წლის 4 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ,“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. კანონპროექტის ინიციატორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ონოფრიშვილი იყო. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტმა 29 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ახალი კანონის პირველ მოსმენაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ეს [კანონპროექტი] გულისხმობს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ანგარიში, ყველა ბიზნეს ორგანიზაციის ანგარიში, გაკონტროლდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ეს გულისხმობს, რომ მათ არ დასჭირდებათ არც სასამართლო გადაწყვეტილება და არც რაიმე შეთანხმება სხვა უწყებასთან იმისთვის, რომ გააკონტროლონ ვინ ვის რა თანხა გადაურიცხა. მათ არ სჭირდებათ სასამართლო გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ პირდაპირი წვდომა ქონდეთ კომერციულ საიდუმლოსთან“.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სანამ უშუალოდ მიღებულ კანონზე გადავალთ, მიმოვიხილოთ ის სამართლებრივი რეგულირება, რაც საქართველოში ახალი კანონის მიღებამდე მოქმედებდა.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ (27.11.2013მდგომარეობით) საქართველოს კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. კანონი არეგულირებს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოვლენასთან და აღკვეთის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
კანონი პრაქტიკაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშუალებით ხორციელდებოდა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი ორგანოა და სხვა უფლებებთან ერთად, უფლება აქვს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ტერორიზმის დაფინანსების ან სხვა დანაშაულებრივი საქმიანობის ფაქტების გამოვლენის მიზნით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები. მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია როგორც გარიგების (საბანკო ოპერაციის), ასევე საბანკო ანგარიშების, გარიგების დადების ან მისი მონაწილე პირების შესახებ (მუხ.10 4ა).
თავის მხრივ, კანონის მიხედვით, მონიტორინგს შემდეგი პირები ახორციელებენ (მუხ.3):
ა) კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები;
ა1)ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები;
ა2)კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი;
ბ) საბროკერო კომპანიები და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები;
გ) სადაზღვევო კომპანიები და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლები;
დ) ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი პირები;
ე) ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმსა და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური;
ზ) გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემი პირები;
თ) ნოტარიუსები;
თ1)საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
კ) პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეწევა საბუღალტრო ან/და აუდიტორულ საქმიანობას;
ლ) სალიზინგო კომპანიები;
ნ) ადვოკატები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისიურიდიული სტატუსი, საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ) და იგი საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი უწყებაა.
საქართველოს კანონით,სსიპ წარმოადგენს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე შექმნილ ორგანოს, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით, დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას (მუხ.2(1)).
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია, განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ორგანული კანონით.
პარლამენტში უკვე მიღებული კანონპროექტისმიხედვით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, რეორგანიზებული იქნება და ჩამოყალიბდება სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურად, რის შემდეგაც მასზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს მთავრობა განახორციელებს. ასევე, ფინანსური მონიტორინგის სამსახური საქართველოს მთავრობას გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს და მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებული იქნება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაცია და დამოუკიდებელ სამსახურად ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ამ სამსახურის მიერ კანონით განსაზღვრული ფუნქციების უფრო ეფექტურად განხორციელებასა და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას“.
აღსანიშნავია, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი კანონით არ არის განსაზღვრული, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შესაბამის ინფორმაციაზე წვდომისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება. სამსახურის დებულებისთანახმად, უწყება სასამართლოს მიმართავს მხოლოდ ქონების (საბანკო ანგარიშის) დაყადაღების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (მუხ.3 (1.თ)).
აღნიშნულ საკითზე 30 მაისს სიუჟეტი მაესტროს გადაცემა „ბიზნეს კონტაქტშიც“ გავიდა, სადაც საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა, აზიმ სადიკოვმა განაცხადა: „საერთაშორისო გამოცდილება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაქვემდებარების შესახებ სხვადასხვაა. ზოგიერთ ქვეყანაში ეროვნულ ბანკს ექვემდებარება, ზოგიერთში ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ვერ გავიგეთ ზუსტად ამ ცვლილების მოტივაცია, თუმცა მთავრობამ და პრემიერ მინისტრმა პერსონალურად დაგვარწმუნა, რომ სამსახურს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნდება, გაძლიერდება და კონფიდენციალური ინფორმაცია დაცული იქნება. მინდა გითხრათ, რომ ბიზნესი ამ მხრივ შეშფოთებულია. სამსახური ორ ძირითად პრინციპს უნდა ემსახურებოდეს - დამოუკიდებლობასა და კონფიდენციალურობას. ამ ეტაპზე მე არ მაქვს საფუძველი, რომ რომელიმე მათგანის განუხრელ დაცვაში ეჭვი შევიტანო“.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს მივმართეთ“, სადაც განგვიცხადეს: „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი არ ეთანხმება მთავრობის ინიციატივას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობა ეროვნული ბანკის შემადგენლობაში უზრუნველყოფილი იყო დამოუკიდებლობით, რომლის დამოუკიდებლობასაც ადასტურებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უნდა ველოდეთ საბანკო-საფინანსო სექტორისადმი ნდობის შემცირებას, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კონტროლისა და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის განხორციელების შიშით. ასევე, გაიზრდება ხელისუფლების მხრიდან ამ ბერკეტის გამოყენების რისკები“.
დასკვნა
პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონის მიხედვით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური საკუთარ იურიდიულ სტატუსს არ იცვლის და ის ისევ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის სტატუსს ინარჩუნებს, მაგრამ მასზე სახელმწიფო კონტროლს საქართველო მთავრობა განახორციელებს და მონიტორინგის სამსახური უშუალოდ მის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. სწორედ ამან გააჩინა კითხვები და გარკვეული შეშფოთება საბანაკო-საფინანსო და ბიზნეს სექტორში, მომავალში სამსახურის საქმიანობაში მთავრობის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით.
გიორგი ვაშაძე თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავდა, რომ ახალი რეგულაციის შემოღების შემდეგ, მონიტორინგის სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე განახორციელებს გარკვეულ საბანკო ინფორმაციაზე წვდომას. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადების ამ ნაწილის კონტექსტი არაზუსტია, რადგან ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ეს შესაძლებლობა ადრეც გააჩნდა და ამ მხრივ სიახლე არ შემოდის. სამსახურს როგორც ძველი, ისე ახალი რეგულაციებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია მოითხოვოს მონიტორინგის განმახორციელებელი პირისგან ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.
ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი ვაშაძის განცხადება: „ეს [კანონპროექტი] გულისხმობს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ანგარიში, ყველა ბიზნეს ორგანიზაციის ანგარიში, გაკონტროლდება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ეს გულისხმობს, რომ მათ არ დასჭირდებათ არც სასამართლო გადაწყვეტილება და არც რაიმე შეთანხმება სხვა უწყებასთან იმისთვის, რომ გააკონტროლონ ვინ ვის რა თანხა გადაურიცხა. მათ არ სჭირდებათ სასამართლო გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ პირდაპირი წვდომა ქონდეთ კომერციულ საიდუმლოსთან“, არის ნახევრად სიმართლე.