არავითარი კონტრასიგნაცია მე არ მჭირდება, არავითარი დამატებითი უფლება მე არ მჭირდება. კონსტიტუციაში რაც წერია ჩვენ იმას ვაკეთებთ. არავითარი დამატებითი უფლებამოსილება არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი მე მოვაწერო".
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული თემა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის განხილვისა და დავის საგნად იქცა, ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, აღმასრულებელი ხელისუფლების რომელ წარმომადგენელს აქვს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება.
საერთაშორისო ურთიერთობებში აუცილებელია, რომ სახელმწიფო ერთი ხმით საუბრობდეს, სახელმწიფოს პოზიციის გახმოვანების უფლებამოსილება კი მის წარმომადგენელს აქვს. მსგავსი ჩანაწერი გვხვდება 1969 წლის ვენის კონვენციაში “საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის შესახებ”. კონვენციისმე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფოს თანხმობა მისთვის ხელშეკრულების სავალდებულობაზე სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ მისი ხელმოწერით გამოიხატება. ამავე კონვენციის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფოს წარმომადგენელი არის პირი, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოსგან მინიჭებული შესაბაბამისი უფლებამოსილება.
პირველ რიგში, შევეცადეთ გაგვერკვია, თუ ვის აქვს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს სახელმწიფოს წარმოდგენის უფლებამოსილება. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის არსებობა ხაზს უსვამს იმას, რომ სწორედ საქართველოს მთავრობა არის უპირატესი, “უმაღლესი” გადაწყვეტილების მიმღები როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
ერთი შეხედვით, კონსტიტუციაში საქართველოს მთავრობის, როგორც “უმაღლესი ორგანოსა” და პრეზიდენტის, როგორც “წარმომადგენლის” უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში ერთგვარად იკვეთება.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ კონსტიტუციის 73-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს მთავრობასთან შეთანხმებით დებს. ის რომ პრეზიდენტს ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად მთავრობასთან მოლაპარაკება სჭირდება, იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული მოვლენა მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას არ მიეკუთვნება. პრეზიდენტს შეუძლია წარმოადგინოს სახელმწიფო საერთაშორისო ასპარაზზე, მაგრამ მას ამისთვის მთავრობასთან მოლაპარაკება სჭირდება.
მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, ანალოგიური თანხმობა მთავრობას პრეზიდენტისგანაც სჭირდება თუ არა. “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უფლება აქვთ, საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ყველა სახის მოქმედება, უფლებამოსილების წარდგენის გარეშე განახორციელონ. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე პრეზიდენტს საქართველოს კანონით მინიჭებული წარმომადგენლობის უფლება გააჩნიათ. ეს კი იმას გულისხმობს, რომ თითოეულ მათგანს წარდგენის გარეშე შეუძლია იმოქმედოს საერთაშორისო ასპარეზზე. მსგავსი მოქმედება გულისხმობს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერასაც. შესაბამისად, ხელშეკრულების ხელმოწერის უფლება აქვს არამარტო პრეზიდენტს, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.
მიუხედავად ამისა, 2014 წლის 27 მაისს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ბრძანებულება, რომელსაც მისი საპარლამენტო მდივნის განცხადებით, იმისათვის რომ პრემიერზე ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემა კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად მომხდარიყო, პრემიერის კონტრასიგნაცია იყო საჭირო. დავით პატარაიამ განაცხადა:“იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ხელმოწერის უფლებამოსილება განხორციელდეს ისე, რომ არც დღეს და არც მომავალში არ დაისვას კითხვის ნიშნები ხელმოწერის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება გადასცა ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს“.
პრეზიდენტის მიერ აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნება “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” კანონის მე-13 მუხლს ეყრდნობოდა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი გასცემს უფლებამოსილებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, თუ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამ ყოველივეს პრეზიდენტი ახორციელებს ბრძანებულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. როგორც ვხედავთ, კანონში არის მითითება პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით მის კომპეტენციას მიეკუთვნება. თუმცა, კონსტიტუციის ტექსტში მსგავსი ექსკლუზიური უფლებამოსილების არსებობა არ ფიქსირდება.
