემპი წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 8,4% იყო. ხოლო 2013 წლის ბოლო, მეოთხე კვარტალში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 7,1% იყო. 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარში 7,8%, თებერვალში 5,4%, ხოლო მარტში 8,3% იყო. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით კი, მშპ-ს რეალურმა ზრდამ 7,4% შეადგინა. 2014 წლის აპრილში ეკონომიკური ზრდის ტემპი 2,7%-მდე დაეცა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მიმდინარე წლის აპრილში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად კაზინოებში და სათამაშო ბიზნესში შემცირებული ბრუნვა დაასახელა. აპრილში ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, "პირველ კვარტალს მოჰყვება ეკონომიკური აქტივობის მცირეოდენი ვარდნა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ შარშან აპრილის თვეში დაფიქსირდა შედარებით მაღალი ზრდა და ამან გამოიწვია შედარებითობის პრინციპიდან გამომდინარე უფრო დაბალი განაკვეთი“.
ჩვენ აპრილის თვეში დაფიქსირებულ ვარდნასთან დაკავშირებით, „პოლიტიკის, მართვის და კონსულტაციის კვლევითი ცენტრს“ (PMC) ვთხოვეთ კომენტარი. მიმდინარე წლის აპრილში ეკონომიკური ზრდის დაბალ მაჩვენებელს ეს ორგანიზაცია განსხვავებულად ხსნის. მისი წარმომადგენლის თქმით: „2.7%-იანი ზრდა აპრილის თვეში გამოწვეული არის იმ ფისკალური ეფექტის შენელებით, რაც გამოწვეული იყო სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის ხარჯების ზრდით ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში... 2014 წლის აპრილიდან ეკონომიკა უკვე თავისი პოტენციალით ვითარდება. სათამაშო ბიზნესი, კომუნალური ბიზნესი, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნის მიზეზად დასახელდა, არის ძალიან პატარა სექტორი, რომელიც მშპ-ს არც მნიშვნელოვან შემცირებას და არც მნიშვნელოვან ზრდას არ იწვევს“.
მსოფლიო ბანკის მიერ 2014 წლისთვის საქართველოს მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 6,3%-ით განისაზღვრა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) კი, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში გააკეთა, მაისში შეამცირა.კერძოდ, საქართველოს მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4,5%-დან 4%-მდე შემცირდა. EBRD-ის 2014 წლის მაისის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის კრიზისი უარყოფითად მოქმედებს აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონზე. როგორც EBRD-ის მაისის ანგარიშშია განმარტებული, უკრაინის კრიზისი გეოპოლიტიკური ვითარების გამო აღნიშნულ რეგიონში გამოიწვევს ექსპორტის შემცირებას, ამასთან ინვესტირება უფრო სარისკო ხდება და აღნიშნული კრიზისი ტურიზმზეც შესაბამისად აისახება.
დასკვნა ფაქტ-მეტრმა გაანალიზა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელები. პრემიერ-მინისტრი სწორად ასახელებს მშპ-ს ზრდის მაჩვენებლებს, თუმცა მისი განცხადების მეორე ნაწილი, რომელიც მშპ-ს ზრდის ტემპის შენარჩუნებას შეეხება, არ არის ზუსტი. 2013წლის ნოემბრიდან 2014 წლის მარტამდე ეკონომიკური ზრდის ტემპი სტაბილური იყო, თუმცა ის მნიშვნელოვნად დაეცა მიმდინარე წლის აპრილში.
ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი მიმდინარე წლის მაისში 4,5%-დან 4%-მდე შეამცირა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ზრდის ტემპის ვარდნაზე.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „ეკონომიკური ზრდა [2013 წლის] ნოემბერში იყო 8%, დეკემბერში 8,4%, ხოლო მეოთხე კვარტალში საშუალოდ 6,9% და ზრდის ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წელსაც“, არის ნახევრად სიმართლე.