წლის 2 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას, უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ, განაცხადა: „საზოგადოებრივი წესრიგი და ზნეობა არის ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გადაწონოს დისკრიმინაციის ფაქტი შეფასებისას, რომ ქმედება ჩაითვალოს გამართლებულად ზნეობის ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან. ევროსასამართლოს რამდენიმე პრეცედენტული გადაწყვეტილებებია, მაგალითად „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, სადაც ევროსასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფოს აქვს შეხედულებების ფართო თავისუფლება, რომ შეაფასოს რამდენად აუცილებელია ესა თუ ის ქმედება მორალური სტანდარტების დასაცავად. ეს განმარტება სწორად აისახა მეორე მუხლის ფორმულირებაში“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო. კანონი ეყრდნობა და კიდევ უფრო განავრცობს დისკრიმინაციის აკრძალვის კონსტიტუციურდებულებას (მუხ. 14). მასში გაწერილია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მიხედვითაც, დისკრიმინაციის ყოველი კონკრეტული შემთხვევის გამოვლენა იქნება შესაძლებელი. კანონი მიზნად ისახავს უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას და დისკრიმინაციის აღმოფხვრას ნებისმიერი ნიშნის მიხედვით, მათ შორის, როგორებიცაა: ასაკი, რასა, კანის ფერი, ენა, სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და ა.შ (მუხ. 1). კანონი პირდაპირ კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში.
გარდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებისა, გარკვეული ცვლილებები სხვა ნორმატიულ აქტებშიც შევიდა, კერძოდ:
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი - ცვლილებები შეეხო სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვას, სასამართლო განხილვის ვადას, გასაჩივრების წესსა და სხვა პროცედურებს (3631-3636მუხლები). რაც შეეხება პასუხისმგებლობის მექანიზმს, განმცხადებელს შეუძლია დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - განისაზღვრა პასუხისმგებლობის მექანიზმები (142-1422 მუხლები):
- ფიზიკური პირი - ჯარიმა, გამოსასწორებელი სამუშაო, თავისუფლების აღკვეთა;
- იურიდიული პირი - ჯარიმა, ლიკვიდაცია, საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
- საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ - შესაბამისობაში მოვიდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ტერმინებთან;
- საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“- კანონის შესაბამისად, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის განმახორციელებლად საქართველოს სახალხო დამცველი განისაზღვრა. ეს აპარატი, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე განცხადების ან საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტებს, ამზადებს მოსაზრებებს და სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს.
რაც შეეხება უშუალოდ ეკა ბესელიას განცხადებას, უპრიანია პირველ რიგში კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი და მასში არსებული უფლების შემზღუდავი დათქმა განვიხილოთ: „პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად“.
როგორც ვხედავთ, მუხლში არსებული ჩანაწერი „გარდა ისეთი შემთხვევისა“ პირდაპირ მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებზე, როდესაც მუხლიდან გადახვევა იქნება შესაძლებელი.
კანონპროექტის მეორე მოსმენაზე, პროექტის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა ჩანაწერი „საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვა“. ანალიზისათვის განვიხილოთ, რას ნიშნავს საზოგადოებრივი წესრიგის და ზნეობის წინააღმდეგ ჩადენილი მოქმედება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიამ ტერმინს შემდეგნაირად განმარტავს: „საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება) (მუხ. 171)“.
ამდენად, ზემოთ მოყვანილი ორი მუხლის ფორმულირების შესაბამისად, პირდაპირ დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც პირის თავისუფლებას ზღუდავს, თუმცა ემსახურება საზოგადოებაში წესრიგისა და ზნეობის ნორმების დაცვას.