შესაბამისად, “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის განმარტება შეიძლება თეორიული დავისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც იყოს. მთავრობასა და პრეზიდენტს შეუძლიათ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ მე-13 მუხლის პირველი ნაწილის ბათილად ცნობა (ექსკლუზიური უფლებამოსილებების არარსებობის გამო). იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ბათილად არ მიიჩნევს აღნიშნულ ჩანაწერს, მაშინ მას მოუწევს განმარტოს, რა მიეკუთვნება პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ბათილად ცნობს მე-13 მუხლის ამ წინადადებას, ის გაუქმდება და პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლებამოსილების არარსებობის გამო ამგვარი ბრძანებულების გამოცემის უფლება აღარ ექნება. თუმცა, ეს უკვე ცალკე განხილვის თემაა და ცხადია, ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხს სიღრმისეულად ვერ შეაფასებს.
მნიშვნელოვანია ასევე განვიხილოთ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადება.ამ განცხადების თანახმად, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში, ხელშეკრულება იურიდიულ ძალას პრემიერის კონტრასიგნაციის გარეშე ვერ შეიძენს.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 731მუხლის თანახმად, პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს. თუმცა, ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენენ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც პრემიერის კონტრასიგნაცია საჭირო არ არის. მე-3 ნაწილის თანახმად, კონტრასიგნაციას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც კონსტიტუციის შესაბამისად, გამოცემულია მთავრობის წარდგინებით ან რომლებზედაც მთავრობას წინასწარი თანხმობა აქვს მიცემული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერა მთავრობასთან შეთანხმებით ხდება. შესაბამისად, მსგავსი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია საჭირო არ არის და ხელშეკრულება ავტომატურად იძენს იურიდიულ ძალას.
მოგვიანებით, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბრაძნებულება გამოსცა, შალვა თადუმაძემ მეორე ვრცელი განცხადებაგაავრცელა. განცხადებაში იგი აღნიშნავდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე არ შეუძლია ასოცირების ხელშეკრულებისთვის ხელის მოწერა. განცხადების ამ ნაწილში, შალვა თადუმაძის სამართლებრივი მსჯელობა სიმართლეს შეესაბამება. კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, პრეზიდენტს ნამდვილად სჭირდება მთავრობის თანხმობა მსგავსი სამართლებრივი აქტის განსახორციელებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადების მეორე ნაწილი, სადაც იგი ამბობს, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება კანონდარღვევით არის შედგენილი. შალვა თადუმაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის წინადადებას საქართველოს მთავრობას საგარეო საქმეთა სამინისტრო წარმოუდგენს. შალვა თადუმაძის ამ განცხადების საფუძველს სავარაუდოდ “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” კანონის მე-9 მუხლი წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, წინადადებას საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე, საქართველოს მთავრობას საგარეო საქმეთა სამინისტრო წარუდგენს. შალვა თადუმაძე განცხადების ამ ნაწილში შეცდა, ვინაიდან პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულება არ წარმოადგენს წინადადებას (შეთავაზებას) ხელშეკრულების დადების თაობაზე. პრეზიდენტმა საკუთარი ბრძანებით განსაზღვრა დოკუმენტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი, რაც წინადადებისგან განსხვავებული პროცესია. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრძანებულებას არ სჭირდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგენა, აქედან გამომდინარე კი ბრძანებულების გამოცემის დროს არ დარღვეულა “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონი.
ამრიგად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება არ არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. ეს არის კომპეტენცია, რომელსაც იგი მთავრობასთან იზიარებს. აქ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რამდენად შეუძლია მთავრობას პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე განახორციელოს მსგავსი ქმედება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონსტიტუციის 78-ე მუხლის და “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობა არის საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი “უმაღლესი ორგანო”, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება წარდგენის გარეშე შეუძლია.
შედარებისთვის შეიძლება პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიერ 2009 წელს განხილული საქმე განვიხილოთ.აღნიშნული საქმე 2008 წლის 15-16 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ ევროსაბჭოს სამიტს ეხებოდა, სადაც ფინანსური კრიზისისა და ენერგო-უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა. 2008 წლის 9 ოქტომბერს პოლონეთის პრემიერმა რეზოლუცია გამოსცა, რომლის მიხედვითაც სამთავრობო დელეგაციის წევრები (პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი) განსაზღვრა. ოთხი დღის შემდეგ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრემიერის რეზოლუციის მიუხედავად, ის მაინც მიიღებდა სამიტში მონაწილეობას. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალს მიმართა და უფლებამოსილებების გამიჯვნა და კომპეტენციების ფორმირება ითხოვა. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება ევროსაბჭოს სესიაში მონაწილეობის შესახებ.
საქართველოში არსებული სიტუაციისთვის ტრიბუნალის მსჯელობა თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რელევანტურია. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილების თანახმად, პოლონეთის პრეზიდენტი, მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრი ვალდებულნი არიან თავიანთი კონსტიტუციური მოვალეობებისა და ძალაუფლების გამოყენებისას, საჯარო ორგანოებს შორის თანაშმრომლობის პრინციპს დაემორჩილონ. ტრიბუნალის გადაწყვეტილების თანახმად, იმისათვის, რომ პოლონეთის ქმედებები ევროპულ დონეზე ერთიანად შესრულდეს, თანამშრომლობა აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია არ განსაზღვრავს თანამშრომლობის წესსა და მანერას, თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელება პრეზიდენტის უფლებამოსილებას ეხება, მისი მონაწილეობა და ჩართვა აუცილებელია. პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰგავს საქართველოს შემთხვევას, რადგან ორივე შემთხვევაში სახეზეა საზიარო კომპეტენცია.
ფაქტ-მეტრი კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილს ესაუბრა, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი და საინტერესო კომენტარი გააკეთა: "ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებების განსაზღვრის დავაში, როგორც მთავრობა ისე პრეზიდენტი, თანამშრომლობის კონსტიტუციურ ვალდებულებას არ ასრულებენ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება კონსტიტუციის მიხედვით დანაწილებულია და პოლიტიკური ხელისუფლების ინსტიტუტებს, მთავრობასა და პრეზიდენტს საკუთარი უფლებამოსილებები გააჩნიათ. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ისინი ერთ, სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენენ, მისი სახელითა და მისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო „ერთი ხმით“ უნდა საუბრობდეს, სხვაგვარად, სულ მცირე, საერთაშორისო ურთიერთობებში უხერხულობა შეიქმნებოდა, ხოლო უარეს შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ურთიერთობების ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობას დაემუქრებოდა საფრთხე, მისი როგორც საერთაშორისო არენაზე სანდო და განჭვრეტადი პარტნიორის იმიჯის ეჭქვეშ დაყენებით.
სწორედ საერთაშორისო ურთიერთობების ამ სპეციფიკის გამო, კონსტიტუციური თეორია და სახელმწიფოთა კონსტიტუციური პრაქტიკა გამოარჩევს აღმასრულებელ ხელისუფლებას, როგორც საგარეო პოლიტიკის წარმმართველ წამყვან კონსტიტუციურ ინსტიტუტს. ამავე დროს, კონსტიტუცია აღმასრულებელ ხელისუფლებას არ აძლევს შეუზღუდავ დისკრეციას საგარეო პოლიტიკაში. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი საგარეო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უფლებამოსილებებს პოლიტიკური ხელისუფლების სხვა ინსტიტუტებსაც (პრეზიდენტი, პარლამენტი) ანიჭებს. თუმცა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციფიკა ხელისუფლების კოორდინირებად შტოებს თანამშრომლობის განსაკუთრებულ ვალდებულებას უწესებს იმისათვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს სუვერენული ინტერესები არ დაზიანდეს.
თანამშრომლობა არ არის ლამაზი პოლიტიკური ჟესტი. ეს არის იმპერატიული, ნაგულისხმევი კონსტიტუციური ვალდებულება. მოცემულ დავაში, ორივე მხრიდან ჩვენ ვაწყდებით უფლებამოსილების ცალმხრივ მოთხოვნას, ცალმხრივ მტკიცებას იმის შესახებ, რომ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებები არსებობს. საქართველოს კონსტიტუცია საგარეო პოლიტიკის წარმართვის, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ნაწილში, არ ითვალისწინებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს. კონსტიტუცია აწესებს მთავრობის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს წამყვან როლს საგარეო პოლიტიკის წარმართვისას, თუმცა ეს მთავრობას საგარეო პოლიტიკაში არც ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს, მით უფრო არც შეუზღუდავ დისკრეციას არ ანიჭებს.
ვიწრო გაგებით, პრემიერ-მინისტრის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მას აქვს ხელმოწერის უპირატესი უფლება სწორია, თუმცა კონსტიტუცია მთავრობას არ ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას ეს საკითხი ერთპიროვნულად, პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტოს. პრეზიდენტს აქვს სრული უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც შინაარსობრივად მისი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და კონსტიტუციის გარანტის უფლებამოსილებებს უკავშირდება. ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შინაარსობრივად პრეზიდენტის აღნიშნულ ძირითად უფლებამოსილებებს უკავშირდება, ითვალისწინებს რა საქართველოს გრძელვადიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას სახელმწიფოთა ისეთ სუპრანაციონალურ გაერთიანებაში, როგორიც ევროპის კავშირია. პრეზიდენტის მონაწილეობის უზრუნველყოფა არ მოითხოვს აუცილებლად პრეზიდენტის მიერ მთავრობის, ან მთავრობის მიერ პრეზიდენტის შესაბამისი აქტების კონტრასიგნაციას. მთავარია, გადაწყვეტილების მიღებაში პრეზიდენტის ეფექტური მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი".
აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” ასევე თანხმდებიან, რომ აღნიშნული უფლებამოსილება საზიაროა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეიძლება ითქვას, კონსტიტუციონალისტების უმრავლესობა თანხმდებიან, რომ ასოცირების ხელშეკრულების ლეგიტიმურობას საფრთხე არ შეექმნებოდა არც პრეზიდენტის და არც პრემიერ-მინისტრის ხელმოწერის შემთხვევაში.
დასკვნა
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლისა და “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უპირატესი უფლებამოსილება, აწარმოოს საგარეო პოლიტიკა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს “წარმომადგენელი” საერთაშორისო ასპარეზზე. მართალია, “საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ” კანონის მე-13 მუხლი პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებაზე მიუთითებს, თუმცა კონსტიტუციის ტექსტიდან არ ჩანს, რა ტიპის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით აქვს პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლებამოსილება. კანონისა და კონსტიტუციის ინტერპრეტაციიდან ნათელია, რომ ხელშეკრულებისთვის ხელმოწერა მიეკუთვნება საზიარო კომპეტენციას და მის ლეგიტიმურობას საფრთხე არ ექმნება არც პრეზიდენტის და არც პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში. პრემიერ-მინისტრს ნამდვილად აქვს უფლებამოსილება ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, თუმცა მას ასევე აქვს პრეზიდენტთან თანამშრომლობის ვალდებულებაც. გამომდინარე იქიდან, რომ ასოცირების ხელშეკრულება თავისი შინაარსით მიეკუთვნება პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის, ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტის ფუნქციას, პოლიტიკური პროცესებიდან მისი იზოლაცია დაუშვებელია.
ჩვენ ვასკვნით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება “არავითარი დამატებითი უფლებამოსილება არ მჭირდება. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი მე მოვაწერო”, არის ნახევრად სიმართლე.