რაც შეეხება ფაქტს, რომ სახელმწიფოს აქვს შეხედულებების ფართო თავისუფლება, რომ შეაფასოს რამდენად აუცილებელია ესა თუ ის ქმედება მორალური სტანდარტების დასაცავად, დეპუტატი ბესელია ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას საქმეზე – „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ მოიხმობს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“საფუძველზე შექმნილი მონიტორინგის მექანიზმია. სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ და მხოლოდ კონვენციის წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრები. შესაბამისად, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულო ხასიათისაა, ხოლო სახელმწიფო, რომელიც დავაში უშუალოდ არ მონაწილეობს და კონვენციის მხარეა, ვალდებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტები გაითვალისწინოს.
საქმე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ზნეობის დაცვაზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) შეზღუდვას ეხებოდა. საქმეში გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ზნეობის დაცვას დაეყრდნო, რათა საბავშვო სახელმძღვანელოს -„პატარა წითელი წიგნის“ აკრძალვა გაემართლებინა. ის სექსუალური ურთიერთობების შესახებ შეიცავდა ინფორმაციას. წიგნში მოცემულ ინფორმაციას შესაძლოა ემოქმედა არასრულწლოვანთა ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე და უფრო მეტიც, დანაშაულისაკენ ებიძგებინა. მოსარჩელე დაადანაშაულეს უხამსი მასალების ფლობისათვის, ჩამოართვეს წიგნები და არ მისცეს მისი გავრცელების საშუალება იმ მოტივით, რომ მისი გავრცელება ეწინააღმდეგებოდა საზოგადოებრივი მორალის ნორმებს.
ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელე ჰენდისაიდის პოზიცია არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფოს შეეძლო კონვენციის მე-10 მუხლის მართლზომიერი შეზღუდვა ზნეობის დაცვის მოტივით (პარაგრაფი 48). ამასთან, საქმის მოსამართლეთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება და შეუძლია კონკრეტული სიტუაციისა და ტერიტორიის მიხედვით გადაწყვიტოს საზოგადოებრივი მორალის დაცვის საკითხი: „თავიანთი ქვეყნის რეალიებთან პირდაპირი და უწყვეტი კონტაქტის წყალობით, სახელმწიფოს ხელისუფლება პრინციპულად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საერთაშორისო მოსამართლე, გამოთქვას აზრი ამ მოთხოვნების ზუსტი შინაარსის, ისევე როგორც „შეზღუდვისა“ და „სანქციების“ „აუცილებლობის“ თაობაზე, რომელთაც ამ ამოცანის შესრულება ეკისრება“ (პარაგრაფი 48).
მიუხედავად ამისა, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოსათვის დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა ქვეყანას შეფასების შეუზღუდავ თავისუფლებას არ ანიჭებს. სასამართლო პასუხისმგებელია ამ სახელმწიფოთა მიერ თავიანთი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფაზე (მუხ. 19) და მას ასევე უფლება აქვს საბოლოო შეფასება მისცეს, თუ რამდენად შეთავსებადია „შეზღუდვები“ და „სანქციები“. ამდენად, ქვეყნის მიერ შიდა შეფასების თავისუფლებაზე ზედამხედველობას ევროპული სასამართლო ახორციელებს (პარაგრაფი 49). როგორც ვხედავთ, სასამართლომ მიუთითა, რომ ეროვნულ ხელისუფლებას შეუძლია ზუსტი შინაარსი განუსაზღვროს საზოგადოებრივ მორალს, რომელიც უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს. თუმცა ევროპულ სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს ასევე აქვს უფლება ეროვნულ დონეზე შეზღუდვის შესაბამისობა შეაფასოს.გარდა საქართველოს კანონისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებისა, ფაქტ-მეტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკაც მიმოიხილა. განსაკუთრებით გამოვყავით გერმანიის, ჰოლანდიისა და ინგლისის საკანონმდებლო ბაზა და ანტიდისკრიმინაციულ აქტებში მსგავსი ჩანაწერის არსებობა შევისწავლეთ. სამივე ქვეყანაში ცალკეული დოკუმენტები არეგულირებს დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებს.
გერმანია გერმანიაში არსებული „თანასწორი მოპყრობის შესახებ ზოგადი აქტის“მიზანია „აღმოიფხვრას ან შეწყდეს დისკრიმინაცია რასის ან ეთნიკური წარმომავლობის, გენდერული კუთვნილების, რელიგიის ან რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობების, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე“ (პარ. 1). კანონი განსხვავებული მოპყრობის შესაძლებლობას ითვალისწინებს: „ნიშნების მიხედვით განსხვავება არ უნდა ჩაითვალოს დისკრიმინაციად, თუ ის ეფუძნება ობიექტურ საფუძველს“ (პარ. 20). რაც შეეხება ობიექტურ საფუძველს, განსხვავებული მოპყრობა სახეზეა, როდესაც ქმედება ემსახურება საფრთხის თავიდან აცილებას, ზიანის პრევენციას, აკმაყოფილებს კონფიდენციალურობისა და პირადი უსაფრთხოების დაცვას, ასევე, ანიჭებს უპირატესობას დაინტერესებულ პირს და არ არსებობს თანაბარი მოპყრობის ინტერესი ან გამართლებულია რელიგიით თავისუფალი სარგებლობის მოტივით (პარ. 20 (1)).
ჰოლანდია ჰოლანდიაში განსხვავებული მოპყრობისაგან დაცვის სტანდარტებს „თანასწორი მოპყრობის შესახებ“აქტი არეგულირებს. აქტი ადგენს და განამტკიცებს თანასწორი მოპყრობის აუცილებლობას რელიგიის, რწმენის, პოლიტიკური შეხედულების, რასის, სქესის, ეროვნების, ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური ორიენტაციის ან სამოქალაქო სტატუსის საფუძველზე (თავი 1). დოკუმენტი დისკრიმინაციის აკრძალვისგან გადახვევასაც ითვალისწინებს და ზოგად გამონაკლისებს უშვებს: „...აქტი არ მოქმედებს, თუ დისკრიმინაცია ობიექტურად გამართლებულია ლეგიტიმური მიზნით და... ამ მიზნის მიღწევა არის პროპორციული და აუცილებელი“ (პარ. 2).
შესაბამისად, განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ ექნება, თუ შეზღუდვა გამართლებულია ობიექტური და გონივრული საფუძვლით და ემსახურება კანონიერ მიზანს. მსგავსი ჩანაწერი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონშიც არსებობს (მუხ. 2(2)).
ინგლისი ინგლისის „თანასწორობის შესახებ“აქტი ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად იქნა იმპლემენტირებული. დოკუმენტი ხელს უწყობს უთანასწორო მოპყრობის აღმოფხვრას და მოიცავს დაცულ მახასიათებლებს, როგორიცაა ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობები, სქესის ცვლილება, ქორწინება და სამოქალაქო პარტნიორობა, ფეხმძიმობა და დედობა, რასა, რელიგია ან რწმენა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია (მუხ. 4). რაც შეეხება დაცული მახასიათებლის შეზღუდვას, მას რამდენიმე მუხლის ჩანაწერში ვხვდებით. აქტის მიხედვით, პირდაპირი ან არაპირდაპირი დისკრიმინაცია სახეზე არ იქნება, როდესაც შესაძლებელია დამტკიცდეს, რომ ქმედება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევადშეზღუდვის პროპორციული იყო.
როგორც ჩანს, მითითებულ სახელმწიფოთა ანტიდისკრიმინაციული აქტები პირდაპირ საზოგადოებრივი წესრიგის, ზნეობისა და მორალის ჩანაწერს არ ითვალისწინებს. ფაქტ-მეტრმა ამ ქვეყნების აღნიშნული აქტების კომენტარები და შიდა სასამართლო პრაქტიკაც შეისწავლა. მათ მიხედვით კანონებში არსებული დათქმა, რომ შეზღუდვისათვის უნდა არსებობდეს კანონიერი და ლეგიტიმური მიზანი, გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს საჯარო უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და მორალის ნორმების დაცვას. შესაბამისად, ლეგიტიმური საჯარო მიზანი წესრიგისა და ზნეობის ნორმების გათვალისწინებით მოქმედებასაც მოიცავს.
რაც შეეხება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ჩანაწერს, კანონის ინიცირებულივარიანტი შემდეგი სახის დათქმას ადგენდა: „...გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში“. როგორც ვხედავთ, პირდაპირი ჩანაწერი საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის შესახებ თავდაპირველ ვარიანტში არ არსებობდა. კანონის ტექსტში მოგვიანებით ეს ტერმინი გარკვეული დათმობების შემდეგ გაჩნდა. შესაბამისად, თუ გავითვალისწინებთ ზემოთ განხილულ სახელმწიფოთა პრაქტიკასა და განმარტებებს აღნიშნულ ტერმინზე, გამოდის, რომ „საზოგადოებრივი წესრიგი და ზნეობა“ რომც არ ჩაწერილიყო დოკუმენტში, „ლეგიტიმური მიზანი“ მაინც დაფარავდა ამ მოტივით უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
დასკვნა 2014
წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“. კანონით პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია და იგი დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმებს ითვალისწინებს.
კანონის მე-2 მუხლში გათვალისწინებული იქნა პარლამენტის წევრთა შენიშვნა და ინიცირებულ ვარიანტს დაემატა ჩანაწერი „საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვა“. აღნიშნული ტერმინი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლშია განმარტებული. ანტიდისკრიმინაციული კანონის მე-2 მუხლი უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუ ეს განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით (საზოგადოებრივი მორალისა და ზნეობის ნორმათა დაცვა) და გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება. შესაბამისად, კანონის მიხედვით საზოგადოებრივი წესრიგი და ზნეობა ნამდვილად არის ის გარემოება, რომლებმაც შეიძლება გადაწონოს დისკრიმინაციის ფაქტი.
რაც შეეხება ევროსაბჭოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ღირსებისა და ზნეობის დაცვის მიზნით, შესაძლებელია დაცული უფლებით მოსარგებლე პირთა თავისუფლებაში ჩარევა, თუ ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. ასევე, სახელმწიფოებს უტოვებს „თავისუფალი შეფასების ფარგლებს“ იმის დასადგენად, აუცილებელია თუ არა ადამიანის კონკრეტული უფლების შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის ნორმებზე დაყრდნობით, თუმცა სასამართლო ასევე იტოვებს სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობას.გერმანიის, ჰოლანდიისა და ინგლისის ანტიდისკრიმინაციული აქტები უფლების შემზღუდავ ნორმებს ითვალისწინებს, თუმცა არა პირდაპირ „მორალისა და ზნეობის“ მსგავსი ჩანაწერით. მიუხედავად ამისა, თანასწორი მოპყრობის შესახებ დოკუმენტებით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზანი და ობიექტური საფუძველი თავის თავში ასევე გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობრივი ნორმების შესაბამისად მოქმედებასაც. ამის გათვალისწინებით, თუ საქართველოს კანონში პირდაპირ ეს ტერმინი არ ჩაიწერებოდა, ლეგიტიმური მიზანი შეზღუდვის ამ საფუძვლებს მაინც მოიცავდა.
ჩვენ ვასკვნით, რომ ეკა ბესელიას განცხადება: „საზოგადოებრივი წესრიგი და ზნეობა არის ის გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გადაწონოს დისკრიმინაციის ფაქტი შეფასებისას, რომ ქმედება ჩაითვალოს გამართლებულად ზნეობის ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან. ევროსასამართლოს რამდენიმე პრეცედენტული გადაწყვეტილებებია, მაგალითად „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, სადაც ევროსასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფოს აქვს შეხედულებების ფართო თავისუფლება, რომ შეაფასონ რამდენად აუცილებელია ესა თუ ის ქმედება მორალური სტანდარტების დასაცავად. ეს განმარტება სწორად აისახა მეორე მუხლის ფორმულირებაში“, არის ნახევრად სიმართლე